Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირველი და უკანასკნელი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში


სამშაბათს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპ დე ხოოპ სხეფერმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნე დაიწყო.

21 ოქტომბერს ეუთოს თავმჯდომარე სომხეთში ჩავიდა, საიდანაც იგი თბილისს, შემდეგ კი ბაქოს ესტუმრება. ეს ვიზიტი დიდ ინტერესს იწვევს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, სადაც ეუთოს ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ამპლუაში ეს იაპ დე ხოოპ სხეფერის უკანასკნელი ვიზიტია კავკასიაში. 2004 წლის 1 იანვრიდან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურად დაიკავებს ნატოს გენერალური მდივნის პოსტს.





კავკასიაში ენერგოპროექტების განხორციელების პარალელურად, სულ უფრო იზრდება დასავლეთის დაინტერესება რეგიონში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების ბედით. ორი კვირის წინ, სტეფანაკერტში სტუმრობისას, გარდამავალ პერიოდში დემოკრატიათა პროექტის თავმჯდომარემ, აშშ-ნატოს კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიუს ჯექსონმა განაცხადა, რომ, "სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნისა და მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარების გარეშე, სამხრეთ კავკასიის სრულფასოვან განვითარებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება."



მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის იაპ დე ხოოპ სხეფერის სომხეთში სტუმრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ. 21 ოქტომბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მთიანი ყარაბახის პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. რადიო "თავისუფლების" სომხური რედაქციის დირექტორის ჰარი ტამრაზიანის თქმით, ეუთოს შუამავლობა კონფლიქტში და მის მიერ შემუშავებული მოდელი მნიშვნელოვნად დაეხმარა მხარეებს გადაელახათ უწინდებური უნდობლობა, თუმცა კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგება, ალბათ, ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივის საქმეა.



[ჰარი ტამრაზიანის ხმა] "ეუთო ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურაა, რომელიც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობს, ე.წ. მინკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სახით. თავიდან ძნელი იყო მოლაპარაკების მაგიდასთან მოკონფლიქტე მხარეების ლიდერების მიყვანა, შემდეგ კი ქოჩარიანი და ალიევი, ალბათ, ერთი ოცჯერ მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა ამას პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია. თანაც, ბოლო ხანს მოლაპარაკებების პროცესი მთიანი ყარაბახის ირგვლივ რაღაცნაირად მძევლის როლში აღმოჩნდა სომხეთსა და აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების გამო. სავარაუდოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ეს პროცესი კვლავ დაიძვრება ადგილიდან."



სამშაბათს საღამოს ეუთოს თავმჯდომარე საქართველოში ჩავიდა, სადაც ოფიციალური შეხვედრები ოთხშაბათიდან დაიწყება. ოფიციალური ინფორმაციით, იაფ დე ხოოპ სხეფერი საქართველოში სტუმრობის დროს წამოსწევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ეუთოს როლი დემოკრატიის განვითარებასა და კანონიერების განმტკიცებაში, მასმედიასთან და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუმჯობესება, ორგანიზაციის როლი რეგიონალური კონფლიქტების გადაწყვეტაში. როგორც ცნობილია, საქართველოში ეუთო შუამავლის როლს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში ასრულებს, განსხვავებით აფხაზეთისგან, სადაც სამშვიდობო საქმიანობა გაეროს მანდატით ხორციელდება. ოფიციალური თბილისი ბოლო ხანს აღარ მალავს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების მოდელი გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე აფხაზური, სადაც პროცესი აშკარად ჩიხშია შესული. თუმცა საქართველოს ხელისუფლება მოვლენათა განვითარების გამო ვერავის დაემდურება, რადგან თავის დროზე ორივე მოდელს სწორედ საქართველოს დღევანდელმა ლიდერმა მოაწერა ხელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG