Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეები „უესტერნ იუნიონით" კვლავინდებურად ხშირად სარგებლობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სამუშაოდ უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ოჯახის წევრებისათვის არცთუ უმნიშვნელო თანხებს გზავნიან. საქართველოდან ემიგრირებული ადამიანები ტრანსფერების განხორციელებისას,

ტრადიციულად, უპირატესობას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს ანიჭებენ, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულად „უესტერნ იუნიონი" რჩება.

საქართველოში უცხოეთიდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი კვლავინდებურად „უესტერნ იუნიონზე" მოდის. საქართველოდან სხვადასხვა სახელმწიფოებში ემიგრირებული მოქალაქეები სხვა სისტემებსაც იყენებდნენ, თუმცა ყველაზე პოპულარულ ფორმად ისევ „უესტერნ იუნიონის" მეშვეობით ფულის გადმოგზავნა რჩება. ამასთან, ამ სისტემით ფულის მოძრაობის გაკონტროლების მექანიზმი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა „მამაპაპური" მეთოდებით განხორციელებული ტრანსფერების აღრიცხვის ალბათობა.

2003 წლის რვა თვეში აღნიშნული სისტემის მეშვეობით უცხოეთის სახელმწიფოებიდან ჩვენი ქვეყნის კომერციულ ბანკებში 61 329 697 აშშ დოლარი ჩაირიცხა. ამ პერიოდში თანხები, ძირითადად, რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან იგზავნებოდა. ანუ ეს ის ქვეყნებია, სადაც, ძირითადად, საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები არიან კონცენტრირებული.

კერძოდ, საანალიზო პერიოდში საქართველოში ყველაზე დიდი თანხები გამოიგზავნა რუსეთიდან და 16 206 073 აშშ დოლარი შეადგინა, აშშ-დან გამოიგზავნა 15 794 802 დოლარი, საბერძნეთიდან - 3 641 273, გერმანიიდან - 3 444 519, საფრანგეთიდან - 2 080 455, თურქეთიდან -1მილიონ 700 ათასი, დიდი ბრიტანეთიდან - 1 474 321, ხოლო უკრაინიდან შემოვიდა 1 145 392 დოლარი.

გაცილებით მოკრძალებულია საქართველოდან „უესტერნ იუნიონით" სხვა სახელმწიფოებში განხორციელებული ტრანსფერები. ამგვარ ოპერაციებს საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად, სასწავლებლად უცხოეთში წასული ოჯახის წევრებისათვის ახორციელებენ. საქართველოდან ტრანსფერების გაგზავნის გეოგრაფიაც, დაახლოებით, იდენტურია და იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ჩვენი თანამემამულეები შედარებით კომპაქტურად არიან თავმოყრილნი.

მიმდინარე წლის რვა თვეში ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთის სახელმწიფოებში „უესტერნ იუნიონის" მეშვეობით გაიგზავნა 10 358 501 აშშ დოლარი. თანხები, ძირითადად, იგზავნებოდა: რუსეთში - 2 87 4793 დოლარი, უკრაინაში - 1 149 856, გერმანიაში - 1 058 634, ასევე თურქეთში, შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, საფრანგეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში.

საანალიზო პერიოდში „უესტერნ იუნიონის" აქტიური ოპერატორი სულ ოთხი-ხუთი კომერციული ბანკი იყო. აღნიშნული სისტემით განხორციელებული გადარიცხვები არ იძლევა საქართველოში შემოსული და, პირიქით, ქვეყნიდან გადარიცხული თანხების თაობაზე სრულ წარმოდგენას, თუმცა საერთო ტენდენციისა და გადარიცხვების გეოგრაფიის განსაზღვრა მაინც შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG