Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინ თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდება განაახლეს


არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალმა მესვეურებმა თბილისელებს სასიამოვნო სიახლე აცნობეს: დასრულდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შესაბამისად, "თბილგაზის" მმართველი კომპანიის "ახალი მენეჯმენტის" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ დედაქალაქს ბუნებრვი აირი სრული დატვირთვით მიეწოდება და ამგვარი იდილია 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. უნდა ჰქონდეთ თუ არა თბილისელებს თბილი ზამთრისა და, შესაბამისად, "თბილგაზის" იმედი?


თითქმის ერთი თვეა, რაც "თბილგაზს", "ახალი მენეჯმენტის" სახით, ახალი კომპანია მართავს. სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელმა და "თბილგაზის" გენერალურმა დირექტორმა ნოდარ გოგიანიძემ განაცხადა ის, რის მოსმენასაც ბევრი თბილისელი თვეების განმავლობაში ელოდა.

[ნოდარ გოგიანიძის ხმა] "დღეს უკვე მთლიანად დაიტვირთა ქალაქი გაზით. აი, ის ბოლო უბნები, რომლებიც გამორთული იყო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოების გამო, დღეს უკვე საბოლოოდ ჩაირთო."

გოგიანიძე ირწმუნება, რომ გაზის გაშვებას ერთჯერადი და დროებით ხასიათი არ ექნება.

[ნოდარ გოგიანიძის ხმა] "შემიძლია განვაცხადო: ზამთარში თბილისს გაზი ექნება უწყვეტად."

თუმცა ამ დაპირების შესრულებას სერიოზულ საფრთხეს ტექნიკური დანაკარგების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი უქმნის. კონტროლის პალატის აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს გია დეისაძეს ხელთ ამგვარი მონაცემები უპყრია:

[გია დეისაძის ხმა] "შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისეთი ტემპით მიდის უკვე დანაკარგებთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს, ალბათ, უკვე 100 პროცენტი იქნება დანაკარგი და ბიუჯეტმა უნდა დაფაროს ეს ფული მთლიანად."(სტილი დაცულია)

"ახალი მენეჯმენტისა" და, შესაბამისად, "თბილგაზის" გამართულ მუშაობას გარკვეული სახის საფრთხეს კომპანია "იტერაც" უქმნის. საქმე ის არის, რომ თბილისის მერიამ და საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაზის მომწოდებელ ამ კომპანიასთან ურთიერთობა ისე გაწყვიტა, რომ დავალიანების გასტუმრებაზე არც კი უფიქრიათ. ამის გამო "იტერას" წარმომადგენელი თემურ გაჯიევი ჩემთან საუბარში აცხადებს:

[თემურ გაჯიევის ხმა] "ბიჭო, თუ არ გადაიხადეს საერთოდ, რა თქმა უნდა, იტერას სხვა გზა არ ექნება და შეიტანს სასამართლოში. ეს არის აგვისტოსა და სექტემბერში მოხმარებული გაზის საფასური -109 ათასი დოლარი. და, რა თქმა უნდა, მერია რა შუაშია? კონტრაქტი არის "თბილგაზთან" დადებული და, ყველა ვარიანტით, ამ თანხას "თბილგაზს" ვთხოვთ. "თბილგაზს" ვინ გადაუხდის: მერია, ბიუჯეტი, ცენტრალური თუ ვინ გადაუხდის, ეს ჩვენი კომპანიის საქმე ნაღდად არ არის." (სტილი დაცულია)

თბილისის საკრებულოს წევრის რომან გოცირიძის თქმით, ექნება თუ არა თბილისს ზამთარში გაზი, ეს საკითხი დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფო კანცელარიის ნებაზე.

[რომან გოცირიძის ხმა] "როდესაც "ახალი მენეჯმენტი" აცხადებს, გარანტირებულად მივაწვდით გაზსო, როგორც ჩანს, მათ აქვთ იმედი, რომ, განსხვავებით "თბილგაზისგან", კანცელარიაც დაეხმარება მათ. ვინაიდან ეს არის, აშკარად, კანცელარიის ხელდასმული ფირმა, რომელშიაც ძალიან დიდი ინტერესები დევს და, როგორც ჩანს, ეს ინტერესები გარკვეულ სტიმულს აძლევს კანცელარიას, რათა ბიუჯეტში სუბსიდირება გამოყოს."(სტილი დაცულია)

თავად "ახალი მენეჯმენტისა" და "თბილგაზის" მესვეურები ირწმუნებიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გადახდისუნარიან აბონენტებს აირის მიწოდება არ შეუწყდეთ. "თბილგაზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გია ქაჯაია ამ კატეგორიის აბონენტთა რიცხვის გასაზრდელად დიდაქტიკური სახის სამუშაოსაც ატარებს.

[გია ქაჯაიას ხმა] "თუ არ გადაიხდის მოსახლეობა ამ საფასურს და ავტომატურად გაზი გაითიშება, იმ ნავთში, იმ შეშაში ხომ უფრო მეტი თანხა წავა, არა?" (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG