Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაპატიმრებულია "ნაციონალური მოძრაობის" 70 წევრი", "სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე სულ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "დაპატიმრებულია "ნაციონალური მოძრაობის" 70 წევრი", "სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე სულ უფრო მატულობს", " ბათუმში ზის ფაშა და იქ არის ფაშიზმი" - ასე გამოეხმაურა

ქართული პრესა 23 ოქტომბერს ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგის დარბევის ფაქტს. 24 ოქტომბრის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, ბათუმში მოვლენები ბაქოს სცენარით განვითარდა. სხეულის დაზიანება მიიღო ათობით ადამიანმა, სასტიკად სცემეს ჟურნალისტებს, წაართვეს მათ კამერები და გაუნადგურეს ვიდეომასალა. ასევე ნაცემები არიან " ნაციონალთა" ლიდერები კობა დავითაშვილი და გივი თარგამაძე. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათი რაოდენობა უცნობია.
24 ოქტომბრის გაზეთი "24 საათი" მიუღებლად მიიჩნევს ვითარებას, როცა ყველა წინასწარ შეგუებულია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, აჭარაში ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ასლან აბაშიძეს სურს. გაზეთი წერს:

"ის, რაც გუშინ მოხდა, ერთ დღეს აუცილებლად მოხდებოდა. მომხდარი სწორედ იმის დასტურია, რომ იმ ოაზისს, რომელიც აბაშიძემ არალეგალური ბიზნესიდან მიღებული შემოსავლებით, ამ შემოსავლებით შექმნილი "სპეცნაზითა" და მოსახლეობისთვის წართმეული უფლებების ხარჯზე მოიწყო და რომელიც კორუმპირებული და სუსტი ხელისუფლების დანამატს წარმოადგენს, აჭარის პატარა დიქტატორი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.
ის, რაც გუშინ მოხდა, მართლაც, თვალში საცემი პრეცედენტია, რამაც შეარყია მითი აბაშიძეზე - იმ აბაშიძეზე, რომელიც დიდი ხანია თავს იწონებდა, რომ მის სამფლობელოში "მხედრიონმაც" კი ვერ გაბედა ცხვირის შეყოფა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ყინულმჭრელის ფუნქცია იტვირთა, მაგრამ უკვე არსებული რეალობის რადიკალურად შეცვლას მარტო ეს პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დემოკრატიული ღირებულების დაცვაზე დებენ თავს, დღეს ნეიტრალური კომენტარებით არ უნდა იფარგლებოდნენ, რადგან ქართული დემოკრატიის დაცვა არა მარტო თბილისიდან, არამედ აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც უნდა იწყებოდეს."



25 ოქტომბრის გაზეთ "ახალი თაობის" ცნობით, "აღორძინების" მხარდამჭერები ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ცემას არ დასჯერდნენ და 24 ოქტომბერს აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან დავით ბერძენიშვილის მანქანას თავს დაესხნენ. სასტიკად ნაცემია დავით ბერძენიშვილი. მასთან მყოფი ჟურნალისტები ცემას მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ. გაზეთ "ახალი თაობის" თქმით:



"დავით ბერძენიშვილის ავტომანქანა ჩოლოქის საგუშაგოს, დაახლოებით, 2-ის ნახევარზე მიუახლოვდა. როგორც კი მისი მანქანა გამოჩნდა, ორმოცამდე ადამიანი გამოვარდა და მანქანის მსხვრევა დაიწყო. სერიოზულად დაშავდა თავად დავით ბერძენიშვილი. თავდამსხმელებს ჟურნალისტების ცემის სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ მათ დროზე გამოასწრეს და თავს უშველეს, სასტიკად ნაცემი ბერძენიშვილი კი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს. აქტივისტები ცემას არ დასჯერდნენ და ბერძენიშვილს მოკვლითაც კი დაემუქრნენ."
" ის, რასაც ასლან აბაშიძე აკეთებს, არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება. რაც გუშინწინ ბათუმში და გუშინ ჩოლოქზე მოხდა, ერთ რამეზე მეტყველებს: ასლან აბაშიძემ ბათუმში ფაშისტური რეჟიმი დაამყარა," - განუცხადა "ახალ თობას" კობა დავითაშვილმა. მისივე აზრით, აჭარის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ცნოს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებმა."




და კვლავ საარჩევნო თემა: 24 ოქტომბრის "მთავარი გაზეთის" ვარაუდით, თუ 2 ნოემბრის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა, დიდი შანსია, იგი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანეგდოტური არჩევნების სახელით შევიდეს, რადგან, საყოველთაო აღიარების მიუხედავად, რომ საარჩევნო სიები პრაქტიკულად არ არსებობს, ყველა მონდომებით ვემზადებით არჩევნებისთვის. საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ წამყვან საკითხად რჩებოდა გასული კვირის ქართულ პრესაში. 21 ოქტომბრის გაზეთი "რეზონანსი" აქვეყნებს ინტერვიუს ნანა კაკაბაძესთან, თავმჯდომარესთან არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის". ის ამბობს:




" შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სიები არ ემთხვევა გამოქვეყნებულს. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ამბობს, რომ მათ მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია "აი-ფი-ეს" - ისთვის გადაცემული სიებია შეცვლილი. მაგალითად, 315 ათასი მიცვალებული, რომლებიც სიიდან უნდა ამოეღოთ, რატომღაც ცოცხლებში აღმოჩნდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გარკვევით ჰქონდა მითითებული, რომ ეს, მართლაც, გარდაცვლილთა სიები იყო და, ცოცხლების სიებთან შედარებით, მათი გამოცხრილვა უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა და მკვდარი სულები ცოცხალთა გვერდით აღმოჩნდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ვისაც არ უნდა გაეფუჭებინა სიები, ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება."



" ვინ რამდენ მანდატს მიიღებს მომავალ პარლამენტში?" - ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი მხოლოდ 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. 21 ოქტომბრის გაზეთი "ტრიბუნა" შეეცადა დაედგინა, რომელი პარტია რამდენი მანდატის მიღებას გეგმავს. გაზეთის ცნობით, ყველაზე ოპტიმისტურად ლეიბორისტები არიან განწყობილნი:



შალვა ნათელაშვილს, რომელიც წინა არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ნაცვლად, სტრასბურგში ატარეს, ამჯერად სხვა გეგმები აქვს. ის და მისი "კამანდა" მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს. რაც შეეხება სამთავრობო ბლოკს, მისი ლიდერები, პირობითად, ოპტიმისტებად და ისე რა ოპტიმისტებად შეიძლება დაიყონ. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი ფიქრობს, რომ ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" პარლამენტში 60-70 სუბუექტს შეიყვანს. არადა, კანცელარიიდან გამოსული ინფორმაციით, სახელისუფლებო ბლოკში 40-ზე მეტი მანდატის მიღების იმედი არ აქვთ.
ოპტიმისტები არც "აღრძინებას" აკლია. ცოტნე ბაკურია აცხადებს, რომ "აღორძინება" პარლამენტში საკმაოდ კარგი შედეგით შევა, თუმცა ამისთვის არსებობს აუცილებელი პირობა - არჩევნების სამართლიანად ჩატარება.
"მრეწველებს" 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაზე უფრო დიდი ამბიციები აღმოაჩნდათ. "ჩვენ არათუ გადავლახავთ 7% ბარიერს, არამედ პარლამენტში 40-45 კაცით შევალთ. ჩვენს პარტიას რამდენიმე ისეთი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, რომლებიც უპირობო გამარჯვებას მოიპოვებენ," - აცხადებს "მრეწველთა" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.
უმრავლესობით მოსვლის იმედი არც "ახალ მემარჯვენეებს" აქვთ, თუმცა არც უამისობას გამორიცხავენ. "უმრავლესობით თუ ვერ მოვალთ, მნიშვნელოვან წარმატებებს მაინც მივაღწევთ. თუკი არჩევნები არ გაყალბდება, მომავალ პარლამენტში ყველაზე დიდი შემადგენლობით სწორედ ჩვენი პარტია იქნება წარმოდგენილი," - აცხადებს "ახლების" ლიდერი დავით გამყრელიძე.
პირველ "ნაციონალისტს" მიხეილ სააკაშვილს ამბიციები საკმაოდ მოუთოკავი აღმოაჩნდა. მთელი პარლამენტი ჩვენი იქნება, - დახლოებით ასეთია სააკაშვილის და მისი გუნდის პათოსი. "ნაციონალები" პარლამენტში აუცილებლად უმრავლესობით მოსვლას გეგმავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადებიან.
გაცილებით მოკრძალებულები არიან "ბურჯანაძე-დემოკრატები",თუმცა არ მალავენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში საკმაოდ კარგი შედეგის იმედი აქვთ.
XS
SM
MD
LG