Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საარჩევნო სიები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება


დავით პაიჭაძე, თბილისი საარჩევნო სიების პრობლემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი აღმოაჩნდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა სიები. საქართველოს ამ რეგიონიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის სიები დღემდე არ გაუგზავნიათ.

აჭარელი ამომრჩევლები არ ფიგურირებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სიებში, ასე რომ, მათი რაოდენობის მიახლოებით დადგენაც კი შეუძლებელია. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ავტონომიური რესპუბლიკიდან თბილისში სიებს 28 ოქტომბერს გაგზავნიან. რა პრობლემებსა და ეჭვებს იწვევს აჭარის ამომრჩეველთა სიების დაგვიანება?

რაღაც ციფრები აჭარიდან მაინც მოდის: 26 ოქტომბერს აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, რომ 1999 წლიდან ამომრჩეველთა რიცხვი აჭარაში 80 ათასით გაიზარდა. ამ, რბილად რომ ვთქვათ, დაუჯერებელი მატების მიუხედავად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღავნელებსა და, მით უმეტეს, საარჩევნო მოხელეებს ამომრჩეველთა შესახებ არც ერთი სხვა კონკრეტული მონაცემი არ მიუწოდებიათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის. ამ ვითარებას ეხმაურებიან საქართველოს სამოქალაქო სექტორის ცნობილი წარმომადგენლები. სახელდობრ, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი კახა ლომაია აჭარელ ამომრჩეველთა ხსენებულ ვითომდაც ზრდას ასე აფასებს:

[კახა ლომაიას ხმა] "შეიძლება ითქვას, იქ საარჩევნო ოქმი უკვე დაწერილია და როგორც მოუნდებათ, ისე მოიქცევიან: უნდათ, გამოაგზავნიან სიებს, უნდათ - არა. მათთვის მნშვნელობა არა აქვს, 2 ნოემბრამდე გამოაგზავნიან სიებს თუ მის შემდეგ. ოქმი უკვე დაწერილია და, უბრალოდ, ელოდებიან 2 ნოემბერს. 2 ნოემბრამდე ოქმის გამოგზავნა, ალბათ, ეუხერხულებათ. არავითარი ილუზია არ უნდა გვქონდეს: ოქმი დაწერილია, ჩამოვა და ზედ იქნება გვარები არჩეული ხალხის."

აჭარიდან ამომრჩეველთა სიების დაგვიანებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკვე გამოეხმაურა კრიტიკულად, თუმცა კრიტიკის კონკრეტული ადრესატები არ დაუსახელებია. მესამე სექტორის წარმომადგენლები მოუწოდებენ ნანა დევდარიანს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ოფიციალურად მოსთხოვოს აჭარის ხელისუფლებას სიების მიწოდება. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოვალე იყო, რეაგირება მოეხდინა ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დარბევაზე.

[თინა ხიდაშელის ხმა] "არანაირ ლოგიკასა და კანონის მოთხოვნებს არ ექვემდებარება ის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღემდე არ მიუცია რეაქცია იმ ძალადობაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განიცადეს ბათუმში. ეს საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, რადგან კოდექსში წერია, რომ ყველა კანდიდატს აქვს თანაბარი უფლება, აწარმოოს კამპანია, იყოს დაცული და ისარგებლოს თანაბარი პირობებით. აჭარაში ეს დარღვეულია. ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონის ძალით ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება და, როგორც მინიმუმი, მოუწოდოს აჭარის ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სიების მიწოდების გაჭიანურებით ასევე ირღვევა საარჩევნო კანონმდებლობა და შეუძლებელი ხდება სიების შემოწმება. ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა სიები ისეთი დაგვიანებით ჩავა თბილისში (თუ საერთოდ ჩავა), რომ მათ შესაბამისობას ნამდვილ სურათთან ვეღარავინ მოახერხებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორი ლევან რამიშვილი მიიჩნევს, რომ აჭარაში განვითარებული მოვლენები იძლევა საფუძველს, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სასამართლო ინსტანციებს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით:

[რამიშვილის ხმა] "ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებაც უნდა გამოიტანოს. ჩვენ გამოვალთ ამის ინიციატორებად სულ მალე, როგორც კი ეს არჩევნები ჩაივლის."
XS
SM
MD
LG