Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ხალხის პროტესტსა და დესტაბილიზაციას ერთმანეთში ურევს


არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კვლავ დღის წესრიგში დგას კითხვები: ხომ არ განმეორდება ბაქოს მოვლენები საქართველოში და რა შემთხვევაში გამოვა ხალხი ქუჩებში? ამ კითხვებზე პასუხის

მისაღებად კომენტარი ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებს ვთხოვე.

უცნაურია, მაგრამ იმისგან, რაც ბაქოში საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, ჯერჯერობით ყველაზე მეტი ხეირი საქართველოს ხელისუფლებამ ნახა. სახელისუფლებო ბლოკი ბაქოს ტრაგიკული მოვლენების ხშირი შეხსენებით ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს: პირველი - აშინებს საზოგადოებას და მეორე - ცდილობს პასუხისმგებლობის ტვირთი ოპოზიციურ პარტიებს გადააბაროს.

თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მაია ნადირაძე, აცხადებს, რომ ხალხის ქუჩებში გამოსვლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, ერთმნიშვნელოვნად, ხელისუფლებას უნდა დაეკისროს, რადგანაც მასობრივ გამოსვლებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუკი ხელისუფლება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას შეეცდება.

[მაია ნადირაძის ხმა] "მოდით, ასე ვთქვათ: თუ 50 პროცენტით გაყალბდება არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ დეტონაციებს გამოიწვევს."

მაია ნადირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება შეგნებულად ახდენს ცნებების - დესტაბილიზაციისა და პროტესტის აღრევას.
[მაია ნადირაძის ხმა] "მე არ მესმის, რატომ დგება ასე საკითხი: თუ ხალხი პროტესტს გამოთქვამს, ეს იქნება ბაქოს მოვლენები. ხელისუფლებას ძალიან აწყობს ბაქოს მოვლენების მაგალითად მოყვანა ერთი მიზეზის გამო: ბაქოში ეს დაპირისპირება დამთავრდა ხელისუფლების სასარგებლოდ. მე ძალიან ვეჭვობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს დაპირისპირება დამთავრდეს ხელისუფლების სასარგებლოდ."(სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასევე სახელისუფლებო ბლოკის ლიდერთა გასაგონად აცხადებს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "კიდევ ერთი არეულობა, კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება, ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. ეს უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველას."

ცხადია, ასევე ყველას უნდა ესმოდეს არჩევნების დათქმულ ვადაში ჩატარების მნიშვნელობაც. თუმცა სახელისუფლებო ბლოკის ლიდერთა განცხადება, რომელიც არჩევნების ორი კვირით გადატანას გულისხმობს, საპირისპიროზე მეტყველებს. პარლამენტის თავმჯდომარე მათ გასაგონად აცხადებს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "არჩევნებს ორი კვირის მერე ჩაატარებენ, ერთი თვის შემდეგ თუ ორი თვის შემდეგ, მათ არჩევნები მაინც წაგებული ექნებათ, იმიტომ რომ, ცხადია, ეს ხელისუფლება, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვერაფერი უკეთესობისაკენ ვერ შეცვალა, ვერც ორ-სამ თვეში შეცვლის ვერაფერს."

დაბოლოს: ხელისუფლებამ და სახელისუფლებო ბლოკმა, საარჩევნო სიების გარდა, არჩევნების ჩატარების თარიღის ეჭვქვეშ დაყენებაც მოახერხეს, რაც მათ მიერვე პრიორიტეტად აღიარებულ ყბადაღებული სტაბილურობის შენარჩუნებას დიდად ნამდვილად ვერ წაადგება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG