Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადელი მოწაფეების მშობლები შიშობენ, რომ შემდეგ სამიზნეებად ტერორისტები სკოლებს გაიხდიან


ერაყის დედაქალაქში ძალადობის ახალი ტალღის აგორებამ ბაღდადელთა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა.

გამონაკლისს ამ მხრივ არც ბაღდადის სკოლები წარმოადგენს. ისინი თითქმის დაუცველია, რაც მშობლებსა და მასწავლებლებს, ცხადია, არაერთ საზრუნავსა თუ თავსატეხს უჩენს. მათ კარგად უწყიან, რომ სკოლები იოლ სამიზნედ შეიძლება იქცეს იმ ტერორისტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში არსებული ისედაც არცთუ სტაბილური ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობენ.

რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტი ვალენტინას მიტე ბაღდადის შაჰიდ ქამელ შიბიბის სახელობის დაწყებით სკოლას ესტუმრა და საკლასო ოთახის კარი სწორედ მაშინ შეაღო, როცა ბავშვებს მუსიკის გაკვეთილი ჰქონდათ.

[ხმა. მუსიკის გაკვეთილი ბაღდადის სკოლაში]

ამ ბავშვებს შეშფოთებისა არაფერი ეტყობათ, მაგრამ მათი მასწავლებლები, როგორც ვალენტინას მიტე იტყობინება, აშკარად აღელვებული ჩანან. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ ორშაბათს მოწყობილ ოთხ აფეთქებას 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმრავლესობას მშვიდობიანი ერაყელი მოქალაქეები შეადგენენ. დაღუპულთა შორის ორი მოსწავლეც იყო. აღელვება სკოლის დირექტორს თამარა ქათემ მუნემსაც ეტყობა:

[თამარა ქათემ მუნემის ხმა] "ჩვენს სკოლაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ აფეთქების გვეშინია. ცხოვრება სახიფათო გახდა და მე ვერაფერს ვაკეთებ. ჩემი თანამშრომლები და მოსწავლეები ძალიან შეშინებული არიან."

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ის და მისი თანამშრომლები დიდი სიხარულით შეხვდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას. სკოლის შენობა გაიწმინდა დიქტატორის პორტრეტებისგან, სახელმძღვანელოებიდან ამოღებულ იქნა ჰუსეინის რეჟიმის განმადიდებელი პასაჟები. მაგრამ ახლა სიხარული სერიოზულმა შეშფოთებამ შეცვალა: მუნემის თქმით, მისი სკოლის რამდენიმე მასწავლებელმა მიიღო მუქარის წერილები, რომელთა ანონიმი ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ თანამშრომლობა აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ცხადია, პერსონალი შიშობს, რომ მათი სკოლა დამხობილი რეჟიმის მხარდამჭერთა თავდასხმის ობიექტად იქცევა.

ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, რომ ბაღდადელი მშობლები თავიანთ შვილებს სკოლაში მარტო არ უშვებენ და გაკვეთილების შემდეგ მათ სკოლის შენობასთან ელოდებიან. მეტიც, ზოგიერთი მშობელი შვილს საერთოდ აღარ უშვებს სკოლაში, რის შედეგადაც არაერთი საკლასო ოთახი ცარიელია.

შაჰიდ ქამელ შიბიბის სახელობის სკოლაში, 6-დან 12 წლამდე ასაკის 400-მდე მოსწავლე ირიცხება, მაგრამ მათ სულ რამდენიმე უიარაღო მცველი იცავს. სკოლის დირექტორი თამარა ქათემ მუნემი სასოწარკვეთილია. მან არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს თავისი მოსწავლეებისა და თანამშრომლების უკეთ დასაცავად.

[თამარა ქათემ მუნემის ხმა] "მჭირდება იარაღი. მჭირდება ჯარისკაცები. მინდა, რომ ჩემს სკოლას ჯარისკაცები იცავდნენ. ჩვენ არა გვაქვს არც თოფები და არც არავითარი იარაღი."

განათლების სამინისტრო ვითარების შესაცვლელად ბევრს ვერაფერს აკეთებს. ის კი არა, თვით ამ უწყების შენობაც პრაქტიკულად დაუცველია. როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი იუწყება, მას არ გასჭირვებია, სამინისტროს მანქანით მიახლოებოდა და შენობის მახლობლად გაეჩერებინა იგი.

განათლების მინისტრს, ალაა ალდინ აბდ ალსიჰიბ ალ ალვანს მან ინტერვიუ ჩამოართვა და მისგანვე შეიტყო, რომ სამინისტროში კარგად იციან მუქარის წერილების ამბავი. ამავე დროს, მინისტრს არ დაუმალავს, რომ წარმოდგენაც არა აქვს, რამდენად სერიოზულია ეს მუქარები. ალ ალვანის თქმით, მისი უწყება ყოველ ღონეს ხმარობს სკოლების უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად, მაგრამ დასძენს, სამინისტრო მარტო ვერაფერს გახდებაო.

[ალაა ალდინ აბდ ალსიჰიბ ალ ალვანის ხმა] "ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა, თავად სკოლების პასუხისმგებლობაც არის. პასუხისმგებელია ადგილობრივი პოლიციაც და, საერთოდ, მთელი საზოგადოება. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. სამსახურში საგანგებოდ მივიღეთ მცველები. ცხადია, ყველა სკოლას მცველს ვერ მივუჩენთ, მაგრამ ვცდილობთ, ის სკოლები მაინც გამოვარჩიოთ, რომლებზე თავდასხმის ალბათობაც უფრო მაღალია."

როგორც ერაყის განათლების მინისტრმა საუბრის ბოლოს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს გაანდო, ახლა ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რათა სკოლების მცველები იარაღით აღჭურვონ.
XS
SM
MD
LG