Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ცვალებადი სურათი


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან ყველაზე მძაფრი დაპირისპირება ქუთაისის ოლქში გაიმართა, სადაც პარლამენტის სპიკერ ნინო ბურჯანაძის მთავარი

კონკურენტი სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი დოდო შელია გახლდათ. რადგან ქუთაისის 100 საარჩევნო უბანზე არჩევნები ყველაზე გვიან დასრულდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მდედრობითი სქესის ორ გავლენიან კანდიდატს შორის გამარჯვებულს ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რაც მათი მომხრეების აღშფოთებას იწვევს. თუმცა სიმწვავე არც სხვა ქალაქებში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებს აკლდა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მაჟორიტარულ უბანში არჩევნების განმეორებითი ტურის გამართვაც კი იგეგმება.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამეტში სულ 235 დეპუტატი მოიყრის თავს. მათგან 75 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, 150 კი -პარტიული სიით არჩეული. ამას ემატება 10 მაჟორიტარი დეპუტატი აფხაზეთიდან, რომლებსაც სეპარატისტულ აფხაზეთში იურისდიქციის აღდგენამდე უნარჩუნდებათ სადეპუტატო უფლებამოსილება.

შესაბამისად, 2 ნოემბერს ყველაზე დაძაბული ვითარება იმ მაჟორიტარულ საარჩევნო უბნებში შეიქმნა, სადაც ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს სახელისუფლებო ბლოკის ფავორიტები დაუპირისპირდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ნაციონალური მოძარობის" წარმომადგენლის დიმიტრი ქიტოშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით ათამდე მაჟორიტარულ საარჩევნო უბანში, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს:
[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] "შესაძლოა, მეორე ტური დასჭირდეს ვაკეს. ჯერჯერობით უცნობია საბურთალოს შედეგები, მაგრამ, წინასწარი მონაცემებით, იმარჯვებს გივი თარგამაძე. კრწანისში, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს. იქ სამი კანდიდატი ლიდერობდა და ბოლო ინფორმაცია არ ვიცით. მეორე ტური, უკვე ვიცით, რომ საჭირო გახდა სამტრედიაში, სადაც ზვიად ძიძიგური იყრის კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან."

მთელი დღის განმავლობაში ყურადღება ქუთაისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც პარლამენტის სპიკერი და " ბურჯანაძე- დემოკრატების " ლიდერი ნინო ბურჯანაძე საგრძნობლად უსწრებდა თავის უშუალო კონკურენტს დოდო შელიას. თუმცა დღის ბოლოს სხვაობამ ორ გავლენიან ქალბატონს შორის იკლო და, შესაბამისად, იმატა დაპირისპირებამ მათ მომხრეებს შორის. შუადღისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მხარდამჭერებმა დოდო შელიას შტაბთან დააკავეს მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც რამდენიმე გახსნილი საარჩევნო ყუთი და 1000-ზე მეტი გაყალბებული ბიულეტენი აღმოჩნდა. სახელისუფლები ბლოკის წარმომადგენლის შტაბში კი ეს საქციელი "ოპოზიციის მიერ დადგმულ სპექტაკლად" შეაფასეს. ხმაური იყო ორშაბათს გლდანი-ნაძალადევის გამგეობასთან, სადაც სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის გურამ შარაძის მომხრეები აპროტესტებდნენ, რომ სიებში არყოფნის გამო ხმა ვერ მისცეს თავიანთ რჩეულს. თავად შარაძე კი ამის გამო გლდანში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის მამუკა გოგიჩაძის განმარტებით, ამის შესახებ კომისიას საკუთარი დასკვნა ჯერ არ გამოუტანია.

[მამუკა გოგიჩაძის ხმა] "საერთოდ, კანონი ითვალისწინებს, რომ ბათილად გამოცხადდეს არჩევნები ოლქში, თუ 20 პროცენტი გაბათილდება. ასეთი ფაქტი, მე მგონი, მანდ მხოლოდ ერთ უბანში იყო."

მას შემდეგ, რაც, პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგებით, სახელისუფლებო ბლოკი ვერ აგროვებს იმდენ კანდიდატს, რომ უმრავლესობა დააკომპლექტოს მომავალ პარლამენტში, მაჟორიტარი დეპუტატის თითოეული მანდატი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არც ოპოზიციური სუბიექტები აპირებენ, რომლებიც, განმეორებითი ტურის დანიშვნის შემთხვევაში, შეეცდებიან გააკეთონ ის, რასაც ვერ მიაღწიეს არჩევნების წინ - გაერთიანდნენ ერთიანი კანდიდატის გასაყვანად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG