Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აჭარაში დაკავებული არჩევნების დამკვირვებლის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა


2 ნოემბერს აჭარაში ქობულეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესის დაკვირვებისას დაკავებული გიორგი მშვენიერაძე ახლაც გისოსებს მიღმა იმყოფება. მან არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა,

რის გამოც ჯერ კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცემის ობიექტი გახდა, შემდეგ კი წინასწარი დაკავების საკანში ამოაყოფინეს თავი. 5 ნოემბერს ქობულეთის სასამართლომ მშვენიერაძეს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, 11 ნოემბერს თბილისში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია გაიმართა.

გიორგი მშვენიერაძე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია და 2 ნოემბერს აჭარაში "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში ირიცხებოდა. მას დაკავებიდან მეორე დღესვე ბრალდებები წაუყენეს. გიორგი მშვენიერაძეს ბრალი ედება ხულიგნობაში, რომელიც იარაღის გამოყენებით იქნა ჩადენილი; არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლასა და ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევაში.

პირველი ბრალდება იმას ნიშნავს, რომ გიორგი მშვენიერაძემ ფიზიკური შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად, თავდაცვის მიზნით, ზურგჩანთა გამოიყენა. ამ შეხლა-შემოხლამ კი 90 პროცენტით მობილიზებულ ამომრჩეველს ხმის მიცემაში შეუშალა ხელი და, ბოლოს, დანაშაულად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ცემისას მშვენიერაძემ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წინააღმდეგობა გაუწია.

11 ნოემბერს თბილისში დედაქალაქის საკრებულოსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მივიდა და საპროტესტო აქცია გამართა, გიორგი მშვენიერაძის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის 25-მდე მონაწილე აჭარისა და ქვემოქართლის არჩევნების შედეგების გაუქმებასაც მოითხოვდა. მე ამ აქციის ლიდერს მზია ალავიძეს გავესაუბრე.

[მზია ალავიძის ხმა] "როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბათუმში და საერთოდ არც ახსენდება ეს გარემოება და ეს ფაქტორი და როდესაც, აი, ამ არჩევნების გამო ქვეყანაში ამხელა დესტაბილიზაცია არსებობს, ხომ, რაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა? ერთადერთი ჩვენ ისღა დაგვრჩენია, საერთაშორისო ინსტიტუტებს მივმართოთ. და მივმართეთ ამერიკის საელჩოს, დავუფიქსირეთ ჩვენი პროტესტი და ვითხოვთ მისგან თანადგომას."

შეერთებული შტატების საელჩომ აქციის მონაწილეებს მოთხოვნების წერილობითი ფორმით წარდგენა სთხოვა და ამის შემდეგ გიორგი მშვენიერაძის მხარდამჭერებმა რუსეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს.

ეს აქციები სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა "სამართლიანი არჩევნებისა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის, რომელსაც იმედი აქვს, რომ გიორგი მშვენიერაძის გათავისუფლებას სასამართლოში მისთვის წარდგენილი ბრალდებების გაქარწყლებით შეძლებს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ლიდერის თინათინ ხიდაშელის კომენტარი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "ჩვენ, პირადად, ძალიან წინააღმდეგნი ვართ ასეთი აქციების, იმიტომ რომ ამ ამბის ასე გახმაურება და ისტერიკის მოწყობა უფრო მეტად აღიზიანებს აჭარის ხელისუფლებას და ნამდვილად არანაირად არ გვინდა, იმიტომ რომ არა ვართ არაფერში გარანტირებული, არც ამ ბიჭის უსაფრთხოებაში იქ და არც არაფერში. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მშვიდად ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ არავინ ზედმეტად არ გავაღიზიანოთ და ამ ნიადაგზე არ მოხდეს კიდევ რაიმე კონფლიქტი და გართულება."

აღმოჩნდება თუ არა სასამართლო ხელისუფლება აჭარაში გაცილებით დემოკრატიული, ვიდრე ხელისუფლების სხვა განშტოებები და დასჭირდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს გიორგი მშვენიერაძის გასათავისუფლებლად პროტესტის ფორმებზე შეთანხმება, ეს უახლოეს მომავალში, სასამართლო პროცესის დანიშვნისთანავე, გაირკვევა.
XS
SM
MD
LG