Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ღირსების დასაცავად ქალებს ხოცავენ


გასულ თვეში ბრიტანეთში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ორ მკვლელობას,

რომელთა მსხვერპლი ქალები იყვნენ. ერთი მათგანი ახლო ნათესავმა მამაკაცებმა მოკლეს, მეორე - საკუთარმა მამამ. ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ბრიტანეთში უცხოეთიდან ჩასულ, მუსლიმანური რელიგიის მიმდევარ ადამიანებს, რომლებმაც ქალები "ოჯახის ღირსების აღსადგენად" მოკლეს. მაინც რა ჩაიდინეს ამ ქალებმა, რას ნიშნავს ასეთ შემთხვევაში "ოჯახის ღირსების დაცვა" და როგორ რეაგირებს ბრიტანეთის, ანუ დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება, რომლისთვისაც წარმოუდგენელი და მიუღებელია მკვლელობის "ტრადიციით" გამართლება? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტ კეტლინ ნოქსის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ.

ერაყელი ქურთი ქალი "სარგული" (მას პირობითად ასე ვუწოდებთ) ბოლო წლებში ბრიტანეთში ცხოვრობდა, ქმართან ერთად. და როცა ეს ურთიერთობა მისთვის აუტანელი გახდა, განქორწინება მოისურვა. თუ რა მოხდა შემდეგ, სარგულის მეგობარი ნასრინი გაიხსენებს: [ნასრინის ხმა] "იმის გამო, რომ მისი ქმარი ქურთისტანში გავლენიანი ოჯახის წევრი იყო, სარგულს არ შეეძლო გაყრის მოთხოვნა. მაგრამ მოხდა ისე, რომ სარგული ქურთისტანში დაბრუნდა თავისი ნათესავების სანახავად. ერთხელ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ სარგული გადარჩა და საავადმყოფოში ერთი თვე დაჰყო. იმ პერიოდში მისი ქმარი და ქმრის და-ძმა ქურთისტანი დაბრუნდნენ. შემდეგ კი სარგული მოკლეს. ეს სულეიმანიაში, ქუჩაში მოხდა. სარგული მანქანაში იჯდა ქმართან ერთად, როცა ესროლეს და მოკლეს".

დანამდვილებით არავინ იცის, რატომ მოკლეს სარგული, მაგრამ მისი მეგობრები და ნათესავები ირწმუნებიან, რომ ის "ოჯახის ღირსების დამცველთა" მსხვერპლი გახდა - სარგულის "დანაშაული" ის იყო, რომ ქმართან გაყრა მოითხოვა. ამით მან მამაკაცი და მისი ოჯახი შეურაცხყო, რითაც სიკვდილი დაიმსახურა...

მსმენელს, ალბათ უკვე შეექმნა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მკვლელობა "ოჯახის პატივის აღსადგენად". ასეთი მკვლელობები რომ ევროპის ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის ტერიტორიაზეც ხდება, ზემოთ უკვე ითქვა: გასული თვის მიწურულს ინგლისში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ორ აზიელ მამაკაცს, რომლებიც დამნაშავედ სცნო ნათესავი ქალის, საჯდა ბიბის მკვლელობაში - საჯდა ბიბი მისსავე ქორწილის დღეს მოკლეს იმისი გამო, რომ ნათესაობას სიძე გულზე არ ეხატებოდა. ასევე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს აბდულა იონესს, ერაყელ ქურთს. მან საკუთარი ქალიშვილი, 16ი წლის ჰეშუ მოკლა იმის გამო, რაც საზარელ დანაშაულად მიიჩნია: შვილის "უესტერნიზაცია", მისი ქრისტიან მამაკაცთან ურთიერთობა... [აიეშა ჯილის ხმა] "ქალს კლავენ, თუ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ის აღარ იცავს ჯგუფის მიერ ნაკარნახევ ნორმებს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ქალს საყვარელი ჰყავს, ან ქალის სურვილი, ქმარს გაეყაროს, ან ცხოვრების ისეთი წესის არჩევა, რომელსაც ნათესავი მამაკაცები ნორმიდან გადახრად მიიჩნევენ. მაგრამ ამ ძალადობასა და მასზე დუმილში ბრალი ქალებსაც მიუძღვით", განმარტავს ესექსის უნივერსიტეტის თანამშრომელი, სოციოლოგი აიეშა ჯილი, რომელსაც ოჯახში ძალადობის არაერთ აზიელ მსხვერპლთან უმუშავია და იცის, რომ ბრიტანეთში დანაშაულები "ოჯახის ღირსების დასაცავად" უმეტესწილად მაშინ ხდება, თუ ქალმა თვითონ, ნათესავების დაუკითხავად შეარჩია მეგობარი მამაკაცი.

ასეთი დაუნდობლობის მსხვერპლი მსოფლიოში წლიურად 5 ათასამდე ქალია - მათი უმეტესობა იორდანიაში, ერაყში, ინდოეთში, პაკისტანში. რაც შეეხება ბრიტანეთს, იქ შარშან ათამდე ქალი დახოცეს ოჯახის ღირსებაზე მზრუნველმა ფანტიკოსებმა.

ასეთი მკვლელობები არც თუ იშვიათად ირეკლავს თაობათა შორის კონფლიქტს: კონფლიქტს ევროპაში დასახლებულთა პირველ თაობასა და მათ შვილებს შორის. ახალი თაობა ახალ გარემოში, ევროპული ფასეულობების ზეგავლენით იზრდება და ხშირად უარს ამბობს, დაემორჩილოს მშობლების ტრადიციებს, რომლებიც მისთვის სრულიად გაუგებარ და მიუღებელ მოთხოვნებს მოიცავს - თუნდაც დაქორწინებას მშობლების მიერ შერჩეულ ადამიანზე.

რაც შეეხება ისევ "ღირსების დამცველებს" - მათ დანაშაულებზე ბრიტანეთში ამიერიდან პოლიციის საგანგებო შენაერთი იმუშავებს და თან შეეცდება, დროულად აღმოაჩინოს საოჯახო კონფლიქტები, რომელთაც შესაძლოა ქალისათვის საბედისწერო შედეგი მოჰყვეს. [პოლიციის პრეს-მდივნის ხმა] "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთი კონფლიქტის ნიშნების დროულად ამოცნობას, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალი მკვლელობებიო" ამბობს ლონდონის პოლიციის პრეს-მდივანი.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მიესალმებიან პოლიციის გააქტიურებას, მაგრამ იმავდროულად შიშობენ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს მუსლიმანებისადმი ისედაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ბრიტანეთსა და, ზოგადად, დასავლეთში. არადა, ისლამი კრძალავს ღირსების დასაცავად ადამიანის მოკვლასო, ირწმუნებიან ქურთ ქალთა ორგანიზაციის წევრები, მათ შორის მონტირე მოფტიზადე [მონტირე მოფტიზადეს ხმა] "ისე არ არის, როგორც სამწუხაროდ აქ, ბრიტანეთის მასმედიაში წარმოსახეს: თითქოს ჰეშუ, გოგონა, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა, ვიღაც შეზღუდული მუსლიმანების მსხვერპლი იყოს. მკვლელობა "ღირსების დასაცავად" ეფუძნება პატრიარქალურ სისტემასა და პატრიარქალურ შეხედულებებს, როცა ქალებს საკუთრებად მიიჩნევენ, როცა ქალები იზღუდებიან საზოგადოების წესებითა და ტრადიციებით და თუ მათ დაარღვევენ, დაისჯებიან კიდეც".

ეს რომ არა მარტო მუსლიმანურ საზოგადოებას ეხება, სავსებით ცხადია: ვისაც დიდებული კინოფილმები, "ბერძენი ზორბა" ან "ნატვრის ხე" უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ქალის ჩაქოლვის სცენები და ცხადია არც ის, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ქრისტიანთა სათვისტომოს ხელით ჩადენილ დანაშაულთან, ორივე შემთხვევაში მკვლელობასთან "ღირსების აღსადგენად".

ასეთი რამ თავის დროზე ევროპაშიც ხდებოდა...
XS
SM
MD
LG