Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აჭარის ლომის" მორიგი საშიში ნახტომი


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეს ერთხელაც არ შეხვედრია თბილისში, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან სასაუბროდ სიამოვნებით ტოვებს აჭარის ტერიტორიას.

11 ნოემბერს, სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, "აჭარის ლომმა" აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და ბაქოში, დახურულ კარებს მიღმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ასლან აბაშიძის მოულოდნელმა გამოჩენამ სომხეთისა და აზერბაიჯანის დედაქალაქებში საგონებელში ჩააგდო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და კიდევ უფრო გააღიზიანა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებსაც ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ასლან აბაშიძის ხელით, საშიში გეოპოლიტიკური თამაში წამოიწყო.


აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც მამაშვილური ურთიერთობები უმაღლეს სახელმწიფოებრივ რანგშია აყვანილი, ასლან აბაშიძე შვილთან, გიორგი აბაშიძესთან, ერთად ჩავიდა. მანამდე აჭარის ლიდერი სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს შეხვდა. ერევანში სტუმრობა ასლან აბაშიძის ერთგვარი პრეზენტაცია გახლდათ - სომხური პრესა მას მოიხსენებდა როგორც სუვერენული აჭარის პრეზიდენტს. აზერბაიჯანის პრესა კი ასლან აბაშიძეს, უბრალოდ, აჭარის პრეზიდენტს უწოდებს. როგორც ჩვენთან საუბარში რადიო "თავისუფლების" ბაქოელმა თანაშრომელმა როვშან გამბაროვმა განაცხადა, აზერბაიჯანში ასლან აბაშიძის ვიზიტის ნამდვილ მიზეზად ილჰამ ალიევისთვის პრეზიდენტობის მილოცვა სახელდება. თუმცა ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდის მიმდევარი ასლან აბაშიძე იქ გარკვეული გამოცდილების შესაძენადაც ჩასულიყოს.

[როვშან გამბაროვის ხმა] "მას ,ასლან აბაშიძეს, აეროპორტში ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებათა ორი თუ სამი წარმომადგენელი შეხვდა. გაკეთდა ძალიან მოკლე განცხადება. საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ პროცესები რეგულირებადია. თუმცა ამ ვიზიტს ბაქოში განსხვავებულად აფასებენ. ჩვენთან, აზერბაიჯანში, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა არჩევნები, რის შემდეგაც ოპოზიცია ჩაახშვეს ძალისმიერი მეთოდებით. და აი, თითქოს ასლან აბაშიძეს სურს პრაქტიკის მიღება. ასეთი მოსაზრებაც გაისმის."

ასლან აბაშიძის ჯერ სომხეთში, ხოლო შემდგომ აზერბაიჯანში ჩასვლამ, მთავრობის სახლის წინ მდგარი მომიტინგეების ორგანიზატორთა აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტის გადადგომისა და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები მიიჩნევენ, რომ ასლან აბაშიძე სომხეთში და აზერბაიჯანში ჩავიდა ერთი მიზნით, რათა ამ ქვეყნების ლიდერებმა ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობის გამოსვლებს საქართველოში შევარდნაძე-აბაშიძის ხელისუფლების მხარდასაჭერად. "გაერთიანებული დემოკრატების" გენერალური მდივანი გოკა გაბაშვილი კი დარწმუნებულია, რომ შევარდნაძემ საბოლოოდ შეაჩერა არჩევანი ასლან აბაშიძეზე და მას მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა ყველა მიმართულებით.
[გოკა გაბაშვილის ხმა] "ამის უკან დგას, მე ვფიქრობ, შანტაჟი შევარდნაძის მხრიდან, რომელიც, ორი დღის განმავლობაში ღიად და დემონსტრაციულად გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება გადაბარდება ასლან აბაშიძეს. ანუ გვიჩვენებს უარეს ვარიანტს, იმის იმედით, რომ ჩვენ, ვთქვათ, რაღაცას დავთმობთ. ჩვენთვის ეს უკვე განუყოფელი ხელისუფლებაა - შევარდნაძის და აბაშიძის ხელისუფლება. და ეს ხალხი გამოსულია ორივეს წინააღმდეგ. ანუ არც პროტესტი გაიყოფა და არც მოპროტესტეები გავიყოფით."

ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს კანცელარია. პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ ასლან აბაშიძის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში დიდი ხნის წინ დაიგეგმა და თითიდან გამოწოვილი უწოდა ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს, თითქოს ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირებას აპირებდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა აჭარის ლიდერი მეზობელ სახელმწიფოში, ამის თაობაზე არც სახელმწიფო კანცელარია და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარებს არ აკეთებს. მათ ჯერ კიდევ არ იციან, თუ რა შეფასებას მისცემს ედუარდ შევარდნაძე "აჭარის ლომის" მაქოსებურ დიპლომატიას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG