Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიკალური ოპოზიცია, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებს. საქართველოს კონსტიტუცია ხელმოწერების ძალით პრეზიდენტის გადადგომას არ ითვალისწინებს


"ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებით, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში აქტივისტები პრეზიდენტის გადადგომის მსურველ მოქალაქეთა ხელმოწერებს აგროვებენ.

უკვე შეგროვილია 200 000 ხელმოწერაზე მეტი. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნას მილიონზე მეტი ხელმომწერი შეუერთდება. თუმცა ხელმომწერთა რიცხობრივი ოდენობა მაინც მეორეხარისხოვანი საკითხია - საქმე ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტის გადაყენების მექანიზმებში ქვეყნის მოსახლეობის ინიციატივებს პრაქტიკულად გამორიცხავს.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვების კამპანია პოლიტიკური აქციაა და მას სამართლებრივი აზრი არა აქვს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეიძლება მოხდეს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის, გარდაცვალებისა და იმპიჩმენტის შემთხვევაში. ხელმოწერების შეგროვება, თავის მხრივ, მორალური ზეწოლის ისეთ ფორმად შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც პრეზიდენტს ნებაყოფლობითი გადადგომისაკენ უბიძგებს. საქართველოს უახლეს ისტორიაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების პრეცედენტი პოლიტიკურმა გაერთიანება "მძლეველმა" შექმნა. ხელმოწერათა რიცხვი მაშინაც აღემატებოდა მილიონს, მაგრამ ამის გამო ედუარდ შევარდნაძეს სინდისის ქენჯნა არ უგრძვნია. რასაკვირველია, პოლიტიკური ფონი დღეს, მაშინდელთან შედარებით, გაცილებით დაძაბულია, მაგრამ ამ მიმართულებით სენსაციური ნაბიჯი პრეზიდენტისგან არც ახლაა მოსალოდნელი. სხვა საკითხია ის, რომ კანონსა და კონსტიტუციაში ნაკლებად გარკვეული მოსახლეობა საკუთარ ხელმოწერაში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების იურიდიულ ბერკეტს ხედავს.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ამ აქციის ორგანიზატორების მიერ თუ არ ითქვა ის, რომ ეს არ არის სამართლებრივი საფუძველი, ამას არანაირი ვალდებულება არ მოჰყვება, არამედ ეს არის მხოლოდ მორალური ზემოქმედების საშუალება, მაშინ ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ხალხის მოტყუება, მაგრამ თუ ეს ითქვა, მაშინ ეს მოტყუება აღარ იქნება."

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ ხმალაძის შენიშვნას არ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლოდერი კობა დავითაშვილი:

[კობა დავითაშვილის ხმა] "ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური პროცედურა, რათა ვაჩვენოთ პრეზიდენტს, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს საქართველოში მის გადადგომას."

[ნ.მ. შეკითხვა] ხომ არ ჰგონიათ აქციის მხარდამჭერებს, რომ ამ თავიანთი ხელმოწერით გადააყენებენ პრეზიდენტს?

[კობა დავითაშვილის ხმა] "საქმე ისაა, რომ ჰგონიათ, მაგრამ ჰგონიათ არა იურიდიული პროცედურიდან, არამედ მოსახლეობის ოდენობიდან გამომდინარე."

სხვათა შორის, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნინო ბურჯანაძეს, ამ მოთხოვნაზე ხელი არ მოუწერია. მიზეზი ცოტა უცნაურად ჟღერს: პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელმოწერების თაბახი ჯერ არ მიუტანიათ. თუმცა არის სხვა მიზეზიც: იგი, პერსონალურად, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ჯერ არ აყენებს.
XS
SM
MD
LG