Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის გეგმა ქართველების გასაერთიანებლად


"თუ საქართველოში საპროტესტო მღელვარება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თუ ქართველები ერთმანეთზე აიღებენ ხელს, საქართველოში წარმოდგენილ უცხო ქვეყნის შტაბებზე დარტყმა მოულოდნელად,

მოულოდნელ დროს განხორციელდება."- ეს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის განცხადება გახლავთ. სავარაუდო დარტყმის ობიექტებად ის საქართველოში რუსეთის შტაბებს გულისხმობს, დარტყმის განმახორციელებლად კი - იმ 850 კაციან შეიარაღებულ რაზმს, რომელიც კოდორის ხეობაში მოქმედებს. მოკლედ, კვიციანი იმუქრება, რომ საჭირო შემთხვევაში რუსეთთან ომს დაიწყებს და დაპირისპირებულ ქართველებს ამ გზით გააერთიანებს. ქართველების გაერთიანების ასეთი გეგმა ფართო სამსჯავროზე მან სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოიტანა, რის შემდეგაც თბილისი დატოვა და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად მთას მიაშურა.

კოდორის ხეობისკენ მიმავალი გზა უკვე ჩაკეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაურობა დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია. სამგზავრო ვერტმფრენი კოდორის მიმართულებით ჯერ არ დაფრინავს. არის დაპირება, რომ ასეთი რეისი აღდგება, რისთვისაც სათანადო თანხა უკვე გამოყოფილია. სამშაბათს, თბილისში გაკეთებული სენსაციური განცხადების შემდეგ, ემზარ კვიციანმა, ალბათ, სხვა, ალტერნატიული, რეისით მოახერხა მშობლიური კუთხისკენ გეზის აღება. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ იმ მომენტში მთებს უახლოვდებოდა და მიდიოდა იქ, სადაც, მისივე სიტყვებით, სერიოზულად ემზადებიან ქართველების გაერთიანების გეგმის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო გახდება.

გეგმა ასეთია: თუ საპროტესტო მღელვარება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თუ ქართველები ერთმანეთს ესვრიან, კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული რაზმი არც ერთ მხარეს არ დადგება და საერთო მტერს დაუპირისპირდება. ემზარ კვიციანი დარწმუნებულია, რომ სერიოზული დესტაბილიზაციის შემთხვევაში კოდორის ხეობა აუცილებლად დაიკარგება. მაშინ იქაურები, მისი თქმით, კოდორისა და მთელი საქართველოსთვის თბილისში წამოიწყებენ ბრძოლას.

[ემზარ კვიციანის ხმა] "აქ რომ სამოქალაქო ომი დაიწყოს, ჩათვალეთ, რომ კოდორის ხეობა დაკარგულია, მერე კოდორისთვის არავის ეცლება. ჩაიკეტა უკვე გზები და არანაირი საშუალება არ იქნება, რომ შევინარჩუნოთ ხეობა; 10 წლის ნაწვალები ჩაგვეყრება წყალში და იქ კი არ ვიომებთ, აქ ჩამოვალთ. თბილისი სავსეა რუსებით, შტაბები აქვთ, მთელი ამბავი აქვთ."

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს გახლავთ პრეზიდენტის რწმუნებულის განცხადება. რწმუნებულს ის პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, არ შეუთანხმებია. ემზარ კვიციანმა იცის, რომ რუსეთთან ომით ქართველების გაერთიანების მისეულ გეგმას პრეზიდენტი არ მოიწონებს და არ დაეთანხმება, მაგრამ ფიქრობს, რომ ურემის გადაბრუნების შემთხვევაში ვის რა მოსწონს და რა არა, ამას ნაკლები მნიშვნელობა ექნება. "ასეთ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს იმ ძალას, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციას ყოველთვის გეგმავდა და ამჯერადაც დაგეგმა." - ასეთია ერთ-ერთი ოფიციალური პირის განმარტება.


[ემზარ კვიციანის ხმა] "ამას მოჰყვება ის, რომ ქართველები დადგებიან ერთად და ფარული ომი ღია ომად გადაიქცევა. რაღა ერთმანეთი ვწყვიტოთ სამარცხვინოდ, ვიღაცის დაფინანსებით. ეგრევე, უცბად, თბილისში დგას რუსეთის შტაბი. რატომ უნდა ვესროლო ქართველს, ვესვრი იმათ. ან მოგვშორდებიან ან ჩავიძიროთ. დაჩოქილ სიცოცხლეს ფეხზე დგომით სიკვდილი სჯობია!"

ძნელია ეს მუქარა სერიოზულად მიიღო, ემზარ კვიციანი კი რუსეთთან ომის დაწყებით ქართველების გაერთიანების გეგმაზე სერიოზულად საუბრობს. ამბობს, რომ რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორების უკან სწორედ რუსეთი დგას და რომ, ტყვიის გავარდნის შემთხვევაში, ის და მისი რაზმი გასცემს პასუხს რუსეთს.

ემზარ კვიციანის ასეთ განცხადებებს სხვა ოფიციალური პირები ჯერ არ გამოხმაურებიან. ქართველებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთთან ღია ომის პროვოცირების გეგმა, როგოც ჩანს, მათ სერიოზულად არ მიუღიათ. და მაინც, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, მათ შორის, პრეზიდენტის რწმუნებულის განცხადება, რომელიც აქ გაისმა, მოწმობს, რომ საქართველოში ვითარება, მართლაც, არანორმალურია.
XS
SM
MD
LG