Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოვა თუ არა თბილისში ასლან აბაშიძე


უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ვიზიტისას ასლან აბაშიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა. იმის გამო,

რომ უკვე მრავალი წელიწადია, აჭარის ლიდერს ჩოლოქსგამოღმა საქართველოში ფეხი არ დაუდგამს, საზოგადოებას უჩნდება ლოგიკური შეკითხვა: როგორ შეიძლება ასლან აბაშიძის არჩევა პარლამენტის თავმჯდომარედ, თუკი იგი თბილისში არ ჩამოდის?

რატომ არ ჩამოდის თბილისში ასლან აბაშიძე? ოფიციალური ვერსიით, მას შესაძლო ტერაქტის ეშინია. სინამდვილეში, თბილისის შიში ის მითია, რომელიც აბაშიძემ თავად გამოიგონა და იმდენჯერ გაიმეორა, სანამ ჩვენც არ დავიჯერეთ.

არის თუ არა შესაძლებელი, მშიშარა ადამიანი ისე იქცეოდეს, როგორც აჭარის ავტონომიის პირველი პირი იქცევა? შესაძლებელია თუ არა, მშიშარა კაცმა ომი გამოუცხადოს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს, პოლიტიკურ ელიტას, საზოგადოებას? გავიხსენოთ, რა ხარისხს მიაღწია აბაშიძის რადიკალიზმმა და როგორ ზვავივით იზრდებოდა იგი წლების განმავლობაში. განა მშიშარა კაცი გაბედავდა, ჩოლოქთან საზღვარი გაევლო და ამ საზღვრის მიღმა თვითნებურად ემართა პოლიტიკური სივრცე და ქვეყნის ნაწილი?

ასლან აბაშიძე სულაც არ არის მშიშარა, უფრო - პირიქით. შიშის შესახებ მითის მოგონება კი მას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით დასჭირდა. ეს მიზანი საყოველთაოდ არის ცნობილი: ურჩობა ქვეყნის ხელისუფლებისა და კონსტიტუციის მიმართ. აჭარის ლიდერს უნდა ეჩვენებინა, რომ იგი დამოუკიდებელია და მხოლოდ იმგვარად იქცევა, რაგვარადაც თავად მიაჩნია საჭიროდ: თუ უნდა, ჩამოვა დედაქალაქში, თუ არ უნდა, არ ჩამოვა; თუ უნდა, შეიტანს ბიუჯეტში გადასახადს, თუ არ უნდა, არ შეიტანს; თუ უნდა, გაათავისუფლებს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარს, თუ არ უნდა, არ გაათავისუფლებს. ასლან აბაშიძის ქცევის მთავარი მოტივი ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის და პირადად პრეზიდენტის მიმართ დაუმორჩილებლობაა, ხოლო თბილისის შიში მას ამ დაუმორჩილებლობის გასაფორმებლად, ერთგვარ სამკაულად სჭირდება. ფაქტობრივად, აჭარის ლიდერი ამბობს: არ ვემორჩილები თქვენს ბრძანებებს; გაფორმებით კი, საკუთარ პოლიტიკურ ნებას ამგვარად აფორმებს: არ ჩამოვდივარ, რადგან მეშინია, რომ მომკლავენ.

თუკი ედუარდ შევარდნაძე ასლან აბაშიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაჰპირდება და თუკი აჭარის ლიდერი ამ შეთავაზებას მოიწონებს, ცხადია, იგი თბილისში ჩამოვა. ჩამოვა ყოველგვარი შიშის გარეშე და, უფრო მეტიც, ჩამოვა, როგორც გამარჯვებული. სულ სხვა საკითხია, რამდენი უბედურება უნდა დატრიალდეს მანამდე, ვიდრე ამ გეგმის განხორციელების პირობები შეიქმნება.
XS
SM
MD
LG