Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშის ვიზიტი ბევრს საპროტესტოდ ბევრსაც მობილიზაციისთვის განაწყობს


ჯორჯ ბუშის ოთხდღიანი ვიზიტი ძვირად უჯდება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს. პოლიციელთა რაოდენობა ლონდონში გასამმაგებულია. მოსალოდნელია მასშტაბური საპროტესტო

აქციები. თუმცა, უმთავრეს საფრთხედ ბევრი მაინც ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხეს მიიჩნევს. ღელავენ ლონდონის პაბებისა და მაღაზიების მეპატრონეებიც იმის გამო, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებში ბევრი ხულიგანიც გამოერევა ხოლმე, რომელიც ვნებებს მაღაზიების ვიტრინების მსხვრევაში იკმაყოფილებას ხოლმე.

რომ არა ერაყის ომი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ასეთ შეშფოთებას არ გამოიწვევდა. მოელიან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი 60-დან 100 ათას კაცამდე იქნება. ლონდონის პოლიციის წარმომადგენელი ენდი ტროტერი ასე აღწერს დედაქალაქის სამართალდამცველთა მზადყოფნას:

[ტროტერის ხმა]
"ეს არის სახელმწიფო ვიზიტი და სრულიად ბუნებრივია, რომ ფართომასშტაბიანი უსაფრთხოების ოპერაცია ხორციელდება იმ ვითარების გათვალისწინებით, როგორშიც დღეს ლონდონია. ვიზიტისას იმორიგევებს 5000 პოლიციელი და ყველა სამართალდამცველს უარი ეთქვა ამ დღეებში შვებულებასა და დასვენებაზე იმისათვის, რომ პოლიციელთა საჭირო რაოდენობა შევინარჩუნოთ".

იმისათვის, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტისას ტერაქტის მოლოდინით შეშფოთებულები, განსაკუთრებით კი ამერიკული მხარე დაემშვიდებინა ლონდონის მერმა კენ ლივინგსტონმა ისტორიას მიმართა:

[ლივინგსტონის ხმა]
"უნდა აღვნიშნო, რომ საქმეს კარგად ვუძღვებით. ამ ქვეყანაში 190 წელიწადია პრემიერ-მინისტრი არ მოუკლავთ".

ასეთ ვითარებაში იწყება ჯორჯ ბუშის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, რომლისთვის მზადებისასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, როგორც თავად აღნიშნა, სმოკინგისა და ჰალსტუხების ჩაწყობამაც მოუწია. ჯორჯ და ლორა ბუშები დიდი ბრიტანეთის დედოფლის მიწვევით ბუკინგემის სასახლეში გაჩერდებიან. პრეზიდენტ ბუშის განწყობა ვიზიტის წინ კი ასეთი გახლდათ:

[ბუშის ხმა]
"მოუთმენლად ველი იქ სტუმრობას. უდიდესი პატივია მისი უდიდებულესობის მიერ ბუკინგემის სასახლეში მიპატიჟება. ცენტრალურ ამერიკაში, ტეხასში ცხოვრებისას ვერც კი წარმოვიდგენდი, არც კი ვიოცნებებდი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრებაზე".

შეერთებული შტატები-ბრიტანეთის ამ უმაღლესი დონის შეხვედრას, ბუნებრივია, გაცილებით სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ჯორჯ ბუშის რომანტიული განწყობაა. თუმცა, ამაზე საუბარი მოგვიანებით აჯობებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG