Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განდიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში


ოპოზიცია დღეს ისტორიულ პარალელებს მიმართავს. ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებამ, ხელისუფლების შეცვლის სურვილმა ძალადობის გარეშე, ნაციონალური მოძრაობისა და

ბურჯანაძე-დემოკრატების მომხრეებს დიდი ინდოელი საზოგადო მოღვაწის მაჰათმა განდის მოძღვრება გაახსენა. შესაძლებელია თუ არა განდიზმის დამკვიდრება დღევანდელ საქართველოში? ეს კითხვა კონფლიქტოლოგ ირაკლი კაკაბაძეს დავუსვი.

ძალადობაზე უარის თქმა, ხალხის ჩაბმა განმათავისუფლებელ ბრძოლაში ძალდაუტანებლობის მეთოდის მკაცრი დაცვით, "სატიაგრაჰა", ე.ი. შეუპოვრობა და სიმტკიცე ჭეშმარიტებაში, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა - ყველაფერი ეს განდიზმის თეორიის საფუძველია. ახალგაზრდული ორგანიზაცია "კმარა", რომელიც სერბული "ოტპორის" ქართულ ასლად მიაჩნიათ, ამტკიცებს, რომ მისი ტაქტიკა "განდიზმის" დამკვიდრებას გულისხმობს. თუმცა ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მაჰათმა განდის მოძღვრება არანაირად არ შეესაბამება ქართულ მენტალიტეტს, ქართულ ტემპერამენტს. კონფლიქტოლოგი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სწავლობდა განდის თეორიას, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: "განდის მეთოდები იმითაა უნივერსალური, რომ ყველა საზოგადოებას მიესადაგება... ტემპერამენტი ლოგინში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ არა მგონია, ინდოეთში, სადაც ბევრად უფრო ცხელა და სადაც კამასუტრა დაიწერა, ნაკლები ტემპერამენტის ხალხი ყოფილიყო, ვიდრე საქართველოში."

ირაკლი კაკაბაძის რწმენით, 14 ნოემბერს საქართველოში განვითარებული მოვლენები - კერძოდ, მრავალათასიანი მიტინგი თბილისში, პარლამენტის წინ - ადასტურებს, რომ ძალადობის გარეშე ბრძოლა საქართველოშიც შესაძლებელია.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: "თუ ჩვენ ამ გზას გავყვებით, ჩვენ გავიმარჯვებთ... ხალხმა წრე შეკრა კანცელარიის ირგვლივ, არანაირი ძალადობა არ იყო, არანაირი კონფლიქტი პოლიციასთან, ხალხმა გამოხატა თავისი ძალა."

მაჰათმა განდი ინგლისელ კოლონიზატორებს ებრძოდა. მართალია, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ეგრეთ წოდებული "რუსული ლობი" საკმაოდ ძლიერია, ხელისუფლების გაიგივება ინგლისელ კოლონიზატორებთან მაინც გარკვეულ ეჭვს იწვევს. ბუნებრივად იბადება კითხვა, ხელოვნური ხომ არაა ეს ანალოგია?

[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: "მე ამ აზრს არ ვეთანხმები. ინგლისი იყო მეტად განსწავლული იმპერია, რომელსაც ბევრად უფრო დახვეწილი მეთოდები ჰქონდა სოციალური კონტროლისა და ჩაგვრისა... განდის მუშტის არ ეშინოდა, ძალადობის არ ეშინოდა... მან ინგლისელები დაამარცხა, უფრო განსწავლული იმპერია, ვიდრე რუსული (რუსები ინგლისელებისგან ბევრ რამეს სწავლობდნენ), "დაყავი და იბატონე" ინგლისელებმაც მშვენივრად გამოიყენეს - ამ მეთოდის წინააღმდეგაც შეიძლებოდა ბრძოლა... მისი მეთოდი სიყვარული იყო."

დაუმორჩილებლობა - "სიყვარულს" ნიშნავს. მაგრამ "სიყვარულით" ხშირად თავს იმართლებენ კონფორმისტები და საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი ადამიანები. ეს ხალხიც ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების ქმედებას ქვეყანაში აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური დაპირისპირება და სამოქალაქო ომი.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა]:"ნამდვილი სიყვარული დამოკიდებულია პრინციპზე "მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანაო". კონფორმიზმი არის, როცა ჩვენ ვხვდებით ადამიანს, რომელიც არ გვიყვარს, პირში ვაქებთ და მერე გამოვდივართ და ჩვენს სამზარეულოებში ვლანძღავთ მას. ამ შემთხვევაში ნიშნავს სიმართლის ბოლომდე თქმას...ის, რაც გვაწუხებს, ეს ძალადობაა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვთქვათ მშვიდობიანი გზით. ყველა ადამიანში არის კარგი ნაწილიც და ცუდიც და ამ კარგი ნაწილის გაღვიძებისკენ უნდა მოვუწოდოთ ყველას.... სიმართლე უკომპრომისოა, ნახევრად სიმართლე არ არის საკმარისი. სიმართლე უნდა გამოჩნდეს ბოლომდე."

არათანამშრომლობის პრონციპი გულისხმობს ტიტულებსა და ჯილდოებზე უარის თქმას, მთავრობის დაწესებულებათა ბოიკოტს და ვნებათა დაოკებას. საქართველოში უკვე დაიწყო "ღირსების ორდენების" ჩაბარება და საბიუჯეტო ორგანიზაციების ბოიკოტი. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მთავარი - "ვნებათა დაოკება". ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა. და არამარტო ლოგინში...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG