Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები დაამტკიცა


პოლიციის სპეცდანიშნულებისა და შინაგანი ჯარის ნაწილებით გარშემორტყმულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათს 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნებისა და რეფერენდუმის

შემაჯამებელი საბოლოო ოქმები დაამტკიცა. კომისიის შედეგების მიხედვით, 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახა და მომავალ პარლამენტში საქმიანობის უფლება მოიპოვა 6-მა საარჩევნო სუბიექტმა. ასევე ცნობილია 70 მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობაც, მაგრამ ამ შედეგების გამოცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა არჩევნებით უკმაყოფილოთა რიცხვი. ისინი ამჯერად უკვე პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრებიან.

18 დღიანი ვნებათაღელვის შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა ხმების დათვლის პროცესი და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა იმ არჩევნების შედეგები, რომელსაც ამომრჩეველთა ნაწილი ყველაზე უსამართლოსა და სამარცხვინოს უწოდებს. თუმცა ასეთ მოსაზრებას არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი, რომელმაც რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ, საარჩევნო უბნებზე მომხდარი დარღვევების მიუხედავად, არჩევნებმა რეალურად ასახა პოლიტიკურ ძალთა განლაგება საქართველოში.

[ნანა დევდარიანის ხმა] "პირველი შემთხვევაა 1992 წლის პარლამენტის შემდეგ, როდესაც, 2-3 პარტიის მაგივრად, 6 შედის პარლამენტში და აქედან 4 აშკარად გამოხატული ოპოზიციური ძალაა. მე მახსოვს ის არჩევნები, როცა არც ოპოზიციურ კანდიდატებს და არც ოპოზიციურ პარტიებს მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდათ შესულიყვნენ პარლამენტში."

საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რეფერენდუმზე გამოტანილ შეკითხვას პარლამენტართა რაოდენობის 150 კაცამდე შემცირების შესახებ დადებითი ხმა მისცა მილიონნახევარმა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა. რაც შეეხება პროპორციული სიით ჩატარებულ არჩევნებს, კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში მოხვედრილ საარჩევნო სუბიექტთა სია ასე გამოიყურება:

[საარჩევნო კომისიის მდივნის ხმა] "ბლოკი "ახალი საქართველოსათვის" - 38 მანდატი, "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" - 33, "ლეიბორისტული პარტია" - 20 მანდატი, "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" -32 მანდატი, "ბურჯანაძე-დემოკრატები"- 15 მანდატი, "ახალი მემარჯვენეები" -12 მანდატი."

საარჩევნო კომისიის მდივნის გივი მიქანაძის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედეგების გამოცხადებას მოჰყვა კომისიაში "ნაციონალური მოძრაობისა"და "ბურჯანაძე-დემოკრატების" პარტიის წარმომადგენლების პროტესტი, რის ნიშნადაც მათ სხდომა მიატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. თუ ამ პარტიების დამოკიდებულება არჩევნებზე მომხდარი დარღვევებისა და ხმების გაყალბების გამო იმთავითვე ცნობილი იყო, მოულოდნელი აღმოჩნდა მეამბოხეთა ბანაკში "მრეწველებისა" და "ლეიბორისტების" გამოჩენა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პირველმა ვერ გადალახა 7 პროცენტიანი ბარიერი, მეორე კი უკმაყოფილოა იმით, რომ მას ხმები სხვების სასარგებლოდ დააკლეს. მაგრამ ხუთი წინააღმდეგი ხმა ვერაფერს გახდა სახელისუფლებო ბლოკის, აღორძინებისა და ახალი მემარჯვენეების 10 წევრის წინააღმდეგ და შემაჯამებელი ოქმის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ იქნა. ამას ოპერატიულად მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულება, რომლის თანახმად, საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.
მაგრამ ამით არ მთავრდება პოსტსაარჩევნო ვნებათაღელვა საქართველოში. ხუთშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ « ნაციონალური მოძრაობა » და «გაერთიანებული დემოკრატები » უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და, პრეზიდენტის გადაყენებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG