Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული ძალების ოპოზიციის მხარეზე გადასვლამ დააჩქარა პრეზიდენტის გადადგომა


საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვა სულ რაღაც ერთი დღის წინ კატეგორიულად გამორიცხავდა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ კრახს და დარწმუნებული იყო, რომ უკანასკნელი ბერკეტის

- არმიისა და პოლიციის სპეცდანიშნულები ნაწილების - ამოქმედებით, პრეზიდენტი შეძლებდა ხელიდან გაშვებული ინიციატივისა და დაკარგული სტრატეგიული ობიექტების დაბრუნებას. მაგრამ 23 ნოემბერს, უკვე შუადღისთვის, ცხადი გახდა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას მხოლოდ ერთადერთი გასამხედროებული სტრუქტურა - მისი პირადი უსაფრთხოების სამსახურიღა ემორჩილებოდა. თვალი მივადევნოთ, თუ როგორ კარგავდა ედუარდ შევარდნაძე თავისი ყველაზე ლოიალური სახელმწიფო ინსტიტუტის, არმიისა და პოლიციის, ნდობას.



გენერალ გია გულუას სახელობის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ასეული, კოჯრისა და საჩხერის ანტიტერორისტული ქვედანაყოფები, ბატალიონ "შავნაბადასა" და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის უმრავლესობა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სამხედრო ქვედანაყოფებისა, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებულებათა შესრულებაზე და ოპოზიციის მხარეზე გადავიდნენ, თუმცა ჯერ კიდევ კვირა დილით, საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ არმია მას და ედუარდ შევარდნაძეს ემორჩილება. მაგრამ თევზაძე იმასაც აღნიშნავდა, რომ არმიას არ მიუღია ბრძანება პარლამენტისა და კანცელარიის შენობების შტურმით აღების შესახებ.

[დავით თევზაძის ხმა] "არმია ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება მოქმედების განვითარებას და, ქაოსისა და რეალურად უმართავი სიტუაციის შემთხვევაში, შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ახლა, რომ არ იყოს ამაზე შეკითხვები, რომ არმია რაღაცას არ ემორჩილება და ასე შემდეგ, მინდა მოგახსენოთ: არმიას არანაირი ბრძანება ამ პერიოდის მანძილზე უმაღლესი მთავარსარდლისა იარაღის გამოყენებაზე არ მიუღია."(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც გაირკვა, ძალოვანი მინისტრების გარდა, პროცესებს თვალყურს ადევნებენ მათი ხელქვეითებიც, რომელთა საგრძნობი ნაწილი უკვე ღიად უჭერს მხარს ოპოზიციას. ყველაზე პირველად ხელისუფლების დაქვემდებარებიდან გამოვიდა და ოპოზიციის დასაცავად პარლამენტის ეზოში შეიკრიბა შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტარული, გენერალ გია გულუას სახელობის, ბატალიონი, რომლის პირადი შემადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას. ამ ბატალიონის სერჟანტმა მერაბ არაბულმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ ასეთი ნაბიჯისთვის ისინი შინაგანად ყოველთვის მზად იყვნენ. გია გულუას რაზმის 300-მდე უიარაღო მებრძოლი ამჯერად პარლამენტის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

[მერაბ არაბულის ხმა] "ჩვენ დიდი ხანია გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა. სამსახურის დროსა, როცა დაკავებული ვიყავით, სულ ამ ხალხის გვერდზე ვიყავით. როცა გაარჩევ შავს და თეთრს, გადაწყვეტილებას ღებულობ, რომ გვერდით დაუდგე შენს ხალხს." (სტილი დაცულია)


კვირა საღამოს ოპოზიციის მხარეზე გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს თავდაცვის სამინისტროს კოჯრის სპეცდანიშნულებისა და სახმელეთო ჯარების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც ჯერჯერობით ყაზარმებში რჩებიან. სახმელეთო ჯარებისა და კოჯრის სპეცდანიშნულების ყოფილმა სარდალმა, კაპიტანმა გიორგი ბლიაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაცვას ხელმძღვანელობს, რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ ასეთი დაპირისპირების დროს ხალხის მხარეზე გადასვლა და ხელისუფლების უკანონო ბრძანების შეუსრულებლობა სამხედროს ღირსებას მატებს.

[გიორგი ბლიაძის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილი მხედრული საქციელი და მოქალაქეობრივი ნაბიჯი... ყველამ დაინახა რეალური საფრთხე, რეალური საშიშროება და სამხედროები დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ - საკუთარი ხალხის გვერდით."

როგორ მოხდა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ასე კატასტროფულად კარგავს არმიის მხარდაჭერას, მათ შორის, იმ ელიტარული ქვედანაყოფების მხარდაჭერას, რომლებიც მის წინაშე ასეთ საზეიმო ფიცს დებდნენ და საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება მათთვის უზენაესი კანონი იქნებოდა? ამ შეკითხვით ჩვენ მივმართეთ არტილერიის ჯარების ყოფილ სარდალს, პოლკოვნიკ ჯუმბერ ანანიძეს, რომელიც, სხვა თანამებრძოლების მსგავსად, პირველ დღესვე დადგა ოპოზიციის მხარეზე.

[ჯუმბერ ანანიძის ხმა]" სანამ საქართველოში ცოდნა არ დაფასდება, სახელმწიფოში, ის სახელმწიფო ვერ იარსებებს. ეს აქსიომაა და ამას ჩვენ ვერ გავექცევით ვერსად. ეს სახელმწიფო კი მხოლოდ თავის კლანს ქმნის. ავიღოთ ნათესაობა - გინდ აქეთ იყოს და გინდ აჭარაში. იქით - გოგიტიძე, აბაშიძე, აქეთ - შევარდნაძე, ჯოხთაბერიძე და ასე შემდეგ. კაცს რომ აირჩევენ ხელისუფლებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი ემსახურებოდეს მას! ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს თავისი სკამები, თავისი თანამდებობები და ასე განაგრძონ კიდევ ათწლეულობით თავისმა შვილებმა და შვილიშვილებმა."(სტილი დაცულია)

ღირს აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 22 ნოემბერს სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ედუარდ შევარდნაძე მოახერხებდა კრიზისიდან გამოსვლას და ხელისუფლების დროებით მარცხს გამარჯვებად გადააქცევდა. აი, როგორ პასუხობდა ჩვენს შეკითხვას პრეზიდენტის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული წევრი ირაკლი ბათიაშვილი:

[ბათიაშვილის ხმა] "ეს არ იქნება ვატერლოო. ეს იქნება აუსტერლიცი."

მაგრამ ქართული აუსტერლიცი შევარდნაძემ ვერ გაიმეორა, თუმცა მისი გადადგომა არც ვატერლოოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან აწ უკვე პრეზიდენტყოფილის განცხადებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ქვეყანა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომისგან იხსნა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG