Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა "ვარდების რევოლუციას" ეკლიანი კონტრრევოლუცია?


სამკვირიანი ქართული ხავერდოვანი, "ვარდების რევოლუცია" პოლიტიკური ასპარეზიდან საქართველოს პრეზიდენტის წასვლით დასრულდა. ამიერიდან 75 წლის ექს-პრეზიდენტი აპირებს,

მთლიანად ლიტერატურულ საქმიანობას მიუძღვნას დარჩენილი წლები. თუმცა უცნობია, თუ რა ტაქტიკას აირჩევენ შევარდნაძის გავლენიანი პოლიტიკური მხარდამჭერები - წავლენ პოლიტიკური ასპარეზიდან თუ, როგორც ნებისმიერი რევოლუციის დროს ხდება ხოლმე, კონტრრევოლუციური ბრძოლის გზით შეეცდებიან დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ კონტრრევოლუციის შესაძლებლობა ჯერჯერობით ძალიან ჰიპოთეტურია, მაინც შევეცადე გამერკვია, თუ რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ქართულ ხავერდოვან რევოლუციას.


ტერმინი კონტრრევოლუცია ნოემბრის სამკვირიანი დაძაბულობის დროს პირველად ხავერდოვანი რევოლუციის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, მიხეილ სააკაშვილმა, ახსენა. 22 ნოემბრის ღამეს "ნაციონალური მოძრაობის"ლიდერი მომიტინგეებს ხელისუფლების მომხრეთა მხრიდან მოსალოდნელი კონტრრევოლუციის საშიშროების შესახებ აფრთხილებდა. თუმცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ გამარჯვებული ოპოზიციის წარმომადგენლები კონტრრევოლუციასა და პოლიტიკურ რევანშზე ნაკლებად ლაპარაკობენ და ყურადღებას სულ სხვა, რევოლუციის თანამდევ, საფრთხეებზე ამახვილებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მაია ნადირაძე, "ვარდების რევოლუციის" სახეა. ფოტოსურათმა, რომელზეც სპეცრაზმელებით ალყაშემორტყმულ მაია ნადირაძეს ხელთ წითელი ვარდების კონა უპყრია, მსოფლიოს მრავალი საინფორმაციო სააგენტოს ფურცლები მოიარა. მაია ნადირაძე ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე "ხავერდოვან რევოლუციას" ემუქრება არა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ბოლომდე იმყოფებოდა, არამედ თანამდებობისა და მდგომარეობის მაძიებელი ხალხის მხრიდან, რომლებმაც ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ცოცხალი რიგები წარმოქმნეს პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებთან.

[მაია ნადირაძის ხმა] " უფრო საშიში პრობლემა ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ 8 საათამდე იყვნენ ხელისუფლების მხარეს და ლაფს გვესროდნენ, ცხრის თხუთმეტ წუთზე მოირბინეს პარლამენტში, ვითომცდა არაფერი მომხდარა. ახლა, რევოლუციის შემდეგ, ძალიან ძნელია, ერთბაშად ხელი ჰკრა ყველას, ვინც ამას იმსახურებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან საშიშია მათი შემორიგება. ანუ ეს არის ყველაზე მძიმე გზა, რომელიც უნდა გაიაროს გამარჯვებულმა მხარემ, რადგან უთხრა ყველას "არა", ამან მართლა შეიძლება შექმნას რევოლუციის ბუდე."

"მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და რევოლუციის მონაპოვრის შესანარჩუნებლად ყველაზე კარგი იარაღია თქვა ის, რაც სიმართლეა, რადგან როდესაც ენის მოჩლექას იწყებ, ნიველირებას უკეთებ ყველაფერ იმას, რისთვისაც იბრძოდი," დარწმუნებულია მაია ნადირაძე. შესაბამისად, სანამ საქართველოში ბევრი უმაღლესი თანამდებობა ვაკანტურია, ხოლო ბევრი - გამოთავისუფლების პროცესში, ჰიპოთეტური კონტრრევოლუციის საფრთხე "ვარდების რევოლუციას" ნაკლებად ემუქრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG