Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო რეაქცია საქართველოს პოლიტიკური მოვლენების მიმართ


პოლიტიკოსები - ახლა მოქმედი თუ წარსულში აქტიური - თავიანთ პოზიციას გამოთქვამდნენ ორშაბათს ედუარდ შევარდნაძის გადადგომისა და საქართველოს პოლიტიკური მომავლის მიმართ.

შევარდნაძე მსოფლიოში სახელგანთქმული მიხაილ გორბაჩოვის დროს გახდა, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამიტომ ჯერ გორბაჩოვის ნაქვამს გაგაცნობთ. გორბაჩოვმა შეაქო თავისი ადრინდელი თანამოსაქმის ნაბიჯი და თქვა: შევარდნაძე მიხვდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დრო დადგა და მე მჯერა, რომ ის სწორად მოიქცაო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც გაჭირვების ჟამს დახმარება აღუთქვა შევარდნაძეს, თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლა კანონზომიერი შედეგია ამ ქვეყნის ყოფილი მთავრობის შეცდომებისა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. პუტინმა იმედი გამოთქვა: [პუტინის ხმა] "ჩვენ მოველით, რომ ქვეყნის მომავალი კანონიერად არჩეული ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებელი, რათა აღადგინოს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ტრადიცია. და ჩვენთვის, რუსეთისთვის, საქართველოს მიმართ პოლიტიკაში სხვა მიზანი არც შეიძლება არსებობდეს". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გამოაცხადა, რომ აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს თქვა, რომ არჩევნების გაყალბების შედეგად დაწყებულმა გამოსვლებმა "დემოკრატიის დეფიციტი შექმნა". ფიშერმა შევარდნაძის გადადგომას სწორი და პასუხისმგებლობით ნაკარნახევი ნაბიჯი უწოდა.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ევროპის კომისია მიესალმება კრიზისის მშვიდობიან დასრულებას. "ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო ნორმების დაცვით", ნათქვამია განცხადებაში.
მოუსმინეთ ევროპის კომისიის წარმომადგენელს დიეგო დე ორხედას: [ორხედას ხმა] "მივესალმებით ფაქტს, რომ კრიზისი გვარდებოდა და გვარდება დიალოგის მეშვეობით. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, უარი თქვან ძალადობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, პოლიტიკური ძალები მორიგდებიან პირობებსა და ვადებზე, რათა ახალი არჩევნების ჩატარება მოხერხდეს."
საქართველოს მეზობელი სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისთვის საქართველოში მოვლენათა ასე განვითარება მისასალმებელია: [ქოჩარიანის ხმა] "ჩვენთვის მთავარი იყო, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე აღმდგარიყო სტაბილურობა. და ეს მოხდა. ამით სომხეთმა თავიდან აიცილა ის უარყოფითი გავლენა, რომელიც გვემუქრებოდა - კერძოდ, ტვირთბურნვის შეფერხება." სომხეთის ლიდერმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ამ ეტაპზე ეკონომიკისთვის მავნე მოვლენად მიიჩნია:
[ქოჩარიანის ხმა] "არ მინდა ეს მოვლენები კარგად ან ცუდად შევაფასო. რაც ჩემთვის ცხადია, ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ეს უარყოფითად იმოქმედებს, ისევე როგორც ეს იმოქმედებდა ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე."
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში სტაბილურობის დამყარების იმედი გამოთქვა და თქვა: მჯერა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება არ დაემუქრება ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის მილსადენის პროექტსო. ალიევმა თქვა, რომ მას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ბედიც ადარდებს. მოუსმინეთ აზერბაიჯანის ოპოზიციური გაერთიანების სახალხო ფრონტის წარმომადგენელს ალი ქარიმოვს:
[ქარიმოვის ხმა] "დემოკრატიამ გაიმარჯვა. - ასე ვაფასებ აზებაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში მოვლენებს და მესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება ბიძგს მისცემს დემოკრატიულ განვითარებას აზერბაიჯანში."
ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის მოძრაობის წარმომადგენელი, პარლამენტის დეპუტატი ტოლენ ტოყტასინოვი ასე ფიქრობს: [ტოყტასინოვის ხმა]
"საერთოდ, ვფიქრობ, ქართველი ხალხი პოლიტიკურად უფრო აქტიურია და ოპოზიციას იქ უბრალო ხალხი მეტ პატივს სცემს. ვფიქრობ, ის უფრო ახლოსაა ხალხთან."
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG