Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდა აკაკი ასათიანი თავის ძველ თანამებრძოლებს?


"ვარდების რევოლუციის" აქტიურ ფაზაში ტრადიციონალისტთა პარტიის თავმჯდომარისა და "ბურჯანაძე-დემოკრატების" მეორე ნომრის აკაკი ასათიანის პასიურობა

თანამებრძოლებთან უთანხმოების არსებობაზე მიანიშნებდა. ასათიანი საყოველთაო მანიფესტაციებს არ დაჰკლებია, თუმცა სკამების განაწილების დაწყებისთანავე რევოლუციონერებთან დისტანცირება მოახდინა. 1 დეკემბერს კი აკაკი ასათიანმა "ბურჯანაძე-დემოკრატებთან" ალიანსის გაწყვეტის მთავარი მიზეზები გამოაცხადა.

თუ აკაკი ასათიანის პოლიტიკურ წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის ყოველთვის ცდილობდა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ამ დაპირისპირების გზით ხელისუფლებაში მოსვლას გარიდებოდა. გარეგნულად ასე გამოიყურება მისი ამჟამინდელი ნაბიჯიც, თუმცა "ბურჯანაძე-დემოკრატებიდან" ტრადიციონალისტთა დისტანცირება სხვა, უფრო ფუნდამენტური, მიზეზებითაცაა ნაკარნახევი. უმთავრესი კი მაინც საპრეზიდენტო კანდიდატზე შეუთანხმებლობაა.

აკაკი ასათიანის განცხადებით, ის და მისი ორგანიზაცია მზად იყო საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაეჭირა ნინო ბურჯანაძისთვის. შეგახსენებთ, რომ ორიოდე წლის წინ სწორედ აკაკი ასათიანს ეკუთვნოდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბურჯანაძის არჩევის იდეა. თუმცა ბურჯანაძე-ჟვანიასა და სააკაშვილის ერთობამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, რომელსაც ტრადიციონალისტთა კავშირი შემდეგი მიზეზების გამო არ უჭერს მხარს:

[აკაკი ასათიანის ხმა] "გადასახადები არ იქნება, მოხდება ნაციონალიზაცია, გაუქმდება მიწის გადასახადი და მოხდება, ამასთან ერთად, როგორღაც პენსიების და ხელფასების გაორმაგება. ეს არის ან ბოდვა ავადმყოფის, ან აბსოლუტურად უმეცარი ადამიანის ლაპარაკი, ანდა დემაგოგია აღვირახსნილი. ჩვენ ვფიქრობთ, უფრო მესამე არის და ეს არის იმ ტიპის ზუსტი დემაგოგია, იყო ასეთი ლევ ტროცკი." (სტილი დაცულია)

აკაკი ასათიანის ასეთი პოსტფაქტუმ მხილება თუ აღიარება გაუგებრობას იწვევს სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებში. კობა დავითაშვილი აცხადებს: თუ აკაკი ასათიანს არ მოსწონდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ლოზუნგები და მათში ქვეყნის დაღუპვას ხედავდა, აქამდე სად იყო და რატომ არაფერს ამბობდაო.

[კობა დავითაშვილის ხმა] "ჩვენ ვამბობთ, რომ ჯობია მცირე ბიზნესმენები გავათავისუფლოთ გადასახადისგან, რათა ის ფული, რომელიც დღეს მაინც არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, მოხმარდეს თვითონ მათივე წარმოების განვითარებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. რა არის ამაში გაუგებარი? პენსიების ზრდა სავსებით შესაძლებელია იმ რესურსების ფარგლებში, რაც დღეს იკრიფება სოციალური გადასახადების სახით."

ამ იდეოლოგიური უთანხმოების თუ შეუთავსებლობის გარდა, ტრადიციონალისტთა ლიდერისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის ქცევა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ეს, აკაკი ასათიანის გარდა, ფართო საზოგადოებისთვისაც თვალშისაცემი მოვლენაა. კერძოდ კი, ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის არჩევა-დამტკიცება გაყალბებით, დარბაზში არმყოფი დეპუტატების პულტების გამოყენებით მოხდა.

იმის შეხსენებაც არ არის საჭირო, რომ "ვარდების რევოლუციამ" ფართო მასების მხარდაჭერა სწორედ იმ უკმაყოფილების გამო მოიპოვა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაყალბებით დაკომპლექტებამ გამოიწვია.

[აკაკი ასათიანის ხმა] "ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნების გაყალბება დაიწყო. წინაპირობა საამისოდ შექმნილია. როგორც გინდა წესიერად მოიქცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გაკეთდა ეს ამბავი და რაც გაკეთდა, ეს არის აბსოლუტურად იგივე, რაც ხდებოდა მანამდე და დამთავრდება იმავე შედეგით. მე ვფიქრობ, გამოჩნდა, ვინ რისთვის იბრძოდა."

აკაკი ასათიანი სულ უიმედოდ არ არის განწყობილი ყოფილი თანამებრძოლების მიმართ და ვარაუდობს, რომ ორიოდე დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ბეიკერის ფორმულას დაექვემდებარება. და თუ ასე მოხდა, ტრადიციონალისტთა ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.
XS
SM
MD
LG