Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები"


ელგუჯა ბერიშვილი, პრაღა დღევანდელი სპორტული პროგრამა ეძღვნება ნუგზარ ასათიანს

- ქართული ფარიკაობის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს .

ნუგზარ ასათიანი დაიბადა ქუთაისში 1937 წლის 16 ივლისს. მე-18 ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს 1965 წლის ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში, მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ვერცხლისა და ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა თბილისში 1992 წლის 2 აპრილს.

ქართველ მოფარიკავეთა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გამარჯვება 1960-იანი წლებით თარიღდება. ნუგზარ ასათიანი, გურამ კოსტავასთან ერთად, იმ თაობის აღიარებული ლიდერი იყო-პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ასათიანის ოლიმპიური დებიუტი 1960 წელს რომში შედგა: პირად შეჯიბრებას მეოთხედფინალში გამოეთიშა და გუნდურშიც იგივე დაემართა. ოთხი წლის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზე საბჭოთა მოხმალავეებს უკვე ფავორიტთა შორის მოიხსენიებდნენ, ასათიანს კი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, თუმცა გამოცდილები და ტიტულიანები სხვებიც იყვნენ, მათ შორის-მარკ რაკიტა და იაკობ რილსკი. ისე მოხდა, რომ იტალიელებთან გუნდურ ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ მოფარიკავეს ანდეს. აი, რას წერს თავად ნუგზარ ასათიანი იმ ისტორიული შეხვედრის შესახებ: "უკანასკნელი ბრძოლის წინ მინიმალური ანგარიშით-8:7 ვიგებდით. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპიური ოქროს მედლები საბჭოთა ნაკრების კუთვნილება გახდებოდა. ეს ბრძოლა მე უნდა ჩამეტარებინა. იტალიელი უხერხული მეტოქე გამოდგა-მოულოდნელ გაგრძელებებს ირჩევდა და თანაც ძალზე სწრაფ ტემპში ფარიკაობდა. ისე ვღელავდი, რომ შეხვედრის მსვლელობა თითქმის აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს ბოლო აკორდი. ჩემი თანაგუნდელები სარბიელზე გადმოცვივდნენ, მეხვეოდნენ და მილოცავდნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა".
ეს ნაწყვეტი ამოღებულია ნუგზარ ასათიანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან, რომელსაც "მოფარიკავის ჩანაწერები" ჰქვია და გამოიცა 1974 წელს. წიგნი მოგვითხრობს ავტორის სპორტულ თავგადასავალზე-პირველი ნაბიჯებიდან დაწყებული, დიდ ოლიმპიურ გამარჯვებამდე. ასათიანი მადლიერებით და პატივისცემით იხსენებს მწვრთნელებს და თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს და მეტოქეებს. მის მეტოქეთა შორის იყო 60-იანი წლების ყველა უძლიერესი ხმლით მოფარიკავე: უკვე ნახსენები რილსკი და რაკიტა, აგრეთვე დავით ტიშლერი, უმარ მავლიხანოვი და ვალერი ჟიტნი, უცხოელთაგან - უნგრელი რუდოლფ კარპატი, პოლონელი ეჟი პავლოვსკი, იტალიელი ანტონიო კალარეზე და სხვები. ნუგზარ ასათიანი მოფარიკავეთა წრეში პირველად 1955 წელს აღიარეს, როცა ლენინგრადის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს რუდოლფ კარპატის მოუგო. 18 წლის დებიუტანტის ამ წარმატებას, ბუნებრივია, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა საბჭოთა ნაკრებში დამკვიდრებამდე ასათიანს შორი გზა ედო. ეს გზა მან ბიჭიკო მესხთან ერთად გაიარა. მესხი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მწვრთნელი იყო და ნუგზარ ასათიანის სპორტულ დაოსტატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მესხი თავის მოსწავლეზე ამბობს: "ნუგზარი თანატოლებთან შედარებით ტანმორჩილი და ფიზიკურადაც სუსტი იყო, მაგრამ ცოტა ხანში დავრწმუნდი მის ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაში. ნებისყოფაც ნამდვილი მებრძოლისა აღმოაჩნდა. ნიჭი, თავდადება და ხასიათის სიმტკიცე-ეს გახდა ნუგზარის სპორტული წარმატებების საფუძველი."
იგივეს ამბობენ ასათიანის მეგობრები და თანაგუნდელები. ცნობილი მოფარიკავის იური ოსიპოვის თქმით, ნუგზარ ასათიანი არა მარტო დიდი სპორტსმენი, დიდი პიროვნება და მოქალაქეც იყო.
(იური ოსიპოვის ხმა): "ნუგზარის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა. თავის პრობლემას თავს არავის არ მოახვევდა. ყოველთვის შენს გვერდში იდგა, როცა გიჭირდა. ჩვენ ბავშვობიდანვე ვმეგობრობდით. მახსოვს, 1954 წელს ერთად გავხდით იუნიორებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მითხრა, იურა, მოდი ეს გამარჯვება სიმღერით ავღნიშნოთო. მე მივუგე, რომ არ ვმღერივარ-მეთქი. მე გასწავლიო, მეორე ხმა მომცა და ვიმღერეთ ორ ხმაში "ზესტაფონო გშორდები". იმიტომ, რომ დედა ჰყავდა ზესტაფონელი. ამის შემდეგ ყველა მოგების შემდეგ ვმღეროდით."
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ამბებს იხსენებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მორის სახვაძე.
(მორის სახვაძის ხმა): "ნუგზარი გუნდში ცნობილი იყო, როგორც მტკიცე ხასიათის. გარდა ამისა გამოირჩეოდა ისეთი თვისებებით, როგორიცაა სისწრაფე, მოქნილობა, სპორტული ჟინი. ამიტომაც ანდეს ტოკიოში გადამწყვეტი ბრძოლის ჩატარება."

ნუგზარ ასათიანმა ბოლო სპორტული გამარჯვება 1968 წელს მოიპოვა, როცა უკვე ვეტერანმა, უძლიერეს საბჭოთა მოფარიკაავეებს ერთხელ კიდევ შეახსენა თავი და საკავშირო თასს მეოთხედ დაეუფლა. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ერთხანს მწვრთნელად იმუშავა, მერე სპორტსაზოგადოება "ბურევესტნიკს" ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG