Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დეკემბერს საქართველოს დროებითი მთავრობის ცხელი ხაზი და სახელმწიფო მოხელეთა დასაქმების პროექტი ამოქმედდა


"თუ აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას, ახლა მთავრობას მოუწევს მოუსმინოს ხალხს და დაემორჩილოს მის ნებას",

- განაცხადა 11 დეკემბერს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი არველაძემ, რომელმაც სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობის ცხელი ხაზისა და სახელმწიფო მოხელეთა დასაქმების პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, დროებითი ხელისუფლების სტრატეგია ქვეყნის მართვაში რიგითი მოქალაქეების ჩაბმაა.


დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს დროებითი მთავრობის ცხელ ხაზზე (პირობითად. ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რომელ ნომერზე) ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი ანონიმი აბონენტისგან გაისმა. ზარი სახელმწიფო კანცელარიაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ იუწყებოდა. შეტყობინების შესაბამისად, კანცელარიაში მუშაობას შეუდგა უშიშროების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფი. შენობაში იმყოფებოდნენ: მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო კანცელარიის აპარატი და, მათთან ერთად, ჟურნალისტები. ისინი სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგზე მთავრობის ცხელი ხაზისა და სახელმწიფო მოხელეთა დასაქმების პროექტის დეტალებს იმ დროს განიხილავდნენ, როცა უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური დეტექტორებით კანცელარიის ოთახებში ბომბს ეძებდნენ. ამდენად, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, პროექტების პრეზენტაცია, უდავოდ, ექსტრემალურ ვითარებაში მოხდა. არანაკლებ ექსტრემალურია საზოგადოებრივი ფონი, რომელიც, მთავრობის მეთაურის შეხედულებით, სწორედ ამგვარ პროექტებს უკვეთს ქვეყნის ხელისუფლებას. როგორც ცხელ ხაზზე, ისე - და უფრო მეტად - საჯარო სამსახურში, რიგითი ადამიანების დასაქმებაზე მეთვალყურეობას, გიორგი არველაძის თქმით, სწორედ ზურაბ ჟვანია გასწევს. ინიციატივები ქვემოდან ზემოთ კი, ცხელი ხაზის შემთხვევაში, გულისხმობს ძალადობის, კორუფციის, ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და სხვა კონკრეტული მამხილებელი ფაქტებით მთავრობის საქმის კურსში ჩაყენებას. როგორც გიორგი არველაძე აცხადებს, არც ერთი ამგვარი ზარი არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.
რაც შეეხება პროექტს "საჯარო სამსახური ყველასათვის", იგი სახელმწიფო დაწესებულებებში ნიჭიერი პროფესიონალების კონკურსის წესით შერჩევას გულისხმობს. კონკრეტულ დეტალებს პროექტის კოორდინატორი ქეთევან ალექსიძე განმარტავს:

[ქეთევან ალექსიძის ხმა] "მომზადდა, აი, ასეთი ანკეტა, რომელიც არის ერთფურცლიანი და შეიცავს ძირითად მონაცემებს პიროვნების შესახებ. ეს სააპლიკაციო ფორმები განთავსდება სახელმწიფო კანცელარიის მისაღებში, საშვთა ბიუროში და ყოველ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, აიღოს ეს ანკეტა და შეავსოს. თუ დაიბადება რაიმე კითხვა ანკეტის თაობაზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება და ცხელ ხაზზე არსებული აბონენტები, ასე ვთქვათ, მისცემენ ინფორმაციას, რაც მათ ესაჭიროებათ."

საჯარო სამსახურში საქმიანობის მსურველთა საინფორმაციო ბანკისა და მონაცემთა ბაზის შექმნა პირველად ამოცანად ითვლება. რაც შეეხება ვაკანსიებს, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი არველაძის თქმით, ყველა სახელმწიფო დაწესებულება - მათ შორის, სამინისტროები და სახელმწიფო კანცელარია - თავად გამოაქვეყნებს ვაკანსიებს, სამუშაო ადგილის დახასიათებისა და კონკრეტული მოთხოვნების მითითებით. აქვე შეიძლება იმის თქმაც, რომ უახლოეს მომავალში საჯარო სამსახურების თანამშრომელთა ატესტაცია სავალდებულო ნორმად იქცევა.
XS
SM
MD
LG