Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი ასლან აბაშიძესთან შეხვედრას ითხოვს


გარდამავალი ხელისუფლების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრისა და დიალოგის გამართვის სურვილი თბილისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს.

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც თორმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ავტონომიის ლიდერთან შეხვედრისას, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, 4 იანვარს დანიშნული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. როდის შედგება ეს შეხვედრა და რითი საზრდოობს მესამე სექტორის წარმომადგენელთა ოპტიმიზმი?

ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას ნინო ბურჯანაძის წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ აპირებენ, ოპტიმიზმის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. არადა, მათი რაოდენობა არცთუ ისე მცირეა. მზია ალავიძეს, რომელიც სამოქალაქო ზედამხედველობის საბჭოს წარმოადგენს, ასლან აბაშიძესთან შეხვედრის მოსურნე ორგანიზაციათა დასახელება ვთხოვე.

[მზია ალავიძის ხმა] "აქ არის: "ახალგაზრდული მოძრაობა", "ჰააგის კლუბი", "საზოგადოება ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ", "სტუდენტ მედიკოსთა ასოციაცია", "დემოკრატიული სიტყვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი", "იურისტები და ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისათვის", "ეკოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტი"... ნელ-ნელა კიდევ შემოგვემატებიან, ალბათ."

ალავიძის თქმით, საზოგადოებრივი ჯგუფი, დიალოგის დაწყების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება, თუმცა პირველი ნაბიჯი აჭარის მიმართულებით შემდეგი მოსაზრების გამო იდგმება: ბათუმის პოზიცია გაცილებით რადიკალურია. სწორედ ამ რადიკალიზმის დაძლევა და ასლან აბაშიძის დაყოლიება - უარი თქვას არჩევნების ბოიკოტზე, იქნება შეხვედრის მთავარი თემა.

[დავით მესხიშვილის ხმა] "აღორძინებას", როგორც პარტიას, სრული უფლება აქვს, რომ გამოუცხადოს არჩევნებს ბოიკოტი, ეს არის მისი უფლება, მაგრამ არავის არ აქვს უფლება, რომ მოსახლეობას ხელი შეუშალოს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული მოლაპარაკებებში და მაქსიმალურად ვეცდებით ერთ რამეს და ეს ერთი რამე იქნება ის, რომ აჭარის მოსახლეობამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა." (სტილი დაცულია)

"ახალგაზრდული მოძრაობის" წევრი დავით მესხიშვილი, ალბათ, ყოველივე ამას ასლან აბაშიძესთან შეხვედრის დროსაც გაიმეორებს, თუმცა ჯერჯერობით ღიად რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: როდის შედგება, ან შედგება კი, აჭარის მეთაურთან შეხვედრა? თუმცა უნდა ითქვას, რომ აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აბაშიძესთან შუამდგომლობას სთხოვენ, შეხვედრის იდეას იწონებს:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "ისინი იყვნენ ჩვენთან იმისათვის, რომ დაიწყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი იმისათვის, რომ მთელი რიგი გაუგებრობები, რომელიც არსებობს ცენტრსა და რეგიონს შორის... შეუწყონ ხელი, აი, ამ გაუგებრობების გამოსწორებას, გაფანტვას იმ ბურუსისა, რომელიც, სამწუხაროდ, არსებობს ბათუმსა და თბილისს შორის." (სტილი დაცულია)

მაგრამ საკითხავია: რა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარაში? ცხადია, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ავტონომიის ლიდერის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რასაც თავად შეხვედრის ინიციატორებიც არ უარყოფენ:

[მზია ალავიძის ხმა] "იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ასლანი, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, ამ კონსტიტუციურ მოთხოვნებს გვერდს არ აუვლის. აი, ამის იმედს ვიტოვებთ, თუმცა რამდენად გამართლდება ჩვენი იმედი, სხვა საკითხია." (სტილი დაცულია)

თუმცა, ვინ იცის: იქნებ ასლან აბაშიძეს ბოიკოტზე უარის სათქმელად საბაბი სჭირდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG