Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირის თემა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ შემოიჭრა "გმირის" თემა

და იგი მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირდა. რას ნიშნავს, როდესაც ოცდამეერთე საუკუნეში პოლიტიკური ლიდერი გმირთან ასოცირდება?

ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკას ორი გმირი უკვე ჰყავდა - ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე; ორივე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ორივემ "კარგად დაიწყო" და "ცუდად დაასრულა".

შესაძლოა, საზოგადოების შეთანხმება ვერ მოხერხდეს იმ საკითხზე, თუ რას ნიშნავს ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ქვეყნის მართვის "კარგად დაწყება" და "ცუდად დასრულება". ოღონდ ორივე შეფასებისთვის ერთი ობიექტური კრიტერიუმი მაინც არსებობს და იგი თავად "გმირის" ცნებას უკავშირდება.

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ "გმირი" ტრადიციული საზოგადოების პირმშოა. თავის საზოგადოებაში იგი ყველას ჰგავს, ყველასნაირია, მაგრამ, ამავდროულად, ყველასგან გამოირჩევა. ერთი მხრივ, გმირი წინაპართა წეს-ჩვეულებით ცხოვრობს და მათი ტრადიციის გამგრძელებელია. მეორე მხრივ, გმირი პირველდამწყებია, გარდამტეხი ცვლილების შემტანია ხალხის, თემის ცხოვრებაში. ეს ორი დებულება მხოლოდ ერთი შეხედვით არის ანტინომიური. სინამდვილეში, მათ შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. თემს გმირი სჭირდება სწორედ მაშინ, როდესაც წინაპართა ტრადიცია დარღვეულია, წარსულთან კავშირი გაწყვეტილია და საჭიროა არაადამიანური ძალისხმევა ახალი ცხოვრების დასაწყებად. ოღონდ ეს ახალი ცხოვრება უნდა თანხვდებოდეს იმ გზას, რომელსაც იოანე საბანისძემ უწოდა "ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი". ესე იგი, გმირის ცხოვრება, ერთდროულად, არის საყმოს, თემის გარდამქმნელიც და ამ გარდაქმნით მისი დამაბრუნებელიც წინაპართა საუკეთესო ტრადიციებთან, ერის განვითარების მთავარ ძარღვთან.

როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ხალხი იმედოვნებდა, რომ ორასწლიანი მონობის შემდეგ ქვეყანა ისევ ფეხზე დადგებოდა და მსოფლიო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გახდებოდა. გამსახურდიას ქარიზმის განლევა მოხდა მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ფორმალურმა დამოუკიდებლობამ ქვეყანას ვერ მოუტანა შინაგანი თავისუფლება და ერთიანობა. შესაბამისად, არ შედგა ახალი სახელმწიფო და ბუნებრივად გაჩნდა ახალი გმირის მოთხოვნილება.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების განდევნის შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს კონკურენტი არ ჰყოლია. იგი საქართველოში დაბრუნდა როგორც უალტერნატივო ლიდერი, როგორც პოტენციური გმირი. გადაუჭრელი რჩებოდა მთავარი ამოცანა: იმ სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც საქართველოს გარდასულ დიდებას ნაწილობრივ მაინც აღუდგენდა. შევარდნაძის ქარიზმა გაცილებით ძლიერი და მაცდური აღმოჩნდა, ვიდრე გამსახურდიასი. თითქმის ათი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ პრეზიდენტი ახალ სახელმწიფოს აშენებდა სიბრძნით, მხოლოდ მისთვის ცნობილი გზებით და მეთოდებით.

ედუარდ შევარდნაძის ქარიზმა მაშინ ამოიწურა, როდესაც ილუზიები საბოლოოდ გაიფანტა და ხალხმა დაინახა, რომ მისი მრავალწლიანი მმართველობის შედეგად არაფერი შეცვლილა: უსამართლობა კვლავ სჭარბობდა სამართლიანობას, სიღატაკე სჭარბობდა კეთილდღეობას, საკუთარი ინტერესები სჭარბობდა საზოგადოებრივ ინტერესს...

და გასაკვირი სულაც არ არის, რომ პოლიტიკურ სივრცეში ახალი გმირის თემა კიდევ ერთხელ შემოიჭრა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობას არ სურს ძველებურად ცხოვრება და თავისი წიაღიდან წარმოშობს ადამიანს, რომელიც კიდევ ერთხელ შეეცდება ახალი სახელმწიფოს აშენებას. ნიშანდობლივია, რომ ვიდრე პოლიტიკური ლიდერები პირველ-მეორეზე გათვლით იტანჯებოდნენ და ერთმანეთის უკან ჩამოტოვებაზე ფიქრობდნენ, ხალხმა თავად გადაწყვიტა, ვინ იქნება მორიგი გმირი: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავარ აქცენტს აკეთებს სამართლიანობაზე და არა კეთილდღეობაზე; სწრაფ, რადიკალურ ცვლილებებზე და არა რეფორმებზე; შეტევაზე და არა დათმობაზე.

როდის აღარ დასჭირდება გმირი ქართულ საზოგადოებას? ამისთვის აუცილებელია, რომ რომელიმე მომდევნო პრეზიდენტმა საკუთარი თავი აღიაროს თავისი წინამორბედის მემკვიდრედ და კი არ შეცვალოს, არამედ გააგრძელოს ის გზა, რომლის გაკვალვაც სხვისი დაწყებულია. ფორმალურ ნიშნად ისიც კი გამოდგება, თუ რომელიმე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ან ვინმე სხვა - ბოლომდე ამოწურავს თავისი პრეზიდენტობის ვადას და მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას პირობით მემკვიდრეს.

ვიდრე ყოველ მორიგ პრეზიდენტს თავიდან უხდება ახალი სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება და ვიდრე ყოველი წინამორბედი პრეზიდენტი არა ნებაყოფლობით, არამედ ძალადობით არის ჩამოშორებული ხელისუფლებისგან, ქართული პოლიტიკა გმირის უღელს თავს ვერ დააღწევს.
XS
SM
MD
LG