Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გარდამავალი ხელისუფლება რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს


საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თედო ჯაფარიძე 16 დეკემბიდან საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად ეწვევა რუსეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძის ვიზიტი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს, საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების წარმომადგენელი ეცდება ოფიციალურ რუსეთს ორი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში დაგროვებული პრობლემები შეახსენოს. ერთ-ერთი პრობლემაა გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედება ავტონომიური აჭარის მცხოვრებლებისთვის, რამაც გასულ კვირას მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაამწვავა.

23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში წრმოქმნილი პაუზა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ დაარღვია. მოსკოვში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ქართული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი თავის რუს კოლეგას ნიკოლაი პატრუშევს და პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. თბილისში ორშაბათს დაბრუნებული ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ საუბრის მთავარი თემა მოსკოვში იყო ტერორიზმის საფრთხე და ექსტრადირება ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს მოსკოვში დაკავებული ქართველი მოქალაქის შოთა ჭიჭიაშვილისა, რომლის სახელი ადამიანის გატაცების გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს. ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთის სამართალდამცველები თურმე ჭიჭიაშვილის გათავისუფლებასაც კი აპირებდნენ და ხაბურძანიამ, რომ იტყვიან, ბეწვზე ჩაუსწრო.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ჩვენი ინფორმაციით, 24-ში აპირებდნენ მის გათავისუფლებას. თითონ ფე-ეს-ბე(ფედერალური უსაფთხოების სამსახური) არ ყოფილა საქმის კურსში. ამან დააჩქარა ჩემი ჩასვლა და, საერთოდ, გარკვეული აუცილებლობა უკვე იყო ამ ურთიერთობების გააქტიურებისა."

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს არა მხოლოდ საშიში დამნაშავის გათავისუფლების მცდელობა გამოეპარა მხედველობიდან, არამედ შეიარაღებულ ჩეჩენ მებრძოლთა დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფის შეჭრა დაღესტნის ტერიტორიაზე, რომლის ექო საქართველოსაც გადმოსწვდა. რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, თითქოს ჩეჩენთა რაზმი დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოდან მოხვდა და, მძევლებთან ერთად, გეზი საქართველოსკენ უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო საზღვრის გადასასვლელები უკვე ჩაკეტილია თოვლის საფარით, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დამატებითი ქვედანაყოფი გაეგზავნა. გენერალი ვალერი ჩხეიძე ძნელად წარმოსადგენს უწოდებს ასეთ კლიმატურ პირობებში შეიარაღებული ჯგუფის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობას.
[ვალერი ჩხეიძის ხმა] "ძნელად წარმოსადგენია იმიტომ, რომ შეუმჩნევლად ის ჯგუფი, როცა თოვლის საფარი ამხელაა, ვერ გადმოვიდოდა. მით უმეტეს, რომ იქ ეუთოს მისიაც პატრულირებს, ჩვენებიც არიან და ვერტმფრენებიც დაფრინავენ."

ამ ფონზე მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, რომელიც ორშაბათს ბაქოში ახლდა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა ნინო ბურჯანაძესთან. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობაზე, კერძოდ, სავიზო რეჟიმის მხოლოდ აჭარასთან მიმართებით გამარტივებაზე ისაუბრეს. სავარაუდოდ, ამ თემას მოსკოვში თედო ჯაფარიძე გააგრძელებს. ამასობაში კი, გამარტივებული რეჟიმით, საქართველო-რუსეთის საზღვარი აჭარიდან მგზავრთა პირველმა ნაკადმა უკვე გადალახა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG