Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ამ ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციას არ ვუღალატებთ და კვლავ შევეცდებით გაგაცნოთ უცხოელ მიმომხილველთა გამოხმაურება საქართველოში გასულ თვეს მომხდარ "ხავერდოვან რევოლუციაზე".

როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთი ევროპის კვლევის ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ტარას კუზიო აღნიშნავს, თუ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის "ფრიდამ ჰაუზის" ტიპოლოგიას დავესესხებით, ძალზედ ცოტაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისეთი ქვეყნები, რომლებიც განაგრძობენ დემოკრატიის მიმართულებით სვლას და არ გადაქცეულან "ავტოკრატულ" რეჟიმებად. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ამ კონტექსტში ალბად მხოლოდ ორის: საქართველოსა და უკრაინის დასახელება შეიძლება.
საქართველოში მომხდარი "ვარდების რევოლუცია" და რეფორმისტების თითქმის გარდაუვალი გამარჯვება იანვრის არჩევნებში საბოლოოდ დააგვირგვინებს ამ რესპუბლიკაში დემოკრატიზაციის პროცესს. შესძლებს კი უკრაინა საქართველოს მაგალითს მიბაძოს 2004 წლის ოქტომბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? რატომაც არა, უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ოპონენტებს იმედი აღუძრა საქართველოს მაგალითმა: ის ხარვეზები, რაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი საქართველოში, მრავლადაა უკრაინაშიც. ტარას კუზიო განაგრძობს:

"შევარდნაძეს 2005 წელს უნდა ამოეწურა პრეზიდენტობის ვადა, ხოლო კუჩმა 2004 წელს უნდა გადადგეს. ორივე, ათწლეულის მანძილზე მართავდა ქვეყანას; ორივე თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში მოექცა ხელისუფლების სათავეში. კუჩმამ და შევარდნაძემ ვითარების სტაბილიზაცია აღუთქვეს თანამემამულეებს "ნაციონალისტების" მიერ აღძრული ქაოსის ფონზე, და საქართველოში ამ "ნაციონალიზმს" სისხლისღვრა მოჰყვა.

უკრაინას არა აქვს ერთი "სახელისუფლებო პარტია". ეს თვალნათლივ გამოჩნდა 2002 წელს, როცა ბლოკი "ერთიანი უკრაინისთვის", საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ თვეში რვა ფრაქციად დაიყო. რაც იმას ნიშნავს, რომ კუჩმას არცერთი მომხრე არ დასახელებულა ჯერჯერობით მის პოტენციურ მემკვიდრედ, და ამდენად, არც ფართო პოპულარობით სარგებლობს. ყველაზე რეალური კანდიდატია პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკევიჩი, მაგრამ მისი პოპულარობა შემოიფარგლება პრო-რუსული დონბასის რეგიონით. მეორე პოტენციური მემკვიდრეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ვიქტორ მედვედჩუკს მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტი უჭერს მხარს.

იმდენად დიდი აღმოჩნდა უთანხმოება მმართველ წრეებში, რომ ამან, როგორც უკრაინაში ასევე საქართველოშიც სერიოზული ოპოზიცია წარმოშვა. ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის მომხრეები იყვნენ თავიდან, მაგრამ უსამართლობით აღშფოთებულებმა ოპოზიციური მოძრაობა დააარსეს. დაახლოებით ასეთივე პროცესი დაიწყო უკრაინაში 2000 წლის მიწურულს, როცა საიდუმლო უწყების ოფიცრის, მიკოლა მელნიჩენკოს მიერ მაგნიტოფირზე ჩაწერილმა საუბარმა ჟურნალისტის მკვლელობასა და იარაღით არალეგალურ ვაჭრობაში ამხილა ლეონიდ კუჩმა. მემარჯვენე-ცენტრისტი "ეროვნული დემოკრატები" პრეზიდენტს გაემიჯნენ.

თუმცა უკრაინაში, ისევე, როგორც რევოლუციამდელ საქართველოში, ოპოზიციას არა პოლიტიკური საკითხები, არამედ პრეზიდენტისადმი უნდობლობა აერთიანებს.
XS
SM
MD
LG