Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ განიცდის თბილისი ელექტროენერგიის დეფიციტს


როგორც მოსალოდნელი იყო, ზამთრის დადგომისთანავე თბილისში ელექტროენერგიის უწესრიგო გამორთვები დაიწყო. დანარჩენი საქართველო ჯერ კიდევ მანამდე, არჩევნების დასრულებისთანავე,

დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. თუ რეგიონები დენის საფასურის ცუდ გადამხდელებად ითვლებიან, დედაქალაქის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასი" მოხმარებული ენერგიის საფასურს 100%-ით იხდის. მიუხედავად ამისა, ამ დღეებში თბილისის ის უბნებია ყველაზე მეტად ჩაბნელებული, რომლებიც ასევე დენის ღირებულების საუკეთესო გადამხდელები არიან.

ზამთარში თბილისის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებას ვერც "თელასის" ახალმა მეპატრონემ "რაო-ეესმა" უშველა. არადა, კომპანია "რუსეთის ერთიანი ელექტროსისტემა" დენის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და მისთვის თბილისის ელექტრომომარაგება, ერთი შეხედვით, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა ეს, ერთი შეხედვით. რეალურად კი საქართველოს დედაქალაქი, წინა წლების მსგავსად, დენის უწესრიგო გრაფიკით ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგია როდის გაითიშება და როდის ჩაირთვება, არავინ იცის.

"თელასის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვალერი ფანცულაიამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხმარებლისთვის ძალიან ძნელი ასახსნელია, თუ რატომ არ მიეწოდება დენი საფასურის კეთილსინდისიერ გადამხდელს.

[ვალერი ფანცულაიას ხმა] "ელექტროსისტემა, რომელსაც ხელმძღვანელობს ირლანდიური მენეჯმენტი, უკანონოდ ზღუდავს თელასის ქვესადგურებს დღეების განმავლობაში და იმიზეზებს იმას, რომ სიმძლავრე არ არის საკმარისი და ვერ ზღუდავს სხვა არგადამხდელებს და სისტემა რომ 0-ზე არ დაჯდეს და არ დაიშალოს, ამიტომ თელასი ყველაზე ადვილი სარეგულირებელია, იმიტომ რომ სადისპეტჩერო პულტიდან პირდაპირ ხდება ჩვენი მაღალი ძაბვის ხაზების გამორთვა."(სტილი დაცულია)

თელასის მონაცემებით, ელექტროსისტემა იმაზე გაცილებით მეტ ენერგიას ფლობს, ვიდრე თბილისს ესაჭიროება. თვალსაჩინოებისთვის: 14 დეკემბერს ელექტროგენერაცია 23,7 მილიონ კილოვატსაათს გამოიმუშავებდა, თელასი კი 9,5 მილიონს მოითხოვდა, თუმცა მხოლოდ 8,9 მილიონი მიიღო. ვალერი ფანცულაიას განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარებით, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია უნდა იყოს დაინტერესებული. კომისიის წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა კი ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანო დავის განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც რომელიმე მხარე ამას ოფიციალურად მოითხოვს.


თავს იმართლებს თბილისის ჩაბნელების კიდევ ერთი მონაწილე სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ვალდებულია თელასს დენი დადგენილი კვოტებისა და საფასურის გადახდის მაჩვენებლის მიხედვით მიაწოდოს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო ჯერანაშვილი აცხადებს, რომ თელასი დადგენილ კვოტაზე მეტს, 9,2 მილიონ კილოვატსაათს, მოითხოვს.

[ნინო ჯერანაშვილის ხმა] "დღესდღეობით ძალიან დიდი დეფიციტია ელექტროენერგიის. ჩვენ თუ ელექტროენერგიას ვაწვდით, ვაწვდით სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს. და, ძირითადად, მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით გამორთულია. და როდესაც ასეთი დეფიციტია, ჩვენ ხომ ვერ გამოვრთავთ საავადმყოფოებს და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს..."(სტილი დაცულია)

ამ ურთიერთბრალდებებიდან, რომლის წყალობით მოსახლეობა ზარალდება, არ არსებობს გამოსავლის ქმედითი მექანიზმი. პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებითა და მხარეთა კეთილი ნების გამოვლენითაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG