Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დინამიკურმა ქაოსმა" ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მოთხოვნილება გაზარდა?


საქართველოს ეგრეთ წოდებული "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ დაწყებულმა "დინამიკურმა ქაოსმა" უშიშროების სამინისტრო აიძულა სერიოზული პროფილაქტიკური მუშაობა დაეწყო ძალოვან სტრუქტურებში,

რომლებიც შავ ბაზარზე იარაღის უკანონო გასაღებაში მანამდეც იმხილებოდნენ. 17 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებლებმა ეროვნული გვარდიის მაღალჩინოსანი თანამშრომელი საშიში სამხილით დააკავეს. ოფიცერს აღმოაჩნდა 30 კომპლექტი საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დივერსიული და ტერორისტული აქტების მოსაწყობად გამოიყენება. უფრო ადრე დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი მოწყობილობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო პირსაც აღმოაჩნდა. საქართველოს უშიშროების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ "დინამიკურმა ქაოსმა" ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მოთხოვნილება გაზარდა. შესაბამისად, დღის წესრიგში კვლავ დგება საქართველოს სამხედრო საცავებში დაცული სამხედრო ქონების რეინვენტარიზების აუცილებლობა.


საქართველოს უშიშროების სამინისტრომ, რომელსაც ქვეყანაში დაწყებული "დინამიკური ქაოსის"გამო ხშირად უმოქმედობაში ადანაშაულებენ, გადაწყვიტა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ ხმები ამ უწყების არაადეკვატურობის შესახებ ერთობ გადაჭარბებულია. უშიშროების სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა 17 დეკემბერს ანონიმური სატელეფონო ზარების ავტორები დააკავეს. მოგვიანებით კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დაკავება დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის სამი წევრისა, რომელთაც დიდი რაოდენობით - დაახლოებით 30 ერთეული - საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნიკა ლალიაშვილის თქმით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოქმედი ოფიცერი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თანამშრომელი, იორამ ძნელაშვილი აღმოჩნდა. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უშიშროების ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, თუ რა ვითარებაში მოხდა ეჭვმიტანილთა დაკავება და დგანან თუ არა ამ ჯგუფის უკან სამხედრო უწყების მაღალი თანამდებობის პირები. სამაგიეროდ, ლალიაშვილი "დინამიკური ქაოსის" კიდევ ერთ მოსალოდნელ ტენდენციაზე მიანიშნებს:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "ამოღებულია 35 ერთეული საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამდენიმე ათეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული "მახე". წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ რამდენჯერმე ამოვიღეთ ასაფეთქებელი ნივთიერება, ზოგ შემთხვევაში ტროტილი და ზოგში - ჰექსოგენი (ამ ნივთიერების გამოყენება შესაძლებელია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ტერორისტული მიზნებისათვის), რაც შეეხება ამ კონკრეტულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, აქ მათი დანიშნულება განსაზღვრულია მხდოლოდ და მხოლოდ დივერსიული და ტერორისტული მიზნებით."(სტილი დაცულია)

თავად ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაკავებული ძნელაშვილის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და მას სამხედრო კომისარიატიდან გადმოსულ კადრს უწოდებს.


აღსანიშნავია, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო გადაზიდვის აქამდე გახმაურებულ თითქმის ყველა საქმეში უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი ოფიცრები მონაწილეობდნენ. გამოძიების ადრინდელ ეტაპებზე კეთდებოდა განცხადება, რომ კვალი უფრო მაღალი თანამდებობის პირებისკენ მიდიოდა. მაგრამ დიდი რიხით დაწყებული გამოძიება ვერაფრით ჩასწვდა აისბერგის უხილავ ნაწილს. იარაღით უკანონო ვაჭრობის თითქმის ყველა საქმე, ჩვენი ინფორმაციით, დახურულია, დამნაშავეები კი შეწყალებულნი არიან პატიმრობაში ყოფნის დროს გამოვლენილი სანიმუშო ყოფაქცევის გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG