Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ გიორგაძის ბოლო შანსი


უშიშროების ყოფილი მინისტრისა და ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის ყველა მცდელობა - მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, როგორც პრეზიდენტობის ან დეპუტატობის კანდიდატს - აქამდე კრახით დასრულდა.

როგორც ჩანს, გიორგაძის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფმა ბოლო შანსის გამოყენება გადაწყვიტა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება მათი რჩეულის რეგისტრაციდან მოხსნის შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მე გავესაუბრე უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ იგორ გიორგაძის მხარდამჭერებს.

[იგორ გიორგაძის მხარდამჭერის ხმა] "ამ კაცს რა მუხლიც წაუყენეს, ის მუხლი არ უდგება. მოქალაქეს არ უცხოვრია ორი წელიო. - მოქალაქე კი არ არის, ეს არის იძულებით გადაადგილებული პირი, პოლიტიკურად დევნილი."

[იგორ გიორგაძის მხარდამჭერის ხმა] "თვითონ სააკაშვილისნაირი პიროვნებაა იგორიც, რომ იცოდეთ. სიმართლისთვის მებრძოლია."

[იგორ გიორგაძის მხარდამჭერის ხმა] "მთავარი რა არის: არ არსებობს საბუთი, რომ იგორ გიორგაძე გავიდა საქართველოდან და მოვიდა ისევ უკან. აი, ეს არ არსებოს. ...ვისაც უყვარს საქართველო, ვინც პატრიოტია, ყველა დგას მის გვერდში."

იგორ გიორგაძის მხარდამჭერები უზენაეს სასამართლოსთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებამ მიიყვანა. ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსის ელზა გულიაშვილის თქმით, უშიშროების ყოფილ მინისტრს რეგისტრაციაში გატარებაზე უარი შემდეგი მიზეზების გამო უთხრეს:

[ელზა გულიაშვილის ხმა] "ბატონი იგორ გიორგაძე უკანასკნელი ორი წელი საქართველოში არ ცხოვრობს, რასაც მოითხოვს ორგანული კანონი. არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არაერთი და, სხვათა შორის, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის ორი გადაწყვეტილება და დადასტურებული ფაქტია ის, რომ ნამდვილად არ ცხოვრობს უკანასკნელი ორი წელი საქართველოში." (სტილი დაცულია)

ცესკოს ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით, სარჩელი უზენაეს სასამართლოში, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, პოლიტიკური ალიანსის - "სამშობლოს" ლიდერმა თემურ ჟორჟოლიანმა შეიტანა.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] "სასამართლომ, ელემენტარულად, უნდა დაადასტუროს ის, რომ იგორ გიორგაძე, რა თქმა უნდა, ძებნაშია, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. აქ ერთი მომენტია: ცხოვრობდა გარკვეულ მისამართზე - ასეთი რამ შეუძლებელია. შეუძლებელია კაცი ცხოვრობდეს გარკვეულ მისამართზე, როდესაც მასზე ნადირობა და პოლიტიკური დევნაა გამოცხადებული, სხვას რომ თავი დავანებოთ". (სტილი დაცულია)

გიორგაძის მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტი - ექს-მინისტრის პასპორტის ასლი, რომელსაც მოქმედება ორი ათას წელს აქვს გაგრძელებული, სასამართლო კოლეგიამ განხილვის ღირსადაც კი არ მიიჩნია. ჟორჟოლიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ პროცესის მოგების შანსი მინიმუმამდე დასცა. სასამართლო კოლეგიას, როგორც ჩანს, აზრი ვერც მოწმეთა, ანუ იმ ადამიანთა მიერ მიცემულმა ჩვენებებმა შეუცვალა, რომლებიც ამტკიცებდნენ - იგორ გიორგაძე საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთხელ და ორჯერ ვნახეთო. ერთი სიტყვით, უზენაესი სასამართლო ექს-მინისტრთან მიმართებაში შეუვალი აღმოჩნდა: იგორ გიორგაძე კვლავ ძებნილად რჩება.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგაძის მხარდამჭერები ფარ-ხმლის დაყრას აპირებდნენ. საქმე ის არის, რომ საქართველოში ცხოვრების ორწლიან ვადაზე, საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებით, კონსტიტუციაში არფერია ნათქვამი.

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] "ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ - შევიტანეთ ოქტომბერში სარჩელი, რომ ორგანულ კანონში ბოლო ორ წელიწადთან დაკავშირებით მუხლი საერთოდ შეუსაბამობაშია კონსტიტუციასთან." (სტილი დაცულია)

დაბოლოს: იგორ გიორგაძის მომხრეები არც კარგად აპრობირებულ საპროტესტო აქციებზე აპირებენ უარის თქმას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG