Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვალა და როგორი მდგომარეობაა საქართველოს ელექტრომომარაგებაში


საქართველოს ელექტროსისტემაში შექმნილი მდგომარეობა დღითიდღე სულ უფრო მძიმდება. ამის მიზეზი ენერგეტიკული რესურსების ამოწურვაა, რაც ზამთრის დადგომითაცაა გამოწვეული.

პროცესები თვითდინებით ვითარდება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ახალი ადგილობრივი ხელისუფლება, გამოუცდელობის გამო, თავს ვერ ართმევს ენერგეტიკულ პრობლემებს. რა შეიცვალა და როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოს ელექტრომომარაგებაში?

16 დეკემბერს უწესრიგო ელექტრომომარაგებაზე ვისაუბრე. ამ ორიოდე დღის მანძილზე კი ყველაფერი ისე მოულოდნელად შეიცვალა, რომ გაოცებას თავად თელასის ოფიციალური წარმომადგენელი ვალერი ფანცულაიაც ვერ მალავს:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] "ამჟამად, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, გათენებიდან არავითარი შეზღუდვა არ არის დედაქალაქში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მიმართულებას, სადაც არის სარემონტო სამუშაოები."

თუ თბილისში ელექტრომომარაგება ორიოდე დღის წინ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ შედარებით გამოსწორდა, არავითარი ცვლილება არ შეიმჩნევა რეგიონებში. მე ჩვენს რეგიონულ კორესპონდენტებს დავუკავშირდი ადგილებზე არსებული ენერგეტიკული ვითარების გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი მდგომარეობა ქალაქ გორშია. ჩვენი იქაური კორესპონდენტის გოგა აფციაურის ინფორმაციით, გორსა და რაიონის სოფლების დიდ ნაწილში ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 2-3 საათის განმავლობაში არ არის.

[გოგა აფციაურის ხმა] "ეს გამოწვეულია იმით, რომ თითოეულ მოსახლეს აქვს მრიცხველი, რომელიც დგას ეზოს გარეთ და, ამდენად, გადახდა არის საკმაოდ მაღალი გორში და, თუ, ვთქვათ, რომელიმე მოქალაქე ვერ გადაიხდის ელექტროენერგიის გადასახადს, მას ისე გაეთიშება ელექტროენერგია, რომ ამას მისი მეზობელიც ვერ იგრძნობს."

ანალოგიურად, გამრიცხველიანებულია ქალაქი რუსთავი, მაგრამ, ტრადიციისამებრ, ის მაინც ჩაბნელებულია. მიზეზად თანხის ამოღების დაბალი მაჩვენებელი სახელდება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, აქ მრიცხველების სისტემა, გორის მსგავსად, პრობლემის მოწესრიგების საშუალებას იძლევა.

ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას ინფორმაციით, სრული განუკითხაობაა ქუთაისში, სადაც დენის განაწილების ახალი სისტემა მოიფიქრეს:

[ნინო ღაჭავას ხმა] "მთელი ქალაქი არის თეთრი ხაზებით დაქსაქსული. ეგრეთ წოდებულ პრივილეგირებულ ჯიხურებს ეძახიან და მოსახლეობას გადაჰყავს ამ პრივილეგირებული ჯიხურებიდან ხაზები და იხდის 100 -200 ლარს იმის მიხედვით, თუ რა მანძილითაა დაშორებული ამ ჯიხურებიდან."(სტილი დაცულია)

მოუწესრიგებელია ვითარება ზუგდიდშიც. იქ კარგ გადამხდელებს დენს მხოლოდ იმ მიზეზით არ აწვდიან, რომ ელექტროგამანაწილებელ კომპანიას არგადამხდელების მხრიდან თავდასხმის ეშინია.

ასეთ ვითარებაში ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული ხელისუფლებისთვის "რაო-ეესიც" კი მისაღები პარტნიორი ხდება.
სწორედ მის ფინანსურ და ენერგეტიკულ რესურსებზეა დამოკიდებული წინასაარჩევნო პერიოდში ელექტროქაოსის თავიდან აცილება. არადა, სწორედ ამ კომპანიის საქართველოში შემოყვანა იყო წინა ხელისუფლებასთან "ვარდების რევოლუციის" ავტორთა დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ახლა კი "რაო-ეესის" თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი რაპოპორტი თბილისში თელასისათვის საგადასახადო შეღავათების დასაწესებლად ჩამოვიდა და სავარაუდოა, რომ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ამას შეძლებს კიდეც.
XS
SM
MD
LG