Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშეთში მინი რევოლუცია თუ კონტრრევოლუცია დაიწყო


ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა თავად ამ ხელისუფლების წევრებისა თუ მისი მხარდამჭერების პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. აქამდე ყველა საკადრო პრობლემა უხმაუროდ წყდებოდა ხოლმე,

თუმცა მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტის ერთი დანიშვნა ოპოზიციამ გააპროტესტა, მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ლაპარაკია დუშეთის რაიონის ძველი გამგებლის გადაყენებისა და ახალი გამგებლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე. ნინო ბურჯანაძის ამ ნაბიჯს ლეიბორისტული პარტი და დუშეთის მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა.

[აქციის მონაწილეთა ხმაური]

ასეთი ხმაური ისმოდა 19-სა და 20 დეკემბერს დუშეთის რაიონულ ცენტრში, სადაც რაიონის ყოფილი გამგებლის, გოდერძი ბერბერაშვილის, მომხრეები იყვნენ შეკრებილნი და მოქმედ პრეზიდენტ ნინო ბურჯანაძის მიერ ახალი გამგებლის, ირაკლი ბურდულის, დანიშვნას აპროტესტებდნენ. ახალი გამგებელი "ბურჯანაძე-დემოკრატების" წევრი და მხარის ყოფილი გუბერნატორის კობა ბუჩუკურისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მარინა მოლოდინის ნათესავია. ბურდულის ყოფილი კოლეგა ბერბერაშვილი კი ლეიბორისტია და, რადგან დუშეთი ქართველ ლეიბორისტთა სამშობლოდ ითვლება, "ბურჯანაძე-დემოკრატების" ნაბიჯს მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა.

რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მარინა მოლოდინი ამბობს: გამგებელი ბიუჯეტს ვერ ასრულებდა, რაიონს დენი არ მიეწოდებოდა, ხელფასები არ რიგდებოდა და პრეზიდენტმა ბურჯანაძემ ამიტომ გაათავისუფლაო.

[მარინა მოლოდინის ხმა] "ედუარდ შევარდნაძის დანიშნული გამგებელი შეიძლება, რომ შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლებისგან - არამარტო იმისთვის, რომ ის ედუარდ შევარდნაძის დანიშნულია, თუმცა ესეც საკმარისი იქნებოდა. მან ვერ შეასრულა ბიუჯეტი, ვერ რიგდება ხელფასები და პენსიები, იმიტომ რომ ბიუჯეტი გაფლანგულია. და ამ ყველაფრის ფონზე მოხდა მისი გათავისუფლება."

მიუხედავად ამ გარემოებებისა, საპროტესტო აქციის მონაწილეები მაინც ეწინააღმდეგებიან ახალი გამგებლის დანიშვნას და გამგეობის შენობა აქვთ ბლოკირებული. უფრო მეტიც, აქციის სცენარი ძალიან წააგავს ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" სცენარს. თუ "ვარდების რევოლუციის" დროს ოპოზიცია პარლამენტში შეიჭრა, დუშეთში მომიტინგეები "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეიჭრნენ. ხოლო თუ თბილისში კანცელარიის წინ პრეზიდენტ შევარდნაძის სკამი დაწვეს, დუშეთში მაჟორიტარი დეპუტატის მარინა მოლოდინის სკამი ფანჯრიდან მოისროლეს.

[აქციის მონაწილის ხმა] "მოლოდინი და ბუჩუკური დუშეთში არ შემოვიდნენ, სანამ მე აქ ლტოლვილი ვარ."

თუ არ შესრულდა აქციის მოთხოვნები, მაშინ ეს იქნება ხალხის ნება-სურვილის ფეხქვეშ გათელვა და აი, ასეთი უმართავი პროცესები წარიმართება."

ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი ძალადობის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა აქციის მონაწილეებსაც თანაუგრძნობს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "მე პირადად ყოველგვარი დარბევების წინააღმდეგი ვარ, ისე როგორც წინააღმდეგი ვიყავი ამ ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" დროს ძალადობრივი ქმედებებისა - იმისა, რომ ძალით აეღოთ შენობები, იმისა, რომ დაეწვათ სკამები, იმისა, რომ დაელიათ ვიღაცის ნასვამი ჩაი..."

ამ თითქოსდა უმნიშვნელო დაპირისპირების უკან სერიოზული პარტიული, პოლიტიკური ინტერესები დგას. მარინა მოლოდინის განცხადებით, ნათელაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის წამოწყება დუშეთიდან სურს და სწორედ ამიტომ გამოდის თანამდებობიდან გათავისუფლებული გამგებლის მხარდამჭერი. მოლოდინი შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლაში ხედავს. ეს კი ცხადყოფს, რომ " ვარდებით გამარჯვების" შემდეგ უკან დახევა არ სურთ და იმავე მეთოდს მიმართავენ პოზიციების შესანარჩუნებლად, რასაც მათმა წინამორბედმა მიმართა.

კერძოდ, დუშეთში ხელისუფლების მომხრეებმა ოპოზიციის პარალელური მიტინგი წამოიწყეს. ექნება თუ არა ამას ისეთივე დასასრული, ოღონდ ადგილობრივ დონეზე, როგორიც თბილისში ეგრეთ წოდებულ "ვარდების რევოლუციას" ჰქონდა, ძნელი სავარაუდოა. ჯერჯერობით მხარეები მხოლოდ ძალების დემონსტრირებით არიან დაკავებულნი.
XS
SM
MD
LG