Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური შეხედულებებისთვის ადამიანთა დევნის მორიგი ფაქტი აჭარაში


აჭარა პოლიტიკური შეხედულებებისთვის ადამიანთა დევნისა და შეურაცხყოფის სივრცედ რჩება. იქ 22 დეკემბერს დილით ამ რამდენიმე დღის წინ დაარსებული საზოგადოებრივი კომიტეტის აქტივისტი

ლევან კაჭარავა გაიტაცეს და ტყვეობიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. კაჭარავა სასტიკად არის ნაცემი. ის მის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობას პირადად აჭარის მეთაურს ასლან აბაშიძეს აკისრებს. ლევან კაჭარავამ და მისმა თანამოაზრეებმა ბათუმის საზოგადოებრივი კომიტეტი აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აჭარის მოსახლეობის გააქტიურებისთვის შექმნეს.

ლევან კაჭარავა მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიატთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტია. ის ბათუმელთა იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელმაც გაბედა აჭარის ავტონომიის მეთაურსა და მის გარემოცვასთან დაპირისპირება, აჭარაში 4 იანვრის არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გააქტიურება. ბათუმის საზოგადოებრივი კომიტეტის შექმნით ლევანმა და მისმა თანამოაზრეებმა მთელ ქვეყანას დაანახვეს, რომ აჭარაში არსებობენ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ დიქტატორულ რეჟიმთან შეგუებას. რადიო "თავისუფლებისთვის" რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში ლევან კაჭარავამ ჩამოთვალა მიზნები, რისთვისაც ბათუმის საზოგადოებრივი კომიტეტი შექმნა:

[ლევან კაჭარავას ხმა] " ჩვენი უმთავრესი მიზანია ბატონმა ასლან აბაშიძემ გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე, რომ 4 იანვარს აჭარაში ჩატარდება არჩევნები. მოვითხოვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გათავისუფლებას, აგრეთვე იმას, რომ მეთაურმა გამჭვირვალე გახადოს თავისი ოფიციალური ვიზიტები. "

ლევან კაჭარავა აღნიშნავდა, რომ თუ ჩამოთვლილი მიზნების გაცხადებისთვის მას და მის მეგობრებს პრობლემები შეექმნებოდათ, ძალადობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ასლან აბაშიძეს დაეკისრებოდა. ძალადობა მოხდა. 22 დეკემბერს დილით ლევან კაჭარავა გაიტაცეს. გატაცება კაჭარავას სახლთან განხორციელდა. ლევანი დილით ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებდა. სახლიდან გამოსულს, მას უცნობმა პირებმა თავზე პიჯაკი გადააფარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გატაცებიდან რამდენიმე საათში სასტიკად ნაცემი კაჭარავა კვარიათთან იპოვეს. მან უკვე მისცა ჩვენება პოლიციის წარმომადგენლებს. გამტაცებლები მას ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აჭარაში არ უნდა არსებობდეს არავითარი განსხვავებული აზრი:

[ლევან კაჭარავას ხმა] "დღეიდან ხარ აყვანილი ჩვენ მიერ და დაამთავრებ ცხოვრებას დღესო. შემდეგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ატყდა აჟიოტაჟი და ამან გადამარჩინა. მითხრეს, რომ არ უნდა იყოს არავითარი განსხვავებული აზრი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, რომელიც აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, დიდი საფრთხე ემუქრება. "

კაჭარავა გამტაცებლების ვინაობას ვერ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ისინი თავს ასლან აბაშიძის მომხრე ქუჩის ბიჭებად წარმოადგენდნენ. ბათუმის საზოგადოებრივი კომიტეტის დამაარსებელმა 22 დეკემბერს მიმართა უცხოეთის საელჩოებს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დამცველებს და მის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე სათანადო რეაგირება მოითხოვა.

აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მათი ჯგუფის მიმართ ჯერჯერობით პირდაპირ არა, მაგრამ ირიბ ზეწოლას კი აქვს ადგილი. ეს ჩვენთან საუბრისას ბათუმის უნივერსიტეტის პედაგოგმა ზაზა დავითაძემ დაადასტურა. ის და მისი თანამოაზრეები აპირებენ მსჯელობას ლევან კაჭარავას გატაცების ფაქტთან დაკავშირებითაც, რის შემდეგაც შესაბამის განცხადებას გააკეთებენ. 22 დეკემბერს ლევან კაჭარავას გატაცებისა და ცემის გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობამ.
XS
SM
MD
LG