Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში "ზამთრის გათბობის პროგრამა" დაიწყო


ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში, უკვე მეექვსედ, "ზამთრის გათბობის პროგრამას" ახორციელებს. პროგრამის მიზანია დახმარება

აღმოუჩინოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს და 4 თვის მანძილზე ელექტროენერგიის საფასურის გადახდა გაუადვილოს. ამისათვის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოყო 6 მილიონი აშშ დოლარი, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს რეგიონებს მოხმარდება. ეს დახმარება ორმაგად ეფექტურია, რადგან გადაუხდელობის გამო ჩაბნელებული საქართველოს რეგიონები, "ზამთრის გათბობის პროგრამის" წყალობით, ნაწილობრივ მაინც განათდება.

22 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, რომ იწყება "საქართველოს ზამთრის გათბობის დახმარების პროგრამა".

წელს "ზამთრის გათბობის პროგრამისთვის" განკუთვნილი 6 მილიონი დოლარი ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც 1998 წლის შემდეგ გამოიყო სოციალურად დაუცველი ფენების ელექტროენერგიის პრობლემის გადასაწყვეტად. თუმცა ამ პროგრამასთან გადაჯაჭვული დახმარებები გასულ წლებში უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ეს წელსაა. მაგალითად, შარშან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ზამთრის გათბობის პროგრამის ფარგლებში, "AES თელასისთვის" 9 მილიონი დოლარი გამოყო დენის საფასურის ამოღების სისტემის გასაუმჯობესებლად. თუმცა AES-მა მხოლოდ 6 მილიონის ათვისება შეძლო.


მას შემდეგ, რაც თელასი რუსული "რაო-ეესის" მფლობელობაში გადავიდა, შეერთებული შტატების მთავრობამ მისი დახმარება შეწყვიტა და თბილისში სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების მოცულობაც შეამცირა.

[ირაკლი ელაშვილის ხმა] "რეგიონებზე გაკეთდა უფრო დიდი აქცენტი და, შესაბამისად, რეგიონებზე გადანაწილდა უფრო დიდი თანხა, რამდენადაც რეგიონებს უფრო სჭირდებათ, აი, ამ კუთხით დახმარება. თბილისში ბენეფიციართა რაოდენობა არ დაიკლებს. უბრალოდ, თითოეულ სულ მოსახლეზე შემცირდება დახმარების ოდენობა და მთლიანად საქართველოში იქნება 45 ლარი ერთ სულ მოსახლეზე."

ასე განმარტა თბილისის მოსახლეობის დახმარების შემცირება პროგრამის განმახორციელებელი კომპანია"პი-ეი კონსალტინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირაკლი ელაშვილმა. ამ პრიორიტეტების მიხედვით, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი საქართველოს 63 რაიონის მოსახლეობას მოხმარდება, რაც რეგიონების ელექტრომომარაგების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ "პი-ეი კონსალტინგი" ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მენეჯმენტს, რომელიც, თბილისის გარდა, ელექტროენერგიით ამარაგებს დანარჩენ საქართველოს. შესაბამისად, ბუნებრივად გამოიყურება, რომ შეერთებული შტატების დახმარების 60%-ზე მეტის ამთვისებელი სწორედ ეს კომპანია იქნება და არა "რაო-ეესის" თელასი -
მას მხოლოდ 2 მილიონი დოლარი შეხვდება. თუმცა თელასის გენერალური დირექტორი დანგირას ნიკალაიუნასი ამითაც კმაყოფილია.

[დანგირას ნიკალაიუნასის ხმა] "თელასი მიიღებს 2 მილიონ დოლარს. ამ ფულით სოციალურად დაუცველი ხალხის ელექტროენერგია ანაზღაურდება. ეს კი უდიდესი დახმარებაა."

თუმცა ეს დახმარება ენერგეტიკის სფეროში როგორც თელასისთვის, ასევე გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიისთვის საბოლოო იქნება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რიჩარდ მაილსის განცხადებით, "ზამთრის გათბობის პროგრამა" ერთი წლის შემდეგ აღარ გაგრძელდება. მაგრამ მაილსმა იქვე დაამატა, მომავალში ჩვენ საქართველოს სხვა სფეროში დავეხმარებითო.
XS
SM
MD
LG