Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქმედმა პარლამენტმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ზურაბ ადეიშვილი დაამტკიცა


იუსტიციის მინისტრის პოსტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობად მას შემდეგ იქცა, რაც 2000 წელს მინისტრად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა. სააკაშვილმა, სამინისტროს გარეგნული იერსახის შეცვლასთან ერთად,

ამ უწყებაში რეფორმებიც წამოიწყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს პენიტენციური სისტემაც კი გამოგლიჯა. თუმცა მოგვიანებით სწორედ ამ რეფორმებმა შეუქმნა უამრავი პრობლემა როგორც სააკაშვილის შემცვლელს, ასევე თავად იუსტიციის სისტემას. ახლა ამ პრობლემებთან ჭიდილი მოუწევს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.

ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრის პოსტზე დამტკიცებას 120-მა პარლამენტარმა მისცა ხმა, მისი კანდიდატურის წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ძნელი სათქმელია, პარლამენტში ამ დროს იყო თუ არა კვორუმი, თუმცა ნათლად ჩანდა, რომ ზოგიერთი დეპუტატი ხმას სხვის ნაცვლადაც აძლევდა. ამგვარად დამტკიცებულ მინისტრს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვასა და იუსტიციის რეფორმირებაზე მოუწევს მუშაობა.

ზურაბ ადეიშვილის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: იგი 1972 წელს ყვარლის რაიონში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1998-99 წლებში სწავლობდა ჰოლანდიის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1999 წელს კი, მოქალაქეთა კავშირის სიით, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და იურიდიული კომიტეტის სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 2001 წლიდან - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ.

ახლა ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრია და, უამრავ პრობლემასთან ერთად, პენიტენციური სისტემის დარეგულირებაც მოუწევს. გასულ წლებში იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან პატიმართა ათეულობით გაქცევა განხორციელდა. ადეიშვილის წინამორბედი როლანდ გილიგაშვილი 2003 წელს ციხიდან 130 პატიმრის გაქცევის გამო გადადგა. შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და, მათ შორის, ჩვენს რადიომსმენელსაც, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი ელექტრონული წერილები მოწმობს, უჩნდება ეჭვი, შეძლებს თუ არა ზურაბ ადეიშვილის პრაქტიკის მქონე კადრი იუსტიციის სისტემის მართვას.


ადეიშვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 26 დეკემბერს მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, ადეიშვილი ჩემ მიერ დაწყებულ ციხის მშენებლობას დაამთავრებს და ყველა მინისტრს, ვინც არ დამემორჩილება, თავს იმ ციხეში ამოვაყოფინებთო. ზურაბ ადეიშვილის განცხადებებიდანც ჩანს, რომ ის სააკაშვილის საქმის გაგრძელებას გეგმავს. მოახერხებს თუ არა ამას, ახლო მომავალში გამოჩნდება.

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] "პირველი საკითხი იქნება ანტიკორუფციული პაკეტის მომზადება, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ თანამდებობის პირთა მიცემის გაიოლებას, რომლებიც კორუფციაში მონაწილეობდნენ."

ადეიშვილმა კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც დაასახელა:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] "საჯარო რეესტრის შექმნა, რაც გულისხმობს ყველა დოკუმენტის კომპიუტერული სისტემისა და ბაზის შექმნას, მათ შორის, პირადობის მოწმობების და ასევე მოქალაქეთა ჩაწერის. ყველა დოკუმენტი უნდა გაიცეს უფასოდ, რათა მოქალქეებმა იგრძნონ, რომ ეს სახელმწიფო არის მათი მსახური და არა ის ფეოდალური სამთავროები, რომლებიც აქამდე არსებობდა."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG