Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

" სამართლიანი არჩევნები" 4 იანვარს საარჩევნო მონიტორინგის თითქმის ყველა ხერხის გამოყენებას გეგმავს


"სამართლიანი არჩევნები " 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე წარმომადგენლობითი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია იქნება. საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო

უბნებზე მიმაგრებული ინდივიდუალური დამკვირვებლების გარდა, არჩევნების დღეს იმუშავებენ ასევე მობილური შემოვლითი ჯგუფებიც. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთა საერთო რაოდენობა თავისუფლად იძლევა მონიტორინგის როგორც ერთი, ისე მეორე ფორმის გამოყენების საშუალებას: 870 უბანზე "სამართლიანი არჩევნები" 2950 დამკვირვებელს გზავნის - მათ შორის, აჭარაში 250 კაცს. კენჭისყრის პროცედურაზე დაკვირვების გარდა, "სამართლიანი არჩევნები " ასევე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის განსაზღვრას და ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" უკვე მეორედ დარჩა ხელმძღვანელი პირის გარეშე: პირველად მაშინ, როცა დროებითი ხელისუფლების წარდგინებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სწორედ "სამართლიანი არჩევნების" უფროსი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა; ამ რამდენიმე დღის წინ კი თანამდებობიდან გადადგომისა და ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ახალმა დირექტორმა ხათუნა ხვიჩიამ. მან "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელ პოსტზე სულ რაღაც ხუთი დღის განმავლობაში იმუშავა. ხათუნა ხვიჩია თავისი გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს. მეორე მხრივ კი, სწორედ მისი გადაწყვეტილების გამო, "სამართლიანი არჩევნები", თავისი არსებობის მანძილზე პირველად, 4 იანვარს დირექტორის გარეშე ხვდება. როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შექმნილი ვითარება არანაირად არ იმოქმედებს "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო საქმიანობის ხარისხზე. პირიქით, იგი ამბობს, რომ ორგანიზაცია ბევრად უფრო მასშტაბურად წარმართავს თავის საქმიანობას. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ, 2 ნოემბრის არჩევნებისგან განსხვავებით, 4 იანვარს ორგანიზაცია სრულად მოიცავს საქართველოში გახსნილ ყველა საარჩევნო უბანს. დამკვირვებელთა ფუნქციებში შედის კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, პარალელური დათვლის ოქმების მოპოვება და ამომრჩევლის აქტივობის განსაზღვრა.

[თამარ ჟვანიას ხმა] "მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაითვლის აქტივობის მაჩვენებელს. თუმცა ჩვენ დღის განმავლობაში ორჯერ გვექნება ეს მაჩვენებელი. და ჩვენ დავითვლით არა იმ მონაცემიდან, რაც საარჩევნო სიებში იქნება, ანუ, ვთქვათ, ხუთასი კაცია ერთ უბანზე რეგისტრირებული, მაგრამ მივიდა 125 კაცი, მაგრამ 100 ხუთასიდან და 25 ხელნაწერის სახით დაემატა არჩევნების დღეს. ჩვენ დავითვლით მისულებით დამატებული, ანუ სიებში მყოფს კიდევ რაც დაემატება, იქიდან აქტივობის მაჩვენებელს. ეს იქნება აბსოლუტურად რეალური მაჩვენებელი."(სტილი დაცულია)

აქტივობის მაჩვენებელი განსაზღვრავს, ჩატარებულად შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არჩევნები და მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტი. რაც შეეხება ხმების პარალელურ დათვლას, თამარ ჟვანია განმარტავს, რომ, 2 ნოემბრის არჩევნებთან შედარებით, არ იცვლება მეთოდოლოგია.

[თამარ ჟვანიას ხმა] "ჩვეულებრივად, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე იყო რეპრეზენტატული ჩვენი მაჩვენებლები, ასევე იქნება ეხლაც. ასახავს ყველა საარჩევნო უბანს, შემდგომ ჩვენ ამის გადამოწმებას ვახდენდით ყოველთვის და წინამაც აჩვენა, რომ ცდომილებები და ალბათობები, ცდომილებები ამ შემთხვევაში იყო ძალიან დაბალი. თითქმის რეპრეზენტატული იყო მთელი არჩევნების შედეგებისა და იმ ნების, რაც ხალხმა გამოხატა."(სტილი დაცულია)

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელი დარღვევები საარჩევნო დავების სასამართლოებში გადატანის ალბათობას არ გამორიცხავს - იმის მიუხედავადაც კი, რომ დამკვირვებელთა მწვავე რეაგირებას საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაკლებად ელიან.
4 იანვრის შემდეგ კი უშუალოდ "სამართლიანი არჩევნებისთვისაც" მნიშვნელოვანი ეტაპი დგება: ორგანიზაციის დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადება სწორედ ამ თარიღის შემდეგაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG