Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიშა ახალი პარტიისთვის თავისუფალია


2004 წელს საქართველოს მოსახლეობა სამომავლო იმედით და ცვლილებების მოლოდინით შეხვდა. ერთი სიახლე, რომელსაც უსათუოდ მოითხოვს არა რიგითი მოქალაქე, არამედ - პოლიტიკური

ლოგიკა და ქვეყნის ინტერესები, ახალი, ძლიერი, კონკურენტუნარიანი პარტიის ჩამოყალიბებაა.

"ვარდების რევოლუციად" წოდებულმა მოვლენამ ისეთი სერიოზული რყევა გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრში, რომ მის შედეგებს არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა ვაცნობიერებთ. შედეგებიდან უმთავრესი ის არის, რომ ამჟამად არსებული პარტიების უმრავლესობას გაუჭირდება ოდესმე მოიპოვოს ამომრჩევლის სერიოზული ნდობა და სახელისუფლო პარტიად გადაიქცეს. შესაბამისად, საქართველოში დადგა პოლიტიკური მომენტი, როდესაც აშკარაა ახალი პარტიის შექმნის აუცილებლობა, თუმცა ჯერჯერობით არც მომავალი ლიდერი ჩანს და არც რაიმე კონტური ამ პოლიტიკური ორგანიზაციისა.

თუ ნაციონალური მოძრაობა და "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ერთიან სუბიექტად გამოვლენ, ამ შემთხვევაში, მათ გარდა, 7%-იანი ბარიერის გადალახვის მეტ-ნაკლებად რეალური შესაძლებლობა დარჩება მხოლოდ აღორძინების კავშირს. მაგრამ აღორძინების კავშირი უფრო წარსულის პარტიაა, ვიდრე მომავლის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაციონალებსა და ბურჯანაძე-დემოკრატებს შორის, ადრე თუ გვიან, განხეთქილება მოხდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ორიდან ოპოზიციაში გადასულმა პარტიამ სერიოზული სამომავლო პერსპექტივა შეინარჩუნოს. "ვარდების რევოლუციამ" მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომ ყველა მოქმედი ლიდერი და პარტია (მათ შორის, გამარჯვებულებიც კი), ასე თუ ისე, წარსულის კუთვნილებად აქცია.

როგორც ჩანს, ამას თავად მიხეილ სააკაშვილიც გრძნობს. თვითმხილველები ამოწმებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას მას უთქვამს: თუ ახლა ამირჩიეს, პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით კენჭისყრას არ ვაპირებ. მინდა ავისრულო ზვიად გამსახურდიას ძველი ოცნება: საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი, დავჯდე რუსთაველის გამზირზე რომელიმე კაფეში და ერთი ფინჯანი ყავა დავლიოო.

ამ ფრაზას ლირიკის საბურველს თუ ჩამოვხსნით, იმ რეალობას მივიღებთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ კალენდარზე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დრო ძალიან სწრაფად გარბის. შესაბამისად, ხუთი წლის შემდეგ ხელისუფლება ბუნებრივად დადგება განახლების, "ახალი სისხლის გადასხმის" აუცილებლობის წინაშე.

ახლა საკითხავი ისაა, ვინ, როდის და როგორ შეავსებს ახალი პარტიისთვის წარმოქმნილ ნიშას. ვინ იგრძნობს დროის მოთხოვნას და ვინ შეძლებს, ერთდროულად მორალურ, ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსზე დაყრდნობით, ახალი, თანამედროვე, კონკურენტუნარიანი პარტიის შექმნას. თუ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ასეთი ლიდერი გამოჩნდება, მას, სხვებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები ექნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად.
XS
SM
MD
LG