Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნებს არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციები


2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა თავად საპარლამენტო არჩევნების ბედი.

სხვადასხვა ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები ყველაზე წვრილმან დარღვევასაც კი ასაჩივრებდნენ. ახლაც, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კვლავინდებურად აქტიურობენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა სადამკვირვებლო მისიები. თუმცა, ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შექმნილი ვითარების წყალობით, მათ მხოლოდ მცირე დარღვევებისა და კურიოზების აღწერა უწევთ.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის თამარ ჟვანიას განცხადებით, კურიოზს დაემსგავსა ნაძალადევის რაიონის ოცდამეცხრე საარჩევნო უბნის საქციელი:

[თამარ ჟვანიას ხმა] " კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიულეტენებს, რომლებიც გამოიყენეს უკვე ამომრჩევლებმა და რომელიც უნდა ჩაუშვან საარჩევნო ყუთში, ახევენ პატარა ნაკუწებს, შემდეგ ამ ნაკუწებს ინახავენ და ამით ითვლიან აქტივობას. ეს, მართლაც, კურიოზული შემთხვევა გვაქვს. საქართველოს ისტორიას ნაკუწებით აქტივობის დათვლა, მე მგონი, არ ახსოვს."( სტილი დაცულია)

მსგავსი ზედმეტი მონდომება შეიმჩნეოდა სხვა უბნებშიც, სადაც კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენზე, ერთი ხელმოწერის ნაცვლად, ორ ხელმოწერას აკეთებენ ან კიდევ სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას მართვის მოწმობის ან სტუდენტური ბილეთის საფუძველზე ახორციელებენ. იყო შემთხვევები, მაგალითად, რუსთავში, როდესაც საარჩევნო კომისიებს ბიულეტენები გაუთავდათ და დამატებითი ბიულეტენების მიტანა გახდა საჭირო.

4 იანვრის საარჩევნო დღის მანძილზე "სამართლიანმა არჩევნებმა" ყველაზე დიდი დარღვევები ქვემო ქართლის რეგიონში აღმოაჩინა. კერძოდ კი, დმანისის ოლქის მეორე საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბიულეტენების ჩაყრა სცადეს.


ხოლო "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის გოგა ქველაძის განცხადებით, მარნეულის ოლქის 22-ე უბანში მთლიანად დარღვეული იყო კენჭისყრის პროცედურა და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.

[გოგა ქველაძის ხმა] "ეს პიროვნება ჩამოვიდა სულ ახლახან და განაცხადა, რომ, უბრალოდ, დაკვირვება - შედეგების შეჯამების დაკვირვება, უბრალოდ, იყო შეუძლებელი, იმიტომ რომ იყო უამრავი ზეწოლა. რეალურად, ამ ადამიანს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ განეხორციელებინა მონიტორინგი და დარჩენილიყო ამ უბანზე."(სტილი დაცულია)

"სამართლიანი არჩევნების" ცნობით, ორივე ფაქტზე მომზადებულია სპეციალური საჩივარი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევები მხოლოდ ერთეულ საარჩევნო უბნებზე აღინიშნა და მას არ ჰქონია მასობრივი ხასიათი, ამიტომ მათი გავლენაც არჩევნების საბოლოო შედეგზე უმნიშვნელო იქნება. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის თამარ ჟვანიას განცხადებით, თითქმის ყველა დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაციათა მოუმზადებლობის შედეგია.

[თამარ ჟვანიას ხმა]

რაც შეეხება აჭარის ავტონომიაში გამართულ არჩევნებს, იქაც, როგორც დანარჩენ საქართველოში, სხვადასხვა ტიპის წვრილმანი დარღვევები დაფიქსირდა. მთავარი კი მაინც ის არის, რომ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, ავტონომიაში გახსნილ საარჩევნო უბნებში ძველ, 2 ნოემბრის დროინდელ, საარჩევნო სიებს იყენებდნენ.

ამის გარდა, ქედის რაიონში აღინიშნა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები; ბათუმში გადასატანი ყუთი გაიტაცეს, შემდეგ უკან დააბრუნეს და ასე შემდეგ. აჭარაში აღმოჩენილი დარღვევების მნიშვნელობას, გარკვეულწილად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეგროვებული მონაცემები აკნინებს. კერძოდ კი, დაახლოებით 300 ათასი ამომრჩევლიდან 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ 67 ათასმა მიიღო მონაწილეობა.

დარღვევების შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა უფრო დეტალური ანგარიშების გამოქვეყნება 5 იანვრისთვისაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG