Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მასმედიის განვითარების ამერიკული გეგმა კონტურებს იძენს


შეერთებული შტატების ამბიციური გეგმა, რომელიც ერაყში მასმედიის აღდგენას ისახავს მიზნად, კონტურებს იძენს. დამტკიცებულია დაახლოებით 250 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტები,

რომლებიც ერაყის ტელე-რადიომაუწყებლობისა და ბეჭდური მედიის განვითარებისთვის არის მოწოდებული.


ერაყში მოქმედმა სამხედრო კოალიციამ 96 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გასცა სატელკომუნიკაციო მოწყობილობის ამერიკულ ფირმას. მან ერაყში ტელე-რადიომაუწყებლობისა და ბეჭდური მედიის განვითარებისთვის საჭირო საქმე უნდა გასწიოს შემდგომი 12 თვის მანძილზე.

გარდა ამისა, რამდენიმე კვირაში ამოქმედდება შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ახალი არაბულენოვანი სატელევიზიო ქსელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის იმაუწყებლებს.

"ჰარის კორპორეიშნმა", რომელსაც ფლორიდაში უდევს ბინა, პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ახლო აღმოსავლეთში მოქმედ მასმედიის ორ კომპანიასთან, რათა შეიქმნას ახალი სამაუწყებლო ქსელი, რომელიც დღესდღეობით "ალ-ირაყიას" სახელით არის ცნობილი. ქსელის მიზანია, ჩაენაცვლოს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროინდელ საინფორმაციო საშუალებებს.

"ჰარის კორპორეიშნის" ხელმძღვანელი ჰოვარდ ლანსი მოხარულია, რომ კომპანიასა და მის პარტნიორებს ერაყის სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ.

[ლანსის ხმა] "პროექტით, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, გვევალება ერაყის მედიის ქსელის შექმნა. ესაა ორი რადიოარხის, ორი სატელევიზიო არხისა და ერთი ყოველდღიური გაზეთის კომბინაცია. უპირველესი ამოცანაა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი ერაყელებით იქნება დაკომპლექტებული და გარკვეული სახის დირექტორთა საბჭოს მიერ იქნება მართული. მან ძალზე მაღალ დონეზე უნდა შეძლოს მოქმედება ადგილობრივი საინფორმაციო პროგრამების, აგრეთვე გასართობი პროგრამების მომზადებისა და მაუწყებლობის სფეროში და ა.შ."

ლანსის თქმით, ერაყის მედიის ქსელი როცა ამოქმედდება, მას ექნება 30 ტელე- და რადიოგადამცემი, სამი სამაუწყებლო სტუდია და 12 ბიურო მთელს ერაყში. აგრეთვე მასში იქნება ინტეგრირებული გაზეთი "ალ-საბა", რომელსაც სადამის ვაჟი უდაი ედგა სათავეში.

როცა კოალიციის ჯარებმა 2003 წლის აპრილში სადამის რეჟიმი დაამხეს, მათ ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო სამაუწყებლო სამსახურები. მას მერე მათ უძღვება შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული ერთ-ერთი ამერიკული კომპანია.

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ახალი უწყების საქმიანობას ხშირად აკრიტიკებდნენ არაეფექტიანი მუშაობისთვის.

"ჰარის კორპორეიშნი" აცხადებს, რომ ახალ სამაუწყებლო ქსელს უზრუნველყოფს აუცილებელი ტექნიკით და მართვის გამოცდილებით. თანამშრომელთა წვრთნას ითავებს ლიბანის სამაუწყებლო კორპორაცია. ხოლო მეორე პარტნიორი ქუვეითიდან საგაზეთო ბიზნესის ფეხზე დაყენებას ითავებს.

ჯერჯერობით არ არის გარკვეული, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ დარჩება თუ არა ახალი ქსელი, თუ ერაყის ხელისუფლებას გადაეცემა - მას მერე, რაც იგი პირველი ივლისიდან გადაიბარებს სახელმწიფო სუვერენიტეტს.

შეერთებული შტატების ინიციატივა არის რეაქცია არაბულენოვანი სამყაროს მასმედიაში არსებულ ვითარებაზე, რომელშიც კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელეკომპანიები "ალ-ჯაზირა" და "ალ-არაბია" დომინირებენ.
XS
SM
MD
LG