Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვიან აჭარაში პრესის თავისუფლებას


ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსაკუთრებით შეიცვალა დამოკიდებულება როგორც თავისუფალი აზრის, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

ბათუმში "კმარას" აქტივისტების დაკავების შემდეგ ავტონომიის ტერიტორიაზე რამდენიმე ტელე და რადიო არხი გათიშეს, ხოლო 13 იანვარს აჭარის უშიშროების სამინისტროს მახლობლად ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს. როგორ ებრძვიან აჭარაში პრესის თავისუფლებას?

ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებულ "ვარდების რევოლუციამდე" აჭარის ტერიტორიაზე მაუწყებლობა შეწყვიტა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-მა. ახლახან იგივე ბედი გაიზიარა რადიო "იმედმაც". 13 იანვარს კი სასტიკად იქნა ნაცემი ტელეკომპანია "იმედის" ტელეოპერატორი დავით გოგიტაური. იგი, ჟურნალისტთან ერთად, ბათუმის ერთ-ერთი სახლის მეხუთე სართულზე გამოფენილი ხუთჯვრიანი დროშის გამო მეზობლებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გადასაღებად მივიდა. თუმცა გაირკვა, რომ მათ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებული გოგიტაური მასზე თავდასხმის ამბავს ასე აღწერს:

[დავით გოგიტაურის ხმა] "რომ ავედით, არავითარი მეზობელი იქ არ დაგვხვდა. კარებზე დავაკაკუნეთ, კარები არავინ არ გაგვიღო, ფაქტიურად. რაღაც ჩურჩული გავიგონე და კამერა მივანათე, ვინ ხართ- მეთქი. ამის თქმა და წამოსვლა, უცებ კამერის წართმევა და... ხომ გითხარით, ამ გადაღებებზე ნუ დაეთრევით და... ოთხი ხელი უცებ მომხვდა. რაზე მირტყამთ- მეთქი, მე ვუთხარი, არაფერი არ გადამიღია- მეთქი. ნამდვილად არაფერი არ მქონდა გადაღებული. სულ ფეხების რტყმევით და იმით გამომაძევეს სადარბაზოდან. მე წინააღმდეგობა არ გავუწიე, იმიტომ რომ მომკლავდნენ, რა."

აჭარაში მომუშავე ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორ დავით გოგიტაურზე ადრეც არაერთხელ ჰქონია ადგილი ფიზიკურ ზეწოლას, ისევე როგორც ტელე-"იმედისა" თუ მასმედიის სხვა წარმომადგენელთა მიმართ. მედიაზე ამ ღია თუ ფარული ზეწოლის ფაქტებზე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე ასე რეაგირებს:

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "თემა საკმაოდ ხმაურდება იმისათვის, რომ მასობრივი საშუალებები გამოყენებული იქნას სერიოზული დაპირისპირების ფონის შექმნისათვის. ამას, გარკვეულწილად, შესაძლებელია, ხელს უწყობდეს გარკვეული ჯგუფები, ვინც უშუალოდ არის დაინტერესებული. საქართველოში ზოგადად განვითარებული მოვლენები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მთელი აგრესიის გადმოტანა და მოსახლეობის აგრესიის გადმოტანა სურთ აჭარის ხელისუფლებაზე. მაგრამ ვინ არის ეს ძალები და რამდენად შეიძლება უშუალოდ მოდიოდეს საქართველოს ხელისუფლებისგან, პრეზიდენტისგან, ეს კითხვის ნიშანში ჯდება..."(სტილი დაცულია)

ჯემალ გოგიტიძის ეს განცხადება თავის მართლების მცდელობას უფრო წააგავს, რადგან მას და მის უწყებას ერთხელაც არ უცდია აღეკვეთა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მებრძოლი იმ კარგად გაწვრთნილი და ფიზიკურად მომზადებული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სტაბილურობით მოამაყე აჭარის ტერიტორიაზე თარეშობს.


აჭარის პრობლემატიკის მცოდნე ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელ პრესასა და განსხვავებულ აზრზე ზეწოლა აჭარის ხელისუფლების ინტერესებში შედის:

[მაია თაბაგარის ხმა] "ტელეკომპანია "იმედი" არის ერთადერთი ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობაც ამ ეტაპზე ვრცელდება აჭარაში. ალტერნატიული აზრის მოსმენა აჭარის ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ ტელეკომპანია "იმედის" მეშვეობით. და ეს, ალბათ, პასუხს სცემს გარკვეულ კითხვებს."

ეს იყო ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკის" რედაქტორი მაია თაბაგარი. მის ნათქვამს დავამატებ, რომ 14 იანვარს აჭარაში დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას, ქართულ საინფორმაციო საშუალებებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და დამნაშავეთა დასჯა და მსგავსი ფაქტების აღკვეთა მოითხოვეს. თუმცა 14 იანვარსვე გავრცელებული ცნობის მიხედვით, დარბევების აღკვეთის ნაცვლად, აჭარის სამართალდამცველებმა სოფელ გონიოს მოსახლეობაში სადამსჯელო აქცია გამართეს. სახალხო მოძრაობა « ჩვენი აჭარის » კოორდინატორის ჯონი მიქელაძის ინფორმაციით, ოპერაციას პირადად აჭარის უშიშროების მინისტრი სერგო გოგიტიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

როგორც სააგენტო « ინტერ-პრესს » ჯონი მიქელაძემ განუცხადა, აჭარის სამართალდამცავები დაუნდობლად უსწორდებიან იმ მოქალაქეებს, რომლებთანაც ხუთჯვრიანი დროშების ჩამოსახსნელად ჩატარებულმა განმარტებითმა მუშაობამ შედეგი არ გამოიღო.
XS
SM
MD
LG