Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და ერაყის ოპოზიცია ერაყის პოლიტიკურ მომავალზე ვერ თანხმდებიან


ერაყელ შიიტთა ლიდერ აიათოლა ალ-სისტანის მიერ აგორებულმა საპროტესტო ტალღამ

სერიოზულად დააფიქრა შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრატორი ერაყში. პოლ ბრემერი იძულებული გახდა ვაშინგტონს გამგზავრებულიყო, რომ პრეზიდენტ ბუშთან ერაყის ხელისუფლების მომავალზე ემსჯელა. შეერთებული შტატები გეგმავს, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისისთვის ძალაუფლება დანიშნულ გარდამავალ ხელისუფლებას გადასცეს.

ხუთშაბათს ათეულობით ათასი ერაყელი გამოვიდა ქალაქ ბასრაში საპროტესტო აქციაზე. ისინი გამოხატავდნენ წინააღმდეგობას შტატების გეგმის მიმართ და მხარს უჭერდნენ ერაყელ შიიტთა ლიდერ აიათოლა ალ-სისტანის ინიციატივას ერაყის მომავალი ხელისუფლების არჩევის თაობაზე.

15 იანვარს ბასრაში გამოსული მრავალი ათასი ადამიანი ერთხმად გაიძახოდა [აქციის მონაწილეთა შეძახილები]: "არა, არა ამერიკას, გაუმარჯოს სისტანის, გაუმარჯოს არჩევნებს". შიიტთა ლიდერ აიათოლა ალ-სისტანის სურს, რომ ერაყის მომავალი მთავრობა პირდაპირი არჩევნების გზით შეიქმნას. შიიტები ერაყის 25 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის სამოც პროცენტს შეადგენენ.

პოლ ბრემერი და კოალიციის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ სისტანის, მაგრამ 30 ივნისამდე პირდაპირი არჩევნების ჩატარება ერაყში არასტაბილურობის, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო საფუძვლისა და ერაყის ამომრჩეველთა შესახებ ზუსტი მონაცემების არარსებობის ფონზე შეუძლებლად მიაჩნიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ბასრაში გამართულ საპროტესტო აქციას არსებითად დადებით მოვლენად მიიჩნევს. დეპარტამენტის პრეს-მიდვანმა რიჩარდ ბაუჩერმა 15 იანვრის ბრიფინგზე განაცხადა:

[ბაუჩერის ხმა]
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 10-12 წლის წინ, როცა შიიტთა ერთმა ნაწილმა გამოხატა პროტესტი, მათ სასტიკად გაუსწორდნენ. ასე რომ, ფაქტი, რომ ერაყში დემონსტრაციები იმართება, არსებითად დადებითი მოვლენაა. ვაღიარებთ და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ისინი გამოხატავენ პროტესტს ჩვენს მიმართ და იმის გამო, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთება ვერ შევძელით".

ბასრის დემონსტრაცია იყო ყველაზე მასშტაბური ერაყში დღემდე მოწყობილ ასეთ აქციათა შორის. როგორც ბრიტანელი სამხედროები ამბობენ, მასში 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სისტანის თანაშემწე იმუქრება, რომ, თუკი შტატები არ გაითვალისწინებს პირდაპირი არჩევნების ჩატარების შესახებ მოთხოვნას, კიდევ უფრო მასშტაბური აქციები მოეწყობა.

შიიტები შიშობენ, რომ ის სქემა, რომლითაც შტატებს სურს ერაყის მომავალი ხელისუფლების ფორმირება, შიიტებს მთავრობის გარეთ დატოვებს. შიიტთა მეორე ლიდერმა აბდულხაკიმ ალ-საფიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისიც პირდაპირი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ერაყის მმართველი საბჭოს ახლანდელი თავმჯდომარე ადნან პაჩაჩი ირწმუნება, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. პაჩაჩი არ უარყოფს, რომ პირდაპირი არჩევნები ხელისუფლების ფორმირების საუკეთესო გზაა, მხოლოდ - აწყობილ ქვეყანაში:

[პაჩაჩის ხმა]
"ყველა ჩვენგანისთვის ნათელია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა არჩევისთვის საუკეთესო გზა პირდაპირი არჩევნების ჩატარებაა. მხოლოდ ეს გზა კარგია მაშინ, როცა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ საკმარისი დრო გვაქვს არჩევნების სათანადოდ მომზადებისა და ჩატარებისთვის".

ერაყის მმართველი საბჭოს წევრები ასევე აცხადებენ, რომ ერაყელებისთვის ხელისუფლების გადაცემის თარიღის გადაწევა კიდევ უფრო გააჭიანურებს ერაყის ოკუპაციის პერიოდს.

ორშაბათს, 19 იანვარს პოლ ბრემერი ერაყის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს შეხვდება. ნიუ-იორკის შეხვედრა ერაყში გაეროს დაბრუნებაზე მსჯელობას დაეთმობა.

ერაყის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი გაეროს როლის შესახებ ამბობს:

[ზებარის ხმა]
"ადრეც გვითქვამს, რომ მივესალმებით გაეროს ქმედით და ძლიერ როლს ერაყში. ჩვენ გამოვდივართ ერაყში გაეროს დაბრუნების ინიციატივით და ვითანამშრომლებთ მასთან ნებისმიერ სფეროში. გაერომ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ პროცესში, არჩევნებსა და საკონსტიტუციო პროცესში".

თავად გაეროს წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ მოცემულ ეტაპზე გაეროს დაბრუნებას ერაყში და ამის მთავარ მიზეზად იქ არსებულ არასტაბილურ ვითარებას ასახელებენ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG