Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაული და სასჯელი ახალ ქართულ სინამდვილეში


საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლა შევარდნაძის მმართველობის პერიოდის ჩინოვნიკების დაპატიმრებებით დაიწყო. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას შემდეგ შინაგან საქმეთა

სამინისტროს თანამშრომლებმა რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე დააპატიმრეს. ჩხაიძის დაკავება 16 იანვარს ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა, ამავე დღეს ის თბილისში გადმოიყვანეს. რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. აკაკი ჩხაიძეს სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობის გადასახადების დამალვაში ედება ბრალი. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობა ელის. თუმცა ვნახოთ. საქართველოს ახალ ხელისუფლებას დანაშაულისა და სასჯელისადმი თავისებური მიდგომა აქვს.


რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფის აკაკი ჩხაიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მიმართულებით არის აღძრული. ის ეჭვმიტანილია რკინიგზის ლიანდაგების ჯართის სახით უკანონო გაყიდვაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში. აკაკი ჩხაიძე 16 იანვარს პირდაპირ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, ოპერაციის ჩატარება დააჩქარა ოპერატიულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, აკაკი ჩხაიძე 17 იანვარს საქართველოს დატოვებას აპირებდა. აქვე შევნიშნავთ, რომ აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინააღმდეგობა გაუწია ბათუმში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მოქმედებას. ცენტრალური ხელისუფლება მზად იყო საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოეყენებინა, თუმცა ძალის გამოყენება საჭირო არ გახდა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "აკაკი ჩხაიძე 2003 წლის 30 დეკემბერს იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად და დაიკითხა გამოძიების მიერ ბათუმის საავადმყოფოში ადვოკატის თანდასწრებით. ოპერატიული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ აკაკი ჩხაიძე 17 იანვარს აპირებდა საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრებას. "

როგორც ვხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აკაკი ჩხაიძე 2003 წლის 30 დეკემბერს იქნა ეჭვმიტანილი. 16 იანვარს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგზე მან ისიც განმარტა, რაში იქნა რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფი ეჭვმიტანილი. ეს არის სახელმწიფო გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. ჩხაიძე ეჭვმიტანილია სახელმწიფოსგან მიღებული უძრავი ქონებისთვის 134121 ლარის ოდენობის გადასახადის დამალვაში. ეს - საწყის ეტაპზე. დანარჩენი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. აკაკი ჩხაიძე ბათუმის საავადმყოფოდან თბილისში სასწრაფო სამედიცინო მანქანის თანხლებით ჩამოიყვანეს. აქ მას გამომძიებლის შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. საბოლოო სიტყვას კი მართლმსაჯულება იტყვის, მართლმსაჯულება, რომელსაც, ალბათ, მოუხდება გაითვალისწინოს დანაშაულისა და სასჯელის საკითხისადმი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების, პირველ რიგში კი, ახლად არჩეული პრეზიდენტის თავისებური მიდგომა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " რა თქმა უნდა, ჩასხდნენ, მაგრამ სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს ფულის მოტანის ფაქტი ან ინფორმაციის მოცემის ფაქტი სხვა, უფრო მსხვილ, კორუმპირებულებზე. ჩვენ ეს კანონპროექტი გაგვაქვს. ჩვენთვის მთავარია დავიბრუნოთ ფული, ნაძარცვი. თუმცა გარწმუნებთ, სასჯელსაც ვერავინ გაექცევა. "

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას 724000 ლარის გადახდა მოუხდა იმისთვის, რომ სამართალდამცავებს მის მიმართ წაყენებული პრეტენზიების ანულირება მოეხდინათ. საინტერესოა, მოხდება თუ არა იგივე აკაკი ჩხაიძის შემთხვევაშიც, თუ ის ფულს გადაიხდის.
XS
SM
MD
LG