Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ტელეეკრანებს მომღერალი ქალები დაუბრუნდნენ


დღეს გიამბობთ ერთ გახმაურებულ დაპირისპირებაზე,

რომელიც ავღანეთში მოხდა ერთი, თითქოსდა, სრულიად უწყინარი ამბის გამო...

უწყინარი ამბავი არის ის, რისი მოწმეც, თუნდაც თქვენ, ჩვენი მსმენელი, ალბათ, ყოველ დღე ხდებით სრულიად მშვიდად, აუღელვებლად და, თუ მუსიკის მოყვარული ბრძანდებით, სიამოვნებასაც იღებთ. ეს გახლავთ მომღერალი ქალის გამოსვლა ტელევიზიით.

მაგრამ ის, რაც თქვენთვის და საერთოდ, საქართველოსა თუ უცხოეთის ქვეყნების უმრავლესობაში ჩვეულებრივი ამბავია, აღშფოთებას იწვევს ავღანეთში. ყოველ შემთხვევაში ავღანეთის გარკვეულ წრეებში: [იანაგა ალეკოზაის ხმა] "მოჯაჰედების მთავრობამ 1992 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ აკრძალა ტელევიზიით მომღერალი ქალების ჩვენება. მერე, 1996 წლის სექტემბერში ხელისუფლების სათავეში თალიბანი ჩადგა. თალიბებმა კი მოჯაჰედებზე უფრო მკაცრი წესები შემოიღეს და ძალაში დატოვეს ქალების სიმღერის აკრძალვა". ოღონდ აკრძალვა, რომლის შესახებ ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის თანამშრომელი იანაგა ალეკოზაიმ გვიამბო, თალიბანის პერიოდში უკვე არა მარტო ტელეგამოსახულებებს, საერთოდ, ქალის საჯაროდ სიმღერას, მისი რადიოს მეშვეობითა თუ ჩანაწერის სახით გავრცელებას შეეხო.

ასე მოხდა, რომ ავღანელი ტელემაყურებელი, რომელსაც მომღერალი ქალი 10 წელზე მეტხანს არ უნახავს, გასულ კვირაში, 12 იანვარს ერთგვარი სენსაციის მომსწრე გახდა: ქაბულის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ნაწყვეტი დაახლოებით 30 წლის წინანდელი კინოფილმიდან - სიმღერა 70-იანი და 80-იანი წლების პოპულარული მომღერლის, სალმას შესრულებით: [მუსიკა]
"მთის მწვერვალებზე ქარიშხალია - არ წახვიდე, ამაღამ აქ დარჩი, გარეთ წვიმსო", მღერის პაშტუს ენაზე თეთრ და წითელ ფერებში გამოწყობილი თავსაფრიანი სალმა. იმავე საღამოს ქაბულის ტელევიზიამ კიდევ ერთი ძველი ფილმის ნაწყვეტი აჩვენა - მომღერალი ქალი პარასტო, თავსაფრის გარეშე...

ეს სიახლე დასავლელმა მიმომხილველებმა ლიბერალური ძალების (მათ შორის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის) მცირე გამარჯვებად აღიქვეს: ლიბერალებს, ზომიერი კურსის მომხრეებს ხომ 2 წელია, ანუ თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ უწევთ დაპირისპირება კონსერვატიულ ძალებთან, რომლებიც რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარს ამბობენ თალიბანისდროინდელ ზოგ წესთან, თუნდაც ქალთა სიმღერის აკრძალვასთან გამოთხოვებაზე. [იანაგა ალეკოზაის ხმა] "2001 წლის ნოემბერში, თალიბანის მმართველობის დამთავრების შემდეგ გარდამავალი პერიოდის მთავრობა შეეცადა, გაეუქმებინა ეს აკრძალვა, მაგრამ ავღანეთში მაშინდელი ვითარების გამო, ეს ძალიან ძნელი იყო. მაგრამ ამ წლის დასაწყისში, 4 იანვარს კონსტიტუციის მიღების შემდეგ, მთავრობამ გადაწყვიტა, გადაესინჯა ეს აკრძალვა და ისევ დაეშვა ავღანეთის ტელევიზიაში მომღერალი ქალების გამოსვლა." [მუსიკა]

13 იანვარს, ანუ მომდევნო დღეს მას შემდეგ, რაც ქაბულის ტელევიზიაში ისევ აჩვენეს მომღერალი ქალი, ავღანეთის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრი საიედ მაკდუუმ რაჰინმა საინფორმაციო საგენტო "რეიტერსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქაბულის ტელევიზია იწყებს ავღანური ხელოვნების ნიმუშების ჩვენებას, მათი ავტორებისა თუ შემსრულებლების სქესისაგან დამოუკიდებლად. მაგრამ სულ მალე უნდა გარკვეულიყო, რომ ეს საკითხი მხოლოდ ამჟამინდელი მთავრობის ნებაზე არ არის დამოკიდებული...

ერთი მხრივ, რიგითი ტელემაყურებლები, უმეტესწილად დადებითად გამოეხმაურნენ მომღერალი ქალების გამოჩენას. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ეს სიახლე ქაბულელებმა 1992 წლამდე არსებული, მათს თვალში "ნორმალური ვითარების" დაბრუნებად აღიქვეს. იანაგა ალეკოზაი განმარტავს: [იანაგა ალეკოზაის ხმა] "ავღანეთში ქალები 1992 წლამდე აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში: ტელევიზიაშიც იყვნენ, მღეროდნენ კიდეც და სახელმწიფო უწყებებშიც მუშაობდნენ". მაგრამ კონსერვატიულ წრეებში, როგორც ჩანს, სულ არ ხიბლავთ ამ ვითარების დაბრუნების პერსპექტივა.

ორგანიზაცია "ჯამიათ-ი-ისლამის" წევრებმა გახმაურებული ტელეგადაცემის მომდევნო დღესვე გამოაცხადეს, რომ ანტიისლამურ ქმედებად მიიჩნევენ მომღერალი ქალის ტელეგამოსახულების ჩვენებას და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქალის ტელევიზიაში სიმღერა დაუშვებლად ჩათვალა ავღანეთის უზენაესმა სასამართლომ: [ფაზლ აჰმად მანავის ხმა] "ავღანეთის კონსტიტუციის მესამე მუხლში ნათქვამია, რომ არც ერთი კანონი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ისლამს და ამ მხრივ გამონაკლისი არ არის არც კანონი პრესის შესახებ. ასე, რომ ტელევიზიაში ქალის სიმღერა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას". ასე განმარტა უზენაესი სასამართლოს პოზიცია ამ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ფაზლ აჰმად მანავიმ "რეიტერსთან" 15 იანვარს საუბარში, ანუ გახმაურებული ტელეგადაცემიდან სამიოდე დღეში.

მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. 16 იანვარს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მთვარობის გადასაწყვეტია, გამოჩნდებიან თუ არა მომღერალი ქალები ტელეეკრანებზე, რის შემდეგაც (სულ რამდენიმე საათში) ქაბულის ტელევიზიამ ისევ აჩვენა მომღერალი ქალი... [იანაგა ალეკოზაის ხმა] "რა არის ისლამის წინააღმდეგ და რა არა? - ეს ფართო საკითხია. ისლამის საწინააღმდეგოდ ითვლება ყველაფერი, რაც საზოგადოებას აბრკოლებს, რასაც საზოგადოებაში განხეთქილება შეაქვს. ეს არ ეხება კონკრეტულად მაინცდამაინც მუსიკას. მაგრამ კულტურის გაფრთხილება და ქალების ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს არ არის მიმართული ისლამის წინააღმდეგ. მუსულმანურ ქვეყნებში არიან დიდებული მომღერალი ქალები, ისინი გამოდიან რადიოში, ტელევიზიაში. იქ ქალები აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში".

ამ ქვეყნებს რომ ავღანეთიც დაემატოს, საამისოდ უკვე არსებობს სამართლებრივი საფუძველი: ორიოდე კვირის წინ დამტკიცებულ ახალი კონსტიტუციით (მისი 23-ე მუხლით) დაკანონებულია ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა.
[მუსიკა]
XS
SM
MD
LG