Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია უკვე შედგა


23 იანვრის დილის 10 საათიდან 15 საათამდე თბილისის რუსთაველის პროსპექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეჩერდა. შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

მომდევნო ორი დღის განმავლობაში. თბილისის ვიცე-პრემიერის თემურ ქურხულის განცხადებით, 24 და 25 იანვარს რუსთაველის პროსპექტზე ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო მოძრაობის შეფერხება მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მიზეზი საპატიოა: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პროგრამის მრავალფეროვნება და პომპეზურობა ლოგიკურად ითხოვს გენერალური რეპეტიციის აუცილებლობას. 23 იანვრის დილიდან შუადღემდე სწორედ პირველი რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიციის ძირითადი ღონისძიებები სამხედრო აღლუმი და საქართველოს არჩეული პრეზიდენტის პარლამენტის ეზოდან რუსთაველის პროსპექტზე გამოსვლის ცერემონიალი იყო.

გასაგები მიზეზების გამო, გენერალურ რეპეტიციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი დუბლიორმა, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ, შეცვალა.

[დიქტორის ხმა] "მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი."

მან პარლამენტის ეზოდან საპატიო ტრიბუნისკენ მიმავალი გზა, მაღალი კიბეების ჩათვლით, 173 ნაბიჯში გაიარა და ამისათვის სცენარით განსაზღვრული 2 წუთი დახარჯა.

[გოჩა კაპანაძის ხმა] "არ ვიცი, მე ესეთ ტემპში წამოვედი. მაგრამ, პრინციპში, იცით რა არის, ჩვენ ვერ გავთვლით ამას, რა ტემპში წამოვა ბატონი მიხეილი, იმიტომ რომ უფრო ჩქარა დადის და შეიძლება იმ დღეს არ წამოვიდეს ისე ჩქარა, იმიტომ რომ, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი დღეა და არ ვიცი, რა ტემპში წამოვა."(სტილი დაცულია)

შეიძლება ითქვას, რომ, მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის ტემპის გარდა, ინაუგურაციის ცერემონიალის სცენარში ყველაფერი მკაცრადაა გაწერილი. ეს სიზუსტე და სიმკაცრე განსაკუთრებული აკურატულობით იქნება დაცული საზეიმო აღლუმის ყოველ დეტალში. აღლუმში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით გაწვრთნილი 2 ათასამდე სამხედრო პირი ღებულობს მონაწილეობას. ისინი, მთლიანობაში, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან ჯარსა და სასაზღვრო დეპარტამენტს წარმოადგენენ.

[დავით ჭანკვეტაძის ხმა] "არავითარი შენიშვნა. ახლა ორკესტრს ვავარჯიშებთ დამატებით. ცოტა ორკესტრის სისწორე არ არის, თორემ დანაჩენი მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება... ნორმალურად დადიან."

[სამხედრო მეთაურის ხმა] "მედროშე ასეული - პირდაპირ! დანარჩენები - მარჯვნისაკენ! სწორება მარჯვნივ! ნაბიჯით იარ!"

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალის გენერალურმა რეპეტიციამ პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათეული მოქალაქის თანდასწრებით ჩაიარა. ისინი, სავარაუდოდ, ინაუგურაციასაც დიდი ინტერესით დაესწრებიან. თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამების საწინააღმდეგოდ, მათთვის მთავარია არა ზეიმი და სანახაობა, არამედ ის იმედები, რომელიც ქვეყანაში ახალი ხანის დაწყებას უკავშირდება.

[მოქალაქის ხმა] "პენსია მაქვს, პენსია არ მიმიღია 2 თვისა. მომცენ პენსია, რა, რა ამბავია ეს, კაცო! ვსესხულობ და ექიმთან მივდივარ ისე. ამხელა პომპეზურობაში ხო დიდი ფული იხარჯება. ხო ხარჯებია, არა? ისე, სააკაშვილს მივესალმები."

[მოქალაქის ხმა] "მე რამ მომიყვანა და, იქნება გამოსწორდეს საქმე და, კაი, შევხვდე სააკაშვილს და რამე. ეს კაცი არის გაბედული კაცი და კაი კაცი და იმედი მაქვს, რომ რაცხას გააკეთებს მაგი."(სტილი დაცულია)

23 იანვრის გენერალურმა რეპეტიციამ, ორგანიზატორთა თქმით, ინაუგურაციის ცერემონიალი მხოლოდ სქემატურად მოიცვა. სიურპრიზები და ზეიმი კი 25 იანვარს შედგება.
XS
SM
MD
LG