Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული თანხმობისთვის საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებს შეიწყალებს


საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა პირველი სამუშაო დღე ეროვნული თანხმობის დეკლარაციის გაფორმებით დაიწყო.

დეკლარაციის ხელმოწერა ქაშუეთის ეკლესიაში საქართველოში მშვიდობისთვის ჩატარებული საღვთო ლიტურგიის შემდეგ მოხდა. ეროვნული თანხმობის დეკლარაცია პრეზიდენტსა და ზვიად გამსახურდიას დროინდელ უზენაეს საბჭოს შორის გაფორმდა. ეს არის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ზვიად გამსხაურდიას პოლიტპატიმრებად მიჩნეული თანამებრძოლების ციხიდან გათავისუფლებას - მათ შორის იგულისხმება ლოთი ქობალიაც. მას კი თავის დროზე სასჯელის უმაღლესი ზომა სამშობლოს ღალატისთვის, ამავე დროს, ჟურნალისტისა და რამდენიმე სამხედრო ტყვის საჯაროდ დახვრეტისთვის შეუფარდეს.

ხელისუფლება შეიწყალებს ზვიად გამსახურდიას, პატიმრობაში მყოფ, 30 თანამებრძოლს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის უნდა იყოს ვახტანგ (ლოთი) ქობალიაც. ხობის რაიონულ ცენტრში ჟურნალისტ დათო ბოლქვაძისა და რამდენიმე სამხედრო ტყვის საჯარო დახვრეტისთვის წაყენებული და დამტკიცებული ბრალეულობის მიუხედავად, ახალი ხელისუფლება მასაც პოლიტპატიმრად განიხილავს. არგუმენტი ასეთია:

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ყველა ადამიანი, ვინც კი მოხვდა საპყრობილეში იმის გამო, რომ ჩაიდინა დანაშაული, გამომდინარე პოლიტიკური პოზიციიდან, და, საერთოდ, ეს საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის გამო მოხდა, ბუნებრივია, განიხილება როგორც პოლიტპატიმარი." (სტილი დაცულია)

ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. ხელისუფლების სხვა პირებთან ერთად 26 იანვარს ისიც იმყოფებოდა ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც საქართველოს ახალ პრეზიდენტსა და ზვიად გამსახურდიას დროინდელ უზენაეს საბჭოს შორის გაფორმდა ეროვნული თანხმობის დეკლარაცია - შეთანხმება, რომლის ძალითაც გათავისუფლებას დაექვემდებარა 30 პირი, მათ შორის, უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულები.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დაპირისპირებული ბანაკები, დაპირისპირებული მხარეები, სხვადასხვა ჯგუფები - ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს ისტორიას. ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და საერთო მტერს გავცეთ საკადრისი პასუხი."
ქაშუეთის ეკლესიაში შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა გაუმხილა თავისი სანუკვარი ოცნება, რომელიც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებას ეხება. ოცნების რეალიზაცია პრეზიდენტს 9 აპრილისთვის სურს. მისი ნებით, გადაწყვეტილია ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილით ზვიად გამსახურდიას მომხრეების აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა ეროვნული თანხმობის მისაღწევად ჟურნალისტისა და სამხედრო ტყვეების დახვრეტისთვის გასამართლებული პირის პოლიტპატიმრად გამოცხადება და მისი შეწყალება ვერ აღაფრთოვანებს იმ ადამიანებს, რომელთა აზრითაც, კანონი და მართლმსაჯულება ყველას ერთნაირად უნდა უდგებოდეს. მათ შორის არის "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომელი სოზარ სუბარიც.

[სოზარ სუბარის ხმა] "ის, რომ დღეს ერთი ხელისუფლება მოვიდა და ამას უნდა აამოს ზვიადისტურ ნაწილს ან ვინმე სხვას, ამაზე არ უნდა იყოს მართლმსაჯულება დამოკიდებული. მართლმსაჯულება არის ყველასთვის ერთიანი, კანონის უზენაესობა არის ყველასთვის და სასჯელის გარდუვალობა უნდა იყოს ყველასთვის. "

ეროვნული თანხმობისთვის საქართველოს ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულებას საკუთარ პოლიტიკურ ნებას უქვემდებარებს. მას სურს შერიგება ყველა ძალასთან, ერთის გარდა:

[გურამ აბსანძის ხმა] "შევარდნაძესთან, არა მგონია, ვინმე შერიგდეს. მის იმ გარემოცვას, ვინც აქამდე მიიყვანა საქართველო, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა შეურიგდეს. "

ეს იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გურამ აბსანძე. ლოთი ქობალიას და ზვიად გამსახურდიას სხვა თანამებრძოლების შეწყალების შემდეგ ის, როგორც ეროვნული თანხმობის მიღწევის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საპატიმროებში მყოფი მხედრიონელებისა და გვარდიელების შეწყალებისთვის იმუშავებს.
XS
SM
MD
LG