Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოვაჭრეები თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ


"ახალი ცოცხი კარგად გვის" - როგორც ჩანს, ეს ანდაზა თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარისთვისაც კარგად არის ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, ზაზა ბეგაშვილი,

რომელმაც დედაქალაქის ქუჩებში გამეფებულ ანტისანიტარიასა და, ე. წ. "გარე ვაჭრობას" დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, აშკარად ამ ანდაზის გამართლებას ცდილობს. თუმცა საკრებულოს გადაწყვეტილებამ - 10 თებერვლიდან აიკრძალოს ქუჩებში ვაჭრობა, აღშფოთებული ადამიანები, ვისთვისაც ეს საქმიანობა თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა, ჯერ საკრებულოს, შემდეგ კი სახელმწიფო კანცელარიის წინ მიიყვანა.

ის, რაც თავისუფლების მოედანზე 29 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, ხდებოდა, გარეგნულად ძალიან ჰგავდა ნოემბრის მოვლენებს: ვარდებით ქუჩაში გამოსული ადამიანები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამჯერადაც, როგორც ორი თვის წინ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის კვლავ პოლიცია ჩადგა. საკრებულოს წევრების ნაცვლად, აქციის მონაწილეებს თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ სალაძე ესაუბრებოდა:

[მიხეილ სალაძის ხმა] "საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ
უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ბაზარი არის იმისთვის, რომ ბაზარში ივაჭროს ბაზარმა... ამ ხალხს არავინ არ ყრის არსად! ... რომ ჩამოვა ბეგაშვილი თქვენთან შესახვედრად, ეგ სიტყვები უთხარით."


თუმცა არც ბეგაშვილი და საკრებულოს არც სხვა რომელიმე წევრი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ გამოსულა. არადა, მოვაჭრეებს მათთვის ბევრი ჰქონდათ სათქმელი:

[აქციის მონაწილის ხმა] "აი, შიმშილით დავიხოცებით, შიმშილით, იმიტომ რომ მე ქირას ვიხდი. ქირაც ხომ უნდა მივცე, არსად არა მაქვს წასასვლელი."

[აქციის მონაწილის ხმა] "თუ აყრა იქნა, პირველ რიგში, კატასტროფული მდგომარეობა შეგვექმნება ჩვენ და მე, მთელი ჩემი საწყალი ხალხის სახელით, ვთხოვ ჩვენს მთავრობას, რაღაცნაირად დაგვტოვონ, დრო მოგვცენ, რომ ვიმუშაოთ."

[აქციის მონაწილის ხმა] "სააკაშვილის ცოლი სანდრა საპრეზიდენტო არჩევნების წინ რომ არიგებდა თავისი ქმრის პორტრეტებს და მარჯანიშვილის მეტროს წინ რომ იდგა დაცვის ქვეშ და უიმე, როგორ მცივაო, ამბობდა, ისეთივე ქალები ვართ ჩვენ და ისეთივე ორგანიზმი გვაქვს ჩვენ, ჩვენც გვცივა. ჩვენც გვინდა ჩვენი ოჯახები და ჩვენი ჭერი. დაგვაბრუნონ ჩვენ-ჩვენ ოჯახებში. შეგვიქმნას პირობები. არ გვჭირდება აქედან აგვიყვანოს მუხიანის ან დეზერტირების ბაზარში შეგვიყვანოს".(სტილი დაცულია)


აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ საკრებულო მათ, ქუჩების ნაცვლად, მოწყობილ ბაზრობებში ვაჭრობას სთავაზობს.
თუ რამდენად მისაღებია ამ ადამიანებისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნათქვამიდანაც კარგად ჩანს:

[აქციის მონაწილის ხმა] "სხვა ადგილას ვერ შევალ. 30 და 20 ლარი ჯიბეში რომ გვაქვს, იმითი ვერ შევალთ. "ფულს არ გადაგახდევინებთო," - ეს არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვა. ძალიან კარგადაც გადაგვახდევინებენ. ვერ შევალ!"

პროტესტის საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე პოზიციას არ იცვლის, თუმცა აცხადებს, რომ ყველა მოვაჭრე, რომელიც "ცენტრალური სუპერმარკეტის", ანუ დეზერტირების ბაზრის, შიდატერიტორიაზე იმუშავებს, სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლდება. ბეგაშვილი არც მუქარაზე ამბობს უარს:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] "ვაფრთხილებ თითოეულ მათგანს, სისხლის სამართლის პასუხისგების თაობაზე, რომ მოწოდება მასობრივი არეულობისკენ არის დასჯადი!"

ბოლო იმედად, როგორც ამას თავად აქციის მონაწილენი აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი რჩება. გაამართლებს თუ არა ახალი პრეზიდენტი შევიწროებული გარემოვაჭრეების მოლოდინს, ორიოდე დღეში გაირკვევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG