Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი სპორტული პროგრამა ეძღვნება ყველაზე ტიტულოვან ქართველ კალათბურთელს


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დღევანდელი სპორტული პროგრამა ეძღვნება ყველაზე ტიტულოვან ქართველ კალათბურთელს

ზურაბ საკანდელიძეს. ზურაბ საკანდელიძე დაიბადა 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში. კალათბურთის თამაში დაიწყო ქუთაისის ბავშვთა სპორტულ სკოლაში სულიკო თორთლაძის ხელმძღვანელობით. 1963-77 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1965-73 წლებში - საბჭოთა კავშირის ნაკრებში. მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეხიკოს თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. 1967 წელს აღიარეს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად და შეიყვანეს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა თბილისში 2004 წლის 25 იანვარს.

საქართველოს მრავალი სახელოვანი კალათბურთელი ჰყოლია, მაგრამ ტიტულებით ზურაბ საკანდელიძესთან ვერავინ მოვა. საკანდელიძემ ყველა უმაღლესი ჯილდო მიიღო, რომელთაგან უმთავრესი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ოქროს მედალია. ეს ამბავი მოხდა მიუნხენში, 1972 წლის 9 სექტემბერს, როცა საბჭოთა კალათბურთელებმა ამერიკელებს ისტორიული მატჩი მოუგეს და პირველად მოიპოვეს ოლიმპიური ჩემპიონობა. იმ თამაშის ერთ-ერთი გმირი სწორედ საკანდელიძე იყო. გაიხსენეთ დრამატული ფინალი, ფარისკენ გაჭრილი ამერიკელთა ლიდერი კოლინზი, საკანდელიძის თავგანწირული ნახტომი და შეხვერდის დამთავრებამდე დარჩენილი სამი წამი. იმ მატჩის კიდევ ერთი ქართველი მონაწილის მიხეილ ქორქიას აზრით, საკანდელიძემ ზუსტად იგრძნო მომენტის მნიშვნელობა და გუნდი გარდუვალ წაგებას გადაარჩინა.

(მიხეილ ქორქიას ხმა): "საკანდელიძე რომ არა, ოქროს მედლები არ იქნებოდა. ყველა იძახის - ედეშკოს პასი, ბელოვის ჩაგდება, მაგრამ ზურიკოს ჯარიმა რომ არ გაეკეთებინა, დრო არ გაჩერდებოდა და კოლინზი ჩააგდებდა იმ ბურთს და დამთავრებული იყო ყველაფერი. მართალია, დიდი ხნის მერე აღიარეს რუსებმა, საკანდელიძე რომ არ ყოფილიყო, ეგ მომენტი არ იქნებოდა. სწორედ მომენტებისგან შედგება კალათბურთი."

მიხეილ ქორქია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ზურაბ საკანდელიძის დამსახურების მქონე სპორტსმენებს ნორმალურ ქვეყანებში ხელისგულზე ატარებენ, ჩვენთან, საქართველოში კი, ხშირად ელემენტარული ადამიანური ყურადღება აკლიათ. ჩემი რესპოდენტი, ცხადია, ხელისუფლებას და სპორტულ უწყებებს გულისხმობს, თორემ საკანდელიძე მუდამ იყო კალათბურთის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში - იმ დროიდან მოყოლებული, როცა დიდ სპორტში მოვიდა და თბილისის "დინამოს" შეუცვლელი წევრი გახდა. არადა, ერთი წლით ადრე, 1962 წელს, დინამოელებმა ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგეს, ამ გუნდში ფეხის მოკიდება კი ადვილი საქმე არ იყო. გურამ მინაშვილის, ვლადიმერ უგრეხელიძის, ლევან მოსეშვილისა და სხვა ოსტატთა გვერდით საკანდელიძემ თავის ადგილი დაიმკვიდრა და მალე ლიდერადაც იქცა. "დინამოს" მაშინდელი კაპიტნის გურამ მინაშვილის თქმით, საკანდელიძე გამოირჩეოდა იშვიათი სასტარტო სისწრაფით, დაცვაში საიმედო თამაშით, ენერგიული დრიბლინგით და ზუსტი ტყორცნებით. შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ გამოუცდელ, მაგრამ ნიჭიერ კალათბურთელს 1965 წელს საკავშირო ნაკრებში უხმეს. 40 წლის წინანდელ ამბავს გვიყვება ძველი დინამოელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ამირან სხიერელი.

(ამირან სხიერელის ხმა): "მე მახსოვს ძალიან კარგად. 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის წინ მოსკოვში ჩატარდა ტურნირი, სადაც მიწვეული იყო თბილისის "დინამო". ჩვენ როცა შევხვდით საბჭოთა ნაკრებს, რომელიც მიემგზავრებოდა ტოკიოში, სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. განსაკუთრებით კარგად ითამაშა ზურამ. ჩვენ დაგვტოვეს მოსკოვში და კიდევ ხუთი თამაში ვეთამაშეთ საბჭოთა ნაკრებს. ერთი თამაშის შემდეგ მოვისმინე საბჭოთა ნაკრების უფროსი მწვრთნელობიდან იმ წელს გადამდგარი სურენ სპანდარიანის სიტყვები, რომლითაც თავის კოლეგებს მიმართა: "მე რომ ისევ ვიყო ნაკრების მწვრთნელი, უსიტყვოდ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე წავიყვანდი ამ ახალგაზრდას ტოკიოში."

მართალია, საკანდელიძე ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა, მაგრამ მერე თითქმის ათი წლის განმავლობაში საბჭოთა ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო და როგორც მიხეილ ქორქია ამბობს, თითქმის ყოველთვის ძირითად ხუთეულში აყენებდნენ.

(მიხეილ ქორქიას ხმა): "ათი წელი ხუთეულში თამაშობდა, სკამზე არ დამჯდარა, ერთხელ კონდრაშინმა მოუნდომა სკამზე დაჯდომა, მაგრამ არ გამოუვიდა. 1971 წელს იუგოსლავიასთან ფინალს ვაგებდით. დარჩენილია 7 წუთი და ვაგებთ 6 ქულას. საკანდელიძე არ გამოყავს. გაგიჟებულია კაცი, ჭკუაზე არ არის. ბოლოს გამოვიდა და თამაშში შეიტანა გარდატეხა, მოიგეს და გახდნენ ევროპის ჩემპიონები. მერე ბანკეტზე საწყალი კონდრაშინი მოვიდა ზურასთან და ეუბნება: ვოტ სეიჩას სკოლკო ხოჩეშ პეიო."

ზურაბ საკანდელიძემ თავისი ბოლო მატჩი 1977 წლის 24 აპრის ითამაშა, როცა თბილისის "დინამო" კაუნასის "ჟალგირისს" შეხვდა. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ეს ნაადრევი ნაბიჯი იყო, თავად ზურაბი კი სხვაგვარად ფიქრობდა: "მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. უნდა ითამაშო მანამ, ვიდრე გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეგიძლია. როგორც კი იგრძნობ, რომ უკვე ის აღარ ხარ, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე." ის გამოსათხოვარი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. 2004 წლის 29 იანვარს ათასობით გულშემატკივარმა უკანასკნელ გზაზეც ამ სასახლიდან გააცილა დიდი ქართველი კალათბურთელი. საპატიო ყარაულში უმთავრესად ვეტერანი სპორტსმენები ჩადგნენ. ცრემლმორეული ამირან სხიერელი ასე დაემშვიდობა თავის მეგობარს.

(ამირან სხიერელის ხმა): "იყო შესანიშნავი მეგობარი, მეგობრებზე გადაყოლილი, მათზე მოფიქრალი. წავიდა ჩვენგან და დაგვრჩა ერთადერთი ის, რომ ვისაუბროთ მასზე მხოლოდ წარსულში."
XS
SM
MD
LG