Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაისი" - 80 (მეორე ნაწილი)


"ოქროს საუკუნის" დღევანდელ გამოშვებაში

დავასრულებთ საუბარს საქართველოს სახალხო არტისტთან, ნოდარ ანდღულაძესთან. ნოდარ ანდღულაძე გვიამბობს ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერაზე "დაისი", რომლის პრემიერა 80 წლის წინ მოეწყო თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე.

[მუსიკა]

1937 წელს, როცა ქართული კულტურის დღეებზე ევგენი მიქელაძემ მოსკოვში "დაისი" ჩაიატანა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის პრემიერიდან უკვე 14 წელი იყო გასული. 1933 წელს ფალიაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ თავისი ოპერის საერთაშორისო აღიარებას ვერ მოესწრო. "დაისის" მოსკოვური ტრიუმფის შემდეგ, როგორც ამბობენ, პირადად სტალინის ბრძანებით, 1937 წლის მიწურულს "დაისი" მოსკოვის დიდ თეატრში დაიდგა. 1938 წელს -კიევში, 1943 წელს -ალმა-ატაში და ოდესაში. ოდესის ოპერის თეატრში იმ დროს დავით ანდღულაძე და დავით გამრეკელი მღეროდნენ. დავით ანდღულაძის ვაჟი, ნოდარ ანდღულაძე მაშინ 15 წლის იყო. მას დღესაც კარგად ახსოვს ფალიაშვილის ოპერის ოდესური პრემიერა. თუმცა "დაისის" საუკეთესო ინტერპრეტაციად მაინც ვახტანგ ტაბლიაშვილის დადგმას მიიჩნევს.

[ნოდარ ანდღულაძის ხმა] "დაისის" დადგმა ძალიან კარგი იყო ტაბლიაშვილის... მე კარგად მახსოვს სოლიკო ვირსალაძის გაფორმებული, რომელიც მერე ასკურავამ ვერ აღადგინა. კლასიკურად კი წუწუნავასია მიღებული. ახლა ენერგია აღარა აქვს ამ სპექტაკლს სცენაზე."

ნოდარ ანდღულაძე დარწმუნებულია, რომ ფალიაშვილის გენიალური ოპერა კვლავაც შეიძლება გაცოცხლდეს, თუ ახალი დადგმის რეჟისორი დატრიალებული ამბის ილუსტრაციას არ მიმართავს და თუ წარმოდგენის რეჟისურა თავად მუსიკაში დაიბადება. ჩვენს კითხვაზე, რატომ ითვლება "დაისი" უფრო ადვილად დასადმელ ოპერად, ვიდრე "აბესალომი", ქართველი მომღერალი ასე პასუხობს:

[ნოდარ ანდღულაძის ხმა]: "მე მგონი იმოტომ, რომ "დაისი" უფრო დემოკრატიულია, "აბესალომი" უფრო ეპიკური.. აქ უფრო სამკუთხედია, მძაფრი ურთიერთობებია, უფრო მისაწვდომია"

მძაფრი ურთიერთობები და "მისაწვდომი" ენა - შესაძლებელია ფალიაშვილის ოპერის ამ თვისებებმა განაპირობა სწორედ ტრიუმფი, რომელიც ფალიაშვილის პირველი საბჭოთა ოპერის ევროპულ პრემიერას მოჰყვა - 1973 წელს "დაისის" იუბილე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საარბრუკენის ოპერის თეატრში აღნიშნეს. ევროპულ პრემიერას წინ უძღოდა თეატრის გენერალური დირექტორის, ჰერმან ვედეკინდის ვიზიტი თბილისში. ვედეკინდი, რომელიც იმხანად "ლოენგრინს" დგამდა თბილისის ოპერის თეატრში, ფირფიტაზე ჩაწერილ "დაისს" გაეცნო და მაშინათვე დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკება დასავლეთ გერმანიაში, ფალიაშვილის ოპერის დადგმასთან დაკავშირებით... მაგრამ ასეთ საკითხებს იმხანად თბილისი არ წყვეტდა. საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტრომ გერმანელებს მაშინათვე რუსული საბჭოთა ოპერების დადგმა შესთავაზა, მაგრამ გერმანული მხარე უარზე იყო. ამას დაემატა დასავლეთ გერმანელი ფილოსოფოსის, ვოლფგანგ ოფერმანსის ვიზიტი თბილისში. ოფერმანი შეპირდა საქართველოს კულტურის მაშინდელ მინისტრს, ოთარ თაქთაქიშვილს, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე დაამთავრებდა "დაისი" ლიბრეტოს თარგმნას და გერმანულ ტექსტს კლავირშიც შეიტანდა. "ფალიაშვილის მუსიკა ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი და დავაფასე, როდესაც კომპოზიტორის ერთმა სიყრმის მეგობარმა, 86 წლის თბილისელმა კათოლიკე მღვდელმა მის შესახებ მიამბო და ზაქარიას ძმას შემახვედრა" - წერდა ვოლფგანგ ოფერმანსი.

ლიბრეტოს თარგმნა რვა თვეში დასრულდა. საარბრუკენში "დაისის" დასადგმელად ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფი, დირიჟორ დიდიმ მირცხულავას ხელმძღძვანელობით. გადაწყდა, რომ პირველ სამ სპექტაკლში ქართველები, ნოდარ ანდღულაძე, ლამარა ჭყონია, შოთა კიკნაძე იმღერებდნენ. უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ 1973 წლის 14 იანვარს დასავლეთ ევროპაში პირველად აჟღერდა ფალიაშვილის მუსიკა:

[ნოდარ ანდღულაძის ხმა] "ძალიან კარგად მიიღეს, ერთმა ბარონესამ თქვა, ეს სიმღერა კი არა ლოცვააო... არაჩვეულებრივი იყო ვახტანგ გუნაშვილი, რომელმაც ცეკვები დადგა."

ვახტანგ კუპრავა, რომელიც პირადად დაესწრო "დაისის" ევროპულ პრემიერას, მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ პრემიერამდე საარბრუკენის თეატრში ძალიან აქტიურობდა ჰერმან ვედეკინდის მოწინააღმდეგეთა მოზრდილი ჯგუფი, რომელიც მარჯვედ გამოიყენებდა "დაისის" წარუმატებლობას ჰერმან ვედეკინდის წინააღმდეგ. ვახტანგ კუპრავა დაესასხა ზაარბრიუკენის ოპერის თეატრის ერთ მუსიკოსს, რომელსაც ვედეკენდზე უთქვამს, აღმოსავლეთთან კონტაქტებმა გაიტაცა და (ციტატა) "კავკასიის მიღმა არსებულ საიდუმლოებით მოცულ ქვეყანაში რომელიღაც უცნობი ოპერა აღმოაჩინა"

მაგრამ სწორედ ამ მუსიკოსს მოუწყვია მხურვალე ოვაციები "დაისის" გერმანულ პრემიერაზე. მეორე დღეს საარბრუკენის პრესა აღნიშნავდა, რომ არა აღმოსავლური, არამედ აბსოლუტურად ევროპული მუსიკა მოისმინეს. თუმცა ნოდარ ანდღულაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიაში "აბესალომზეც" აღფრთოვანდებოდნენ

[ნოდარ ანდღულაძის ხმა] "დაისში" უფრო ჩანს ვერდისა და დონიცეტის დრამატურგია - რომანტიზმი, პოსტრომანტიზმი... "აბესალომი" უფრო ვაგნერია. აი, ასეთი მოტივით..." [მღერის]

ნოდარ ანდღულაძე აკონკრეტებს, თუ რა განსხვავებაა ფალიაშვილის ორ ოპერას შორის. ქართველი მომღერალი დარწმუნებულია, რომ ფალიაშვილის "დაისი" გამოხატავს იმ განწყობილებას, რომლითაც ქართველი კომპოზიტორი, შესაძლებელია მთელი ქართველი ხალხი ცხოვრობდა 20-იანი წლების დასაწყისში:

[ნოდარ ანდღულაძის ხმა] "განსხვავება ჩემთვის ძალიან დიდია... მხატვრული სახე ამ ორი ნაწარმოების... "აბესალომი" ჩემთვის უფრო არის "წიაღისეული" მუსიკის მხრივაც, თუ გნებავთ ენის მხრივაც. თითქოს უფრო ნაციონალურია... "დაისი" უფრო სატენერო პარტიის მხრივ დონიცეტის მაგონებს, ფრაზირება სიმაღლეში ხდება. მალხაზის ბოლო არია "ლუჩიას" მაგონებს."

1973 წელს, როცა "დაისი" ზაარბრიუკენში დაიდგა, ქართველ მუსიკოსებს იმედი ჰქონდათ, რომ აუხლოეს ხანში ევროპაში სხვა ქართული ოპერებიც დაიდგმებოდა. "დაისზე" არჩევანი იმიტომაც შეჩერდა, რომ ფალიაშვილის ამ ოპერაში შეინიშნება ის თვისებები, რომელიც შემდგომ ქართული საოპერო დრამატურგიისთვის გახდა დამახასიათებელი - ესაა ლირიკული და ეპიკური საწყისების შეთავსება, მელოდიურობა და სასიმღერო საწყისის გამძაფრება, როგორც სოფლური, ასევე ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის ფართო გამოყენება. მაგრამ ქართული ოპერის ასეთი ტრიუმფი ევროპაში აღარ განმეორებულა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG