Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

522-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელია 522-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო ?მეათე სტუდიაში? დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით დისკუსიას საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშის გარშემო, ისევე როგორც დავუბრუნდებით თემას, რომელზე დისკუსიასაც ხანგრძლივი ისტორია აქვს: საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. შემდეგ ბევრ რამეს შეიტყობთ თბილისში დაგროვილ ნაგავზე, თუმცა, არც ესთეტებს გავანაწყენებთ: გავიხსენებთ კინოვარსკვლავ კერი გრანტს, რომელსაც გარეგნობითა თუ ელეგანტურობით თითო-ოროლა მსახიობი თუ შეედრება და რომელსაც ორიოდე დღეში, 18 იანვარს 100 წელი შეუსრულდებოდა. ბოლოს კი კიდევ ერთ, ოღონდ უჩვეულო იუბილეს გამოვეხმაურებით: 10 წლის წინ პრაღის უძველეს ჯაზ-კლუბში ერთმა პრეზიდენტმა დაუკრა...
გადაცემას პრაღიდანვე უძღვება მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]

მაინც როგორი უნდა იყოს ახალი სახელმწიფო დროშა?

წამყვანი:
მსმენელისათვის ცნობილია, რომ 14 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. კანონის ძალით შეიცვალა აქამდე არსებული სახელმწიფო სამფეროვანი დროშა. თუმცა ახალი დროშის ზუსტ აღწერილობას, აღმოჩნდა, რომ კანონი არ იძლევა. დროშა პრინციპულად ხუთჯვრიანია, მაგრამ ჯერ უცნობია, როგორი უნდა იყოს დროშის თეთრ ველზე განთავსებული 4 პატარა ჯვარი. პარლამენტის წევრის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სამუშაო წინ არის და მასში უნდა ჩაერთონ ჰერალდიკოსები. საკითხში გასარკვევად ჩვენი კოლეგა დავით პაიჭაძე ესაუბრა საქართველოს ჰერალდიკური ასოციაციის გამგეობისა და საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის დამდგენი კომისიის წევრს მამუკა გონგაძეს.

დავით პაიჭაძე:
მთავარ საკითხად უკვე დამტკიცებული სახელმწიფო დროშისთვის რჩება მასზე გამოსახული პატარა ჯვრების ფორმა: იქნებიან ისინი სწორკუთხა თუ ჰერალდიკაში წმინდა ლეოპოლდის ჯვრად ცნობილი ჯვრის ფორმა ექნებათ? ასეთ ჯვრებს საქართველოში ბოლნურ ჯვრებს უწოდებენ. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პრობლემაა, მაგრამ მხატვარ-ჰერალდიკოსის მამუკა გონგაძის აზრით, ჰერალდიკაში უმცირესი ცვლილებაც კი არსებით სიახლეს მიანიშნებს:

[გონგაძის ხმა] ?თუკი დროშაზე ბოლნური ჯვრები იქნება, ჩაითვლება, რომ ეს ახალი დროშაა. რა თქმა უნდა, ხუთჯვრიანია, მაგრამ ჰერალდიკაში პატარა ცვლილებაც ნიშნავს, რომ უკვე სხვა დროშასთან გვაქვს საქმე. როცა ასეთ დროშას ვნახავ, შემიძლია ჰერალდიკური განმარტება მივცე, რომ ეს სახელმწიფო შეიქმნა და ჩამოყალიბდა სადღაც მე-20 საუკუნის ბოლოს, 90-ან წლებში. მაგრამ, თუკი დროშაზე იქნება მართი ჯვრები, როგორც ეს დაფიქსირებულია ისტორიულ რუკებზე, მაშინ სახელმწიფოებრიობის წყვეტა რაღაცნაირად აღდგენილი იქნება და სახელმწიფო პრეტენზიას განაცხადებს თავის ძველ დიდებაზე.?

მამუკა გონგაძე ამბობს, რომ ?ბოლნურჯვრებიანი? ხუთჯვრიანი დროშა კოლეგებთან ერთად 90-ან წლებში დაამუშავა და ხელისუფლებას წარუდგინა როგორც სამხედრო დროშის პროექტი. რაც შეეხება სახელმწიფო დროშას, მამუკა გონგაძეს მიაჩნია, რომ ის სწორედ ხუთჯვრიანი დროშა უნდა იყოს, ოღონდ ოთხი პატარა მართკუთხა ჯვრით.

[გონგაძის ხმა] ?ეს ხუთჯვრიანი დროშა გახლავთ განაცხადი, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სამართალმემკვიდრე და ლეგიტიმური გაგრძელება სახელმწიფოსი, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებობდა.?

მამუკა გონგაძის თქმით, დროშა, სასურველია, მარტივი იყოს. ბოლნურჯვრებიან დროშაზე ამას ვერ იტყვი, რადგან ის გარკვეულ პრობლემას წარმოშობს აღწერის დროს. სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჰერალდიკური ასოციაციის წევრებმა სწორედ ამ სირთულეზე გაამახვილეს ყურადღება:

[გონგაძის ხმა] ?ჩენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას დროშის აღწერილობაში იმიტომ, რომ დროშის აღწერილობა ძალიან სპეციფიკურია, ჰერალდიკური ტერმინოლოგიით სავსეა. არ შეიძლება დაიწეროს, რომ სიგრძე ამდენი სანტიმეტრია და სიგანე ამდენი. ყველაფერს თავის სახელი აქვს. მაგალითად, კანონში ?წითლის? ჩაწერა წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ამ ფერის აღმნიშვნელი ჰერალდიკური ტერმინი არის მეწამული. არსებობს პროპორციები. ეს არ იქნება ლეგიტიმური და ჰერალდიკურად სწორი დროშა. ჰერალდიკურად სწორი არ იქნება იმიტომ, რომ კანონში ვერ დაწერ ბოლნურ ჯვარს. ეს შეიძლება მხოლოდ ფრჩხილებში მიუთითო, თორემ კანონში აუცილებლად უნდა ეწეროს ლეოპოლდის ჯვარი. ძალიან ძნელია მისი ზუსტი აღწერა და გადმოცემა: საჭიროა მისი რკალებისა და წერტილების დაფიქსირება. თუკი ჩვენი არგუმენტები მიღებული იქნება, მაშინ, ყოველგვარი საზღაურის, ბიზნეს-ინტერესებისა და კომერციის გარეშე, ჩვენი ასოციაცია შესთავაზებდა და თავიდან ბოლომდე დაამზადებდა მთელ პაკეტს.?

მთელ პაკეტში, სახელმწიფო დროშის გარდა, შედის რეგიონებისა და შეიარაღებულ ძალთა სახეობების დროშები, აგრეთვე სახელმწიფო დიდი და მცირე გერბები.

ხუთჯვრიან დროშას საქართველოს მოქალაქეები დიდი ხანია ხედავენ და მსჯელობა მის შესახებ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. რაც შეეხება გერბს, მისი შეცვლის შემთხვევაში ფართო მასების აზრი კომპეტენტური ვერ იქნება, მაგრამ მათ სრული უფლება აქვთ იცოდნენ, რას სთავაზობს ხელისუფლება სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოდ.
[მუსიკა]

კიდევ ერთხელ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე

წამყვანი:
ახლა, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ მთავარ საგარეო პრიორიტეტად რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ასახელებს. ამასთანავე მას არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ საფრთხე შეექმნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაც შეეხება კრემლის მიერ რუსეთის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიად მიჩნეულ საქართველოში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბაზების ნაცვლად შესაძლებელია რუსეთის უსაფრთხოების სხვა გარანტიების გამონახვა.
რას ფიქრობენ ამის შესახებ ქართველი პოლიტოლოგები? ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ორ მათგანს ? ივლიანე ხაინდრავასა და სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
პოლიტოლოგი ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ერთი მხარის კეთილი ნება საკმარისი ნამდვილად არ იქნება, - საჭიროა კონკრეტული, რეალური ნაბიჯები რუსეთის მხრიდან.

[ხაინდრავას ხმა] ?გაცილებით მეტი არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე საქართველოზე, - ბოლოს და ბოლოს ისინი არ არიან თანაზომადი სუბიექტები, - და ამ ვითარების გაუმჯობესების ნება და იმპულსი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან უნდა წამოვიდეს.?

საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვის პრობლემასთან დაკავშირებით, ივლიანე ხაინდრავა მიიჩნევს, რომ რუსეთის პოლიტიკაში არ არის მოსალოდნელი რაიმე კარდინალური ცვლილება საქართველოსთან დამოკიდებულებაში. აქედან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში შენარჩუნებული იქნება დაძაბულობის ის ფონი, რომელიც აქამდე არსებობდა. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, მსოფლიო თანამეგობრობის საქართველოსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არც იმას უნდა ველოდეთ, რომ რუსეთი რაღაც მტრულ აქიებს თუ ქმედებებს მიმართვას საქართველოს წინააღმდეგ.

[ხაინდრავას ხმა] ?რაც შეეხება რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს, უფრო ზუსტად, კი გარანტიებს მისი სამხრეთის საზღვრებზე, ჩემი აზრით, რუსეთისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა ჰყოლოდა მეზობელი სტაბილური, დემოკრატიული, ძლიერი საქართველოს სახით, რომელიც თვითონაც იქნებოდა დაინტერესებული სტაბილურობის შენარჩუნებით თავის ჩრდილოურ საზღვრებზე და რომელიც რუსეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობას დაამყარებდა?.

როგორც ივლიანე ხაინდრავა დასძენს, ?რუსეთშიც ჩინებულად იციან, რომ საქართველოში განლაგებული ბაზები არ წარმოადგენენ რაიმე ფასეულობას სამხედრო თვალსაზრისით?.

ამავე აზრისაა პოლტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელიც, ამასთან ერთად, შენიშნავს:

[ცინცაძის ხმა] ?რასაკვირველია, როდესაც მიხელ სააკაშვილი ლაპარაკობს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე, ის გულისხმობს რეალურ უსაფრთხოებას. რუსეთის უსაფრთხოების რეალური გარანტიები, ეროვნული ინტერესების დაცვის რეალური გარანტიები ზედაპირზე დევს და ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას?.

მაგრამ როგორც სოსო ცინცაძე მიიჩნევს, დღეს რუსეთში საქართველოს მიმართ პოლიტიკის შემუშავებაში მძლავრობს არა საღ პოლიტიკოსთა აზრი, არამედ გენერალიტეტის აზრი, რაც მეტად უარყოფითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობზე.

?მართალია, - ამბობს იგი, - რუსეთის გენერალიტეტი ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ რუსეთმა ანგარიში უნდა გაუწიოს აგრეთვე დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, რომელიც დიდად განსხვავდება ადრინდელისგან?.

სოსო ცინცაძის თქმით, ?ამიტომ მთავარია დაზუსტდეს რუსეთის ეროვნული ინტერესები?,

[ცინცაძის ხმა] ?მთავარია, თვითონ კრემლმა განსაზღვროს ლოგიკურად და რეალისტურად, საღი აზრით, - რა სჭირდება მას ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში. კეთილმეზობლობა ერთი ცნებაა, ხოლო იმპერიული ამბიციები და იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილება სხვის ხარჯზე, ეს უკვე სულ სხვა ოპერიდან ნასესხები სიმღერაა, რომელსაც არავინ არ მოისმენს არც თბილისში, არც ბაქოში, არც ერევანში, არც ასტანაში, არც კიევში?.

სოსო ცინცაძე ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთბის გაუმჯობესების შესაძლებლობებს. ამასთან, როგორც იგი ამბობს, ?რასაკვირველია დღევანდელ ეტაპზე საქართველოს ემუქრება გარკვეული საფრთხეები რუსეთის მხრიდან, მაგრამ ეს საფრთხეები არეალურია თავისი პერსპექტივის თვალსაზრისით?.
[მუსიკა]

შესაძლოა თუ არა, ნაგვის პრობლემა მომგებიან ბიზნესად გადაიქცეს?

წამყვანი:
თუ ქართული ხალხური სიბრძნე, რომელიც ახალი ცოცხის განსაკუთრებულ ეფექტურობას აღიარებს, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ბევრი ახალი ცოცხი ძალიან სჭირდება. საყოველთაო აღიარებით, თბილისი ნაგავში იხრჩობა. ქალაქის დასუფთავების სამსახურის არაეფექტური მუშაობის გარდა, თბილისის დაბინძურებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ თბილისელებს, რომლებიც ნაგავს ყრიან ყველგან - სახლის წინ, ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. არადა, ნორმალურ ქვეყნებში ნაგვის პრობლემა კარგა ხნის წინ მომგებიან ბიზნესად აქციეს. თუ როგორ ? ამას თამარ ჩიქოვანისაგან შეიტყობთ.

თბილისში ქალაქის დასუფთვების სისტემის ნგრევა საქართველოში კომუნისტური ხანის დასრულებისთანავე დაიწყო. გაჭედილი ბუნკერები, ქუჩაში დაყრილი საკვების ნარჩენები, პირდაპირ ფანჯრებიდან გადმოყრილი ნაგავი - სამწუხაროდ, ასეთი სურათი პოსტსაბჭოთა თბილისის ჩვეულებრივ პეიზაჟად იქცა. თუმცა, თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ზაზა ბეგაშვილის განცხადებით, პოსტრევოლუციურ თბილისში ნაგავთან დამოკიდებულების თვალსაზრისით ახალი ცხოვრება იწყება:

[ ზაზა ბეგაშვილის ხმა] ?საქართველოს დედაქალაქში შემოსასვლელი, ბოდიში და, ჰგავს ნაგვის ბუდეებს. კატეგორიულად ვაფრთხილებ ყველა გამგებელს - დღესვე, დღის მეორე ნახევარში წაბრძანდნენ და ნახონ, სამგორის მხრიდან რომ არის შემოსასვლელი და ლილოს ბაზრობის გვერდზე ნაგვის გორები რომ არის - ადამიანი რომ შემოვა ჩვენს ქალაქში, რა განწყობა ექნება. რა რევოლუციაზეა ლაპარაკი, როცა ქალაქი ასეთ სიბინძურეში იხრჩობა-თურმე.?

სხვათაშორის, ნაგვის გორების დასათვალიერებლად სულ არ არის აუცილებელი ლილოს ბაზრობაზე ან სამგორში წასვლა - ნაგვრის გორებით ყველა რაიონი ?იწონებს? თავს. იეზიდი დეიდა თამარა, რომელიც 70 წლისაა და თითქმის 55 წელია, რუსთაველის პროსპექტს ალაგებს,მისივე თქმით, 7 თუმნად, ამბობს, რომ მასზე განპირობებულ მონაკვეთს დღეში ორჯერ ალაგებს, მაგრამ ნაგავს მაინც ვერ აუდის:
[ მეეზოვის ხმა] ? ადრე ეგრე არ იყო. ახლა სულ ყრიან, ყრიან...ღორებივით.?

ცნობისთვის - ოფიციალური ცნობით, წლის განმავლობაში თბილისში მილიონ 600 ათასი კუბური მეტრი ნაგავი გროვდება. ეს ნაგავი თბილისის მახლობლად მდებაზე 4 ნაგავსაყრელზე ნაწილდება. ამ ნაგავსაყრელებიდან ყველაზე ძველი გლდანი-1-ია - ის 1968 წლიდან ფუნქციონირებს და 10 ჰექტარი უჭირავს. ყველაზე ახალია იგივე ფართობის მქონე ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც 1989 წელს გაიხსნა. ანუ, 35 წლის განმავლობაში თბილისის ირგვლივ დაახლოებით 50 მილიონი კუბური მეტრი ნაგავი დაგროვდა.

მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის ცნობით, ნაგავთან დაკავშირებით თბილისში საკმაოდ საინტერესო სურათია შექმნილი:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ? ჩვენი მონაცემებით, მილიონ 600 ათასი კუბური მეტრი ნაგავი შედის ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად. ერთი კუბური მეტრის მომსახურეობა 10 ლარია ანუ 16 მილიონი ლარის ღირებულების ნაგავი შედის ნაგავსაყრელებზე. მილიონ 600 ათასი ლარის თანხას ითხოვენ ბიუჯეტიდან. ნაძალადევის რაიონში უნდა მუშობდეს 36 ნაგვის მანქანა, გლდანში - 17, ვაკეში - 63, საბურთალოზე - 45. და რეალურად დადის ორი თუ სამი მანქანა. ეს ყველაფერი არის ოფიციალურად გაფორმებული - მანქანები, რომლებიც ვითომ გადის რეისებზე. ეს ოფიციალური მონაცემებია.?

გიორგი გაჩეჩილაძის აზრით, კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად, ნაგვის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარების გზა დიდი ხნის წინ არის აღმოჩენილი - ესაა ნაგვის გადადამუშვებელი ქარხნის მშენებლობა.

თბილისში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის იდეა დიდი ხანია, არსებობს. 1999 წელს ერთერთმა გერმანულმა ფირმამ თბილისის მერიას 70 მილიონ დოლარად ღირებული ქარხნის მშენებლობის წინადადებით მიმართა. პროექტი მომხიბვლელად გამოიყურებოდა - გერმანული მხარე თავის თავზე იღებდა მშენებლობის ყველა ხარჯს 20 წლის ექსპლუატავიისა და ნაგვის გადამუშვების ექსკლუზივის პირობით. ნაგვის გადამუშავებით დაგეგმილი იყო სოფლის მეურნეობისთვის სასუქების გამომუშავება.დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტი ჩაიშალა. ბიზნესმენი შალვა ფოცხვერია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, არ გამორიცხავს, რომ პროექტი ?დაინტერესებული? პირების ჩარევით გაჩერდა:

[შალვა ფოცხვერიას ხმა] ? წარმოიდგინე - პროექტი, რომელსაც მთლიანად უცხოელები აფინანსებდნენ და ითხოვდნენ მხოლოდ გარანტიას ნაგვის მიწოდებაზე - აფქტიურად, ჩაიშლა. იმ პერიოდში ნაგვისგადამამუშავებელი ქარხნების ბუმივით წამოვიდა, რომ თბილისს სჭირდება ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, ვიწყებთ ამის კეთებას, ტელევიზიით იყო განცხადებები. ახლა, ეს ნაგავსაყრელებივ სერიოზულ შემოსავლიან ადგილად ითვლება. ვიღაც ღორებს უშვებს - როგორც ვიცი, ერთი ღორის შეშვება 3 ლარი ღირს...?

ასეთი გახლავთ თბილისში ნაგვის პრობლემის მოგვარების სამწუხარო გამოცდილება. მოაგვარებს თუ არა ამ პრობლემას რევოლუციურ ტალღზე მოსული ხელისუფლება - ჯერ გაირკვეველია. ჯერჯერობით თბილისში ვარდის ნაცვლად, ისევ ნაგვის სუნი ტრიალებს.

[მუსიკა]
კერი გრანტის ასი წლისთავი

წამყვანი:
სიტყვას ახლა პრაღაში ვიბრუნებ, სადაც ნაგვის სუნი ქუჩაში ნამდვილად არ გვაწუხებს, თუმცა ვერც იმას ვიტყვი ვარდის სურნელით ვტკბებოდეთ... და ახლა კინოზე ვისაუბრებთ ? კინოგამოსახულებები მაინც არის ერთნაირი პრაღაში, თბილისში, მთელს მსოფლიოში და მათ მსოფლიო პოპულარობა მოუტანა კერი გრანტს... თითქმის 40 წელი გავიდა მას მერე, რაც ეს გამოჩენილი კინომსახიობი უკანასკნელად იდგა კინოკამერის წინ და თავის ლეგენდად ქცეულ მომხიბვლელობას აფრქვევდა. 1966 წელს გადაღებული ეს კინოკომედია, "ნუ ჩქარობ, ჩემო კარგო" დიდი ხანია, დავიწყებას მიეცა. მაგრამ კერი გრანტს დღემდე არ დაუკარგავს ჰოლივუდის კერპის, "კინოეკრანის ჯენტლმენის" სტატუსი. "ოცნებათა ფაბრიკის" ბრწყინვალე პერიოდის ამ კინოვარსკვლავს ბიძინა რამიშვილი გაიხსენებს.

ბიძინა რამიშვილი:
კერი გრანტი 1904 წლის 18 იანვარს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. სანამ 62 წლის ასაკში კინოს თავს დაანებებდა, 72 ფილმში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ის, რაც კინოს ოქროს პერიოდს მოჰყვა, 40-50-იანი წლების შემდგომი კინო მისთვის უცხო იყო. "ძველი ელეგანტურობა გაქრა, დღეს მხოლოდ ნატურალიზმის მოთხოვნილებაღაა. კინოში თითქმის აღარ დავდივარო", უთქვამს ერთხელ.
სიკვდილიდან 17 წლის შემდეგაც (კერი გრანტი 1986 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში) მისი ფილმები კვლავაც დაუვიწყარ კლასიკად ითვლება. კინოეკრანზე გათამაშებული მისი სასიყვარულო რომანები კი სასიყვარულო სცენების საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება ჰოლივუდის ისტორიაში. მისი პარტნიორები იყვნენ მარლენე დიტრიხი, ინგრიდ ბერგმანი, გრეის კელი, სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი.

[ხმა კინოფილმიდან]

კერი გრანტი უმაღლესი რანგის კინორეჟისორებთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყვნენ ალფრედ ჰიჩკოკი, ფრანკ კაპრა და ჰავარდ ჰოკსი. მას შეეძლო ყოფილიყო მოხდენილი, გონებამახვილი და თავზე ხელაღებული. ერთნაირი წარმატებით თამაშობდა სასიყვარულო ფილმებში, კომედიებში, თრილერებსა თუ სათავგადასავლო სურათებში.
გარდასახვის უნარი ჯერ კიდევ სიყმაწვილეში შეიძინა ინგლისში. ალექსანდერ არჩიბალდ ლიჩმა ? ასეთია მისი ნამდვილი სახელი და გვარი ? 13 წლის ასაკში მიატოვა მშობლიური ოჯახი და მოხეტიალე ვარიეტეში გამოდიოდა მომღერლად, მოცეკვავედ და ჟონგლიორად. 1921 წელს პირველად იმოგზაურა შეერთებულ შტატებში, სადაც მცირე წარმოდგენებში მონაწილეობდა. ექვსი წლის შემდეგ მას ბროდვეიზე მიუზიკლებსა და კომედიებში ვხედავთ. კინოსტუდია "პარამაუნტში" კინოგასინჯვის შემდეგ ჰოლივუდში გადავიდა და შემოქმედებით ფსევდონიმამდ კერი გრანტი აიღო.
წარმოსადეგ ინგლისელს მთავარი როლი ძალიან ადრე, უკვე თავის მეოთხე კინოფილმში, "ქერა ანგელოზი," ერგო მარლენე დიტრიხის გვერდით. ჰოლივუდის "მოწინავე მსახიობის" სტატუსი მას ერთი წლის შემდეგ მოუპოვა მეი უესტის გვერდით შესრულებულმა როლებმა კინოფილმებში "იგი მას უსამართლოდ მოექცა" და "ანგელოზი არა ვარ".

[ხმა კინოფილმიდან]

კერი გრანტი პირად ცხოვრებაშიც ქალების გულთამყრობელი გახლდათ. იგი ხუთჯერ დაქორწინდა. მისი უკანასკნელი მეუღლე ბარბარა ჰარისი მასზე 40 წლით უმცროსი იყო. ერთადერთი შვილი მეოთხე მეუღლესთან შეეძინა 62 წლის ასაკში. ცოტა ხნის შემდეგ კი კინოს თავი დაანება რათა, მისი თქმით, მთლიანად თავისი "უკანასკნელი პროდუქციისთვის" მიეძღვნა თავი.

1970 წელს კერი გრანტი კიდევ ერთხელ მოექცა კინოსამყაროს ყურადღების ცენტრში, როცა მას ოსკარი მიანიჭეს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

[მუსიკა]
წამყვანი:
ჰოლივუდის ვარსკვლავი, კერი გრანტი ბიძინა რამიშვილმა გაიხსენა და შეარჩია მუსიკა ფილმიდან კერი გრანტის მონაწილეობით.

[მუსიკა]
წამყვანი:
უჩვეულო კონცერტი, რომელზეც ახლა გვინდა გიამბოთ, პრაღის უძველეს ჯაზ-კლუბში, ?რედუტაში? გაიმართა. ჯაზმუსიკოსებმა ის დაიწყეთ ნაწყვეტით კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებიდან ? ბედჟიხ სმეტანას ოპერიდან ?ლიბუშე?, რის შემდეგაც სცენაზე ავიდა მაშინდელი პრეზიდენტი (ვაცლავ ჰაველი), მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და საჩუქარი გადასცა კიდევ ერთ პრეზიდენტს, რომელიც იმავე დარბაზში იმყოფებოდა. შემდეგ კონცერტი ისევე უჩვეულოდ გაგრძელად, როგორც დაიწყო. თუ როგორ, ახლა შეიტყობთ: ?რედუტაში? ორი დღის წინ შევიარე...

[ჯაზ-კლუბში ჩაწერილი ხმაური]
ჯაზ-კლუბში საღამოს 9 საათზე მივედი. ჯერ არავინ ჩანდა მუსიკოსების გარდა. ისინი კონცერტისთვის ემზადებოდნენ:? საუბრობდნენ, ინსტრუმენტებს აწყობდნენ... კონცერტი ?რედუტაში? ათის ნახევარზე იწყება ხოლმე. ასე, რომ დრო საკმარისი იყო ბარში ჩასასვლელად.

როგორც ბარმენმა ქალმა მითხრა, კლუბი ყოველ დღე ღიაა. ჩემს შეკითხვაზე კი ? ?რედუტაში? უფრო ვინ დადის, ტურისტები, თუ პრაღელები-მეთქი, მაშინვე მიპასუხა ? უცხოელები მეტი არიანო.

პრაღაში ამბობენ, რომ ?რედუტა? ათწლეულების მანძილზე არ შეცვლილა. ეს არის მომცრო დარბაზი 100-მდე კაცისთვის. კედლებზე ცნობილი ჯაზმუსიკოსების შავ-თეთრი ფოტოსურათები გაუკრავთ, ყველა სავარძელსა აქვს მაგიდა ? კონცერტის დროს მოწევაც შეიძლება. ?რედუტას თავისი განუმეორებელი სული აქვსო?, მეუბნება პროდუსერი მიროსლავ მატოლა: [მიროსლავ მატოლას ხმა] ?ხალხი აქ კომუნისტური რეჟიმის დროსაც დადიოდა, კლუბს ეხმარებოდა, რომ არ დაეხურათ. ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კლუბია ? 1958 წელს გაიხსნა. ?რედუტაში? ბევრ ვარსკვლავს დაუკრავს ? აი, მაგიდაზე დევს ქრონიკა, გინდათ ერთად დავათვალიეროთ? ... ტონი სკოტი 1976 წელს... ბილ კლინტონი 1994-ში იყო. ვაცლავ ჰაველი კი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის წლებში მოდიოდა ? აქ მეგობრებს ხვდებოდა და, საერთოდ, ჯაზი უყვარს. ამიტომაც მოიყვანა კლინტონი რედუტაში?.

სხვათა შორის, ჯაზის მოყვარულია ჩეხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტიც ვაცლავ კლაუსი, რომელიც, ჰაველისა არ იყოს, კომუნისტური რეჟიმის წლებში ხშირად უსმენდა ჯაზს ?რედუტაში?. ეს კი, თუ გმირობას არა, გამბედაობას მაინც მოითხოვდა. კომუნისტი ლიდერები, მოგეხსენებათ, ალმაცერად უყურებდნენ ჯაზს, ისევე როგორც თავისუფალი აზრისა, თუ შთაგონების გამოხატვის ნებისმიერ ფორმას, თუ ის კლასიკად აღიარებული მიმდინარეობისაგან განსხვავდებოდა.

მაგრამ ?რედუტა? გადარჩა და კომუნისტური რეჟიმის დამხობიდან სულ რამოდენიმე წელიწადში, 1994 წლის 11 იანვარს მას ვაცლავ ჰაველი უკვე პრეზიდენტის რანგში ეწვია... ჰაველმა სტუმრად ამერიკელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სახელმწიფო მდივანი, მედლინ ოლბრაიტი მიიყვანა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ?ბატონო პრეზიდენტო, თქვენთვის საჩუქარი მაქვს - სიახლე თქვენს კოლქციაში: ჩეხური ნაწარმი?...

როგორც ძალიან მალე გაირკვა, ბილ კლინტონმა ადვილად აუღო ალღო ?ჩეხურ ნაწარმს?: მან ვაცლავ ჰაველის საჩუქარზე (ეს კი ტენორი საქსოფონი გახლდათ) იმავე საღამოს დაუკრა. მაგრამ მაინც როგორ დაუკრა?

ამის გარკვევაში, ვიფიქრე, საქსოფონისტზე უკეთ ვერავინ დამეხმარებოდა და ამიტომ მივმართე საქსოფონისტს, რომელიც იმ საღამოს, თავის 5-კაციან ბენდთან ერთად ?რედუტაში? უკრავდა. მაშ ასე, როგორ უკრავს ბილ კლინტონი საქსოფონზე? ვეკითხები ვაცლავ კოზელს: [ვაცლავ კოზელის ხმა] ?კლინტონისთვის არ მომისმენია, მაგრამ მე არა ვარ მხოლოდ საქსოფონისტი. პირველ რიგში ვარ ბენდ-ლიდერი და ჩეხეთის რადიოს ჯაზ-ორკესტრის მთავარი დირიჟორი. აქ დაკვრა უფრო ჰობია. მაგრამ ჯაზმენობა, ცხადია საქსოფონით დავიწყე. ?რედუტაში? ჯერ კიდევ 1959-ში მაქვს დაკრული. ეს იყო ჯერ კაფე პატარა საცეკვაო მოედნით, მერე თეატრად გადაკეთდა, 60-ანი წლებიდან კი უკვე ჯაზ-კლუბია?.

ჩვენ ვსაუბრობდით, კლუბში კი სულ უფრო მეტი მსმენელი შემოდიოდა ? ბარმენი ქალი თქმის არ იყოს, უმეტესწილად უცხოელები. ყურს მოჰკრავდით გერმანულს, იტალიურს, ინგლისურს... მე გამოველაპარაკე ერთ ინგლისურენოვან მსმენელს ? ტურისტად ჩავთვალე, რედუტაში პირველად იქნება- მეთქი... [ინგლისურენოვანი თანამოსაუბრის ხმა] ?არა, არა! უკვე 11 წელია აქა ვარ, პრაღაში ვცხოვრობ. ამერიკელი ვარ, სიეტლიდან და მუსიკოსი გახლავართ. ვუკრავ დასარტყამ ინსტრუმენტებზე და ვმღერი. აქ, ?რედუტაშიც? გამოვდივარ ხოლმე- ყველა ამ მუსიკოსს ვიცნობ. ?რედუტა? ამ ქალაქში უძველესი ჯაზ-კლუბია, აქ საუკეთესო ჯაზ-მუსიკოსები უკრავენ. ?

მაგრამ პრეზიდენტ და საქსოფონისტ ბილ კლინტონისათვის, სამწუხაროდ, არც ჩემს ამერიკელ თანამოსაუბრეს მოუსმენია [ინგლისურენოვანი თანამოსაუბრის ხმა] ?იმ საღამოს აქ არ ვიყავი და არც ის ვიცი, საერთოდ როგორ უკრავს. მაგრამ არსებობს ჩანაწერი ? კომპაქტ დისკი. ისე, აუცილებლად უნდა ვიშოვო და მოვუსმინო?.

ეს კომპაქტ-დისკი ჩვენ უკვე გვაქვს... და რახან ვერავისაგან შევიტყეთ, როგორ უკრავს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ისღა დაგვრჩენია, ჩვენთვითონ გავერკვეთ, როგორ უკრავს ? გთავაზობთ კომპოზიციას ?Summertime? ჯაზ-კლუბ ?რედუტაში? ბილ კლინტონისა და რამდენიმე ჩეხი ჯაზმენის შესრულებით.

[მუსიკა: ბილ კლინტონი თავის ახალ საქსოფონზე უკრავს]

დასასრულს შეგახსენებთ, რომ ეს ჩანაწერი 10 წლის წინ, 1994 წლის 11 იანვარს არის გაკეთებული. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ ეთერში იყო ყოველკვირეული რადიოჟურნალი ?მაეთე სტუდია?, რომელიც პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით ლაპარაკობს რადიო თავისუფლება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG