Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ნაწილი მედიის საბჭოს შექმნას დაუპირისპირდა


"მთავრობა ცენზურის ინსტიტუტს აფუძნებს - სიტყვის თავისუფლება რამდენიმე ათას დოლარად იყიდება" - ასეა დასათაურებული 4 თებერვლის გაზეთ "ტრიბუნის" მთავარი რედაქტორის ზვიად ფოჩხუას სტატია.

ფოჩხუა პრესაზე ხელისუფლების ზეწოლის საფრთხეს მედიის საბჭოს შექმნაში ხედავს და ამ მზაკვრული გეგმის განხორციელების მცდელობაში თავისუფლების ინსტიტუტს ადანაშაულებს. თავისუფლების ინსტიტუტი კი გაზეთ "ტრიბუნის" რედაქტორის ბრალდებებს უარყოფს და მედიის საბჭოს შექმნის აუცილებლობას პრესის ხელისუფლებისგან დაცვის მიზნით ხსნის.

ცივილიზებული ქვეყნების მედიის მსგავსად, რამდენიმე წლის წინ ქართულ პრესაშიც გაჩნდა თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის მოთხოვნილება. მედიაორგანიზაციების თვითრეგულირების ინსტიტუტები სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პრესის საჩივრების კომისია მოქმედებს, რომელიც პრესის საშუალების მიმართ შესულ საჩივრებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს ეთიკური კოდექსის საფუძველზე იღებს. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ეს შეესაბამება როგორც საზოგადოების, ასევე მედიის ინტერესებს:
[თამარ კინწურაშვილის ხმა] "თვითრეგულირების არსი არის ის, რომ დაიცვას მედია ხელისუფლების ჩარევისგან. ანუ მედია აკეთებს დეკლარირებას: ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენს საქმიანობას იმისათვის, რომ ვიყოთ დაცული ხელისუფლების ჩარევისგანო. ეს, პირიქით, იმისთვისაა გაკეთებული, რომ მედიამ დაარეგულიროს, აღმოფხვრას ის შეცდომები, რაც მედიაში არსებობს, ის, რაც დეკლარირებულია თვითონ მედიის მიერ."

პროფესიული სტანდარტების დეკლარირება ქართულმა პრესამ, წლების მანძილზე მიმდინარე დიალოგისა და მოლაპარაკებების წყალობით, გასულ წელს მედიის "პროფესიული სტანდარტების" მიღებით მოახერხა. მას მეოთხე ხელისუფლების 150-მდე წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. ამის შემდეგ მედიაში პროფესიული სტანდარტების დამცველი ორგანოს შექმნის მოთხოვნილებაც გაჩნდა. ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ქართული მედიასაბჭოს პროექტიც მომზადდა, რომლის მიღება პრესის წარმომადგენელთა მხრიდან უახლოესი მომავლისთვის იგეგმება.

მედიის საბჭო სასამართლოს ერთგვარი ალტერნატივა იქნება და როგორც საზოგადოებას, ასევე პრესას ხანგრძლივ და რთულ განხილვებს აარიდებს მხარეთა შორის წარმოქმნილი დავების გადაწყვეტისას.
საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებებს გამოიტანს პრესის ყველა საშუალების მიმართ, იმისდა მიუხედავად, იქნება თუ არა ესა თუ ის საშუალება მედიასაბჭოს წევრი.

ამ და სხვა პრინციპებმა ქართული პრესის ნაწილის, კერძოდ კი, გაზეთების: "ალიას", "ჯორჯიან ტაიმსის", "ახალი თაობის", "კვირის პალიტრის", "ექოსა" და "ტრიბუნის" უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთ "ტრიბუნის" მთავარი რედაქტორის ზვიად ფოჩხუას განცხადებით, თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით შექმნილ მედიასაბჭოს ხელისუფლება პრესაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს:

[ზვიად ფოჩხუას ხმა] "თავში მოქცეულია პრეზიდენტი. პრეზიდენტის ქვედა რგოლს წარმოადგენს მისი მუდმივი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და "თავისუფლების" ქუდქვეშ, წარმოიდგინეთ, ახალი რგოლი ჩნდება, მედია ომბუდსმენის, ვითომ ინსტიტუტის, სახელით."

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის თამარ კინწურაშვილის განცხადებით კი, მედიასაბჭო დამოუკიებელი ორგანიზაცია იქნება და მის 11 წევრს თავად მედიის წარმომადგენლები აირჩევენ.
XS
SM
MD
LG